ივანიშვილი პროვოკაციაზე მიდის

  12:49:58     14-08-2012

ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი  ახირებას, რომ მორიგი აქცია რუსთავში, ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე ჩაატარონ არ ცვლიან.  19 აგვისტოს დაანონსებული აქციის გასამართად   მერიის წარმომადგენლებმა „მეოცნებეებს“ ქალაქში საკმაოდ ტევადი და დიდი ფართი შესთავაზეს. თუმცა,  ზვიად ძიძიგური მიზნის მისაღწევად, კანონის შეგნებულ დარღვევაზე თამამად მიდის. მან „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსთავის მერიას სანქციის დაწესების უფლება არ აქვს.

- „პრესა.ჯი“: სულ ახლახან,  რუსთავის მერიამ  ორი ადგილი შემოგთავაზათ აქციის გასამართად, რატომ არ თანხმდებით შემოთავაზებას?

- უარის მიუხედავად,  დაანონსებული აქცია შარტავას მოედანზე, მაინც გაიