უოლტერ სკოტი - “საკრავო დონუელისა”
13:32:56     14-08-2012
1771 წლის 15 აგვისტოს დაიბადა დიდი შოტლანდიელი მწერალი, პოეტი და ისტორიკოსი უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott).
შოტლანდიური ლიტერატურა XIX საუკუნეში უოლტერ სკოტით იწყება. მან მსოფლიოს შოტლანდია და თავისი თავი ერთად გააცნო.
უოლტერ სკოტი ითვლება ისტორიული რომანის ფუძემდებლად. ალბათ, ყველას გვახსოვს მისი შესანიშნავი რომანი „აივენჰო“, ჩვენი ბავშვობის საყვარელი წიგნი და განცდები...
შოტლანდიურ თემაზე დაწერილი მისი რომანები ბრიტანული ლიტერატურის ნაწილად ითვლება, ინგლისურად წერდა (ზოგიერთი დიალოგისა და ადგილობრივი კოლორიტის აღმწერი სცენების გარდა). სამწუხაროდ ამ უდიდეს მწერალს არ ჰქონდა დასაყდრენი, მისი ხალხის დიდი ნაწილისათვის ინგლისური ენა სალიტერატურო ენად ქცეულიყო... სამაგიეროდ უოლტერ სკოტი პოეზიაში მთლიანად შოტლანდიური ფესვებით საზრდოობდა და შოტლანდიურად წერდა.
მან გამოსცა 1802 წელს „შოტლანდიის საზღვრების ბალადები“ - მის მიერ შეგროვებული და რედაქტირებული ხალხური პოეზიის ნიმუშები. უოლტერ სკოტმა შოტლანდიას და მთელს მსოფლოს შემოუნახა შოტლანდიური ზეპირსიტყვიერების შესანიშნავი ნიმუშები. ის აჯერებდა ვარიანტებს, გადაამუშავებდა. ხალხურმა სიტყვიერებამ დიდი გავლენა იქონია მის პოეზიაზე. ის უდიდესი ოსტატია, პოემებშიც, ისტორიული სინამდვილის აღწერისას. არის მშვენიერი ბალადებისა და პოემების ავტორი. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პოეზიამ, როგორც მკვლევარები თვლიან, დიდი გავლენა ვერ იქონია მომავალი შოტლანდიური პოეზიის განვითარებაზე, ის მაინც შესანიშნავი პოეტია, ისევე, როგორც დიდი რომანისტი. რომ არა თავისი ხალხის საუკუნოვანი ტრაგედია, მუდმივი დაპყრობები და შესაბამისი შედეგები, ის მეტს შეძლებდა... თუმცა, უოლტერ სკოტი ბუმბერაზია მსოფლიო ლიტერატურაში.
როგორც ვთქვით, სერ უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott) დაიბადა 1771 წლის 15 აგვისტოს ედინბურგში შეძლებული იურისტის ოჯახში. მამას ჯონი ერქვა, დედას ანა. ოჯახში მეცხრე შვილი იყო. სულ 12 ბავშვი შეძინათ, მაგრამ მხოლოდ ექვსი გადაურჩა სიკვდილს ადრეულ ასაკშივე. თვითონაც ბავშვობაში პარალიჩი გადაიტანა, კუნთების ატროფია დაემართა და მარჯვენა ფეხით დაკოჭლდა. ბავშვობიდან აოცებდა ყველას განსაკუთრებული გონიერებით და ბრწყინვალე მახსოვრობით.
ჯანმრთელობის გასაკაჟებლად პაპასთან, გაღარიბებულ აზნაურთან გაგზავნეს მთებში, სადაც გაეცნო თავისი ხალხის ლეგენდებს, გადმოცემებს, ტრადიციებს, ხალხურ პოეზიას. პატარა უოლტერის მსოფმიმართების ჩამოყალიბებაში ამან დიდი როლი ითამაშა. წერა-კითხვა შინაბერა მამიდამ ასწავლა. გარშემო იყო რომანტიკული გარემო, ცეხე-კოშკების ნანგრევები, დიდებული სასახლეები...
სწავლობდა ედინბურგის სკოლაში, უყურადღებო და დაუდევარი მოწაფის სახელი ჰქონდა, თუმცა მისი ნიჭით აღფრთოვანებულნი იყვნენ. მერე ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. არ უყვარდა ძველი ბერძნული, ლათინური და მათემატიკა... მერე ნანობდა, რომ არ შეისწავლა.
უნივერსიტეტის დამთავრების მერე მამას ეხმარებოდა, თუმცა, მამასავით იურისტობა არ უნდოდა. ძალიან უყვარდა კითხვა. ხშირად უწევდა კანტორის საქმეების გამო შოტლანდიის სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა, ცხენით თუ ფეხით. მოიარა ბევრი ისტორიული ადგილი, მივიწყებული სოფლები, შეაგროვა უმდიდრესი ფოლკლორული მასალა, რომელიც მერე გამოიყენა თავის ნაწარმოებებში და როგორც ვთქვით, ცალკე გამოსცა კიდეც.
1792 წლიდან დამოუკიდებლად მიჰყო ხელი ვექილობას, მერე შერიფადაც მუშაობდა. შეისწავლიდა წარსულს. ისტორიის უკეთ შესწავლისთვის დასჭირდა და ისწავლა ფრანგული, იტალიური გერმანული. პარალელურად წერდა და თარგმნიდა. როგორც ამბობენ, მისმა ზოგიერთმა მხატვრული მეთოდმა ბაირონის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა...
როცა შეძლება გაუჩნდა, თავისი მამული აბოტსფორდში, ერთგვარ მუზეუმად აქცია, ძველებური ნივთები, იარაღი და ბიბლიოთეკა... თუმცა 1825 წელს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. არა ერთ ადამიანს უნდოდა დახმარებოდა მას, მაგრამ უოლტერ სკოტმა უარი თქვა დახმარების მიღებაზე და ლიტერატურული შრომა განაგრძო ვალების გასასტუმრებლად.
თავიდან თავის რომანებს ანონიმურად აქვეყნებდა. როგორც ამბობენ, ეშინოდა თურმე, მის პროზაულ თხზულებებს ჩრდილი არ მიეყენებინა მისი პოეტური რეპუტაციისათვის. თუმცა მერე საზოგადოებამ შეიტყო ავტორის ვინაობა. წერდა კრიტიკულ და ისტორიოგრაფიულ ნაშრომებსაც.
მისი ისტორიული რომანები, და მე ვიტყოდი, პოეზიაც, განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ლიტერატურაში.
დიდი შოტლანდიელი მწერალი გარდაიცვალა 1832 წლის 21 სექტემბერს.
პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ უოლტერ სკოტის შესანიშნავ ლექსს „საკრავო დონუელისა“, რომელიც შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ. აქ ლაპარაკი არის შოტლანდიურ გუდასტვირზე, რომელიც ეკუთვნოდა მაკდონალდების (დონალდის ძეთა) უძლიერეს კლანს. ლექსში ნახსენებია უძველესი ციხე-სიმაგრე ინვერლოკი, სადაც არა ერთი ბრძოლა მომხდარა.
საკრავო დონუელისა
(შოტლანდიური დიალექტიდან თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)
საკრავო დონუელისა
შენ, სალამურო ხმიანო,
კვლავ გააღვიძე შენი ხმა,
არავინ დააგვიანო.
შეჰყარე აზნაურები
და თემის ხალხი ულევი,
გამოდით, ყველა გამოდით
საომრად მოკაზმულები!
გამოდით ღრმა ხევებიდან
და მაღალი მთის კლდიდანა,
ინვერლოკიში მოასწრეს
დროშა-საყვირის მიტანა,
გამოდი წამოსასხამო,
მკერდო, ჩამცმელი იმისა,
მკლავო მაგარო, ხმლის პირით
გამომცემელო სხივისა.
დასტოვეთ ფარა უმწყემსოდ,
დასტოვეთ მთების საწოლი,
ცხედარი - დაუმარხავი,
საკურთხევლის წინ საცოლე,
დასტოვეთ ხარიც, ირემიც
დასტოვეთ ბადეც, ნავებიც!
თან წამოიღეთ ფარხმალიც,
საბრძოლო მოსართავებიც!
გამოდით, როგორც ქარები,
როდესაც ტევრი გრიალებს,
გამოდით, როგორც ღელვის დროს
ზვირთი ზღვის პირად ღრიალებს,
ჩქარა და ჩქარა გამოდით,
სულ უფრო ჩქარი და ჩქარი,
თავადმა ყმამ და ოსტატმა
ერთად შეჰკარით ლაშქარი.
ხედავ, რა მალე მოვიდნენ,
ხედავ, რამდენი იყრება!
არწივის ფრთები ღელავენ -
სასტიკი ომი იქნება!
ხმალი იშიშვლე, წინ გასწი,
გმირო არ მცოდნევ შიშისა!
დონუილ დიუს საკრავო,
დარეკე იერიშისა!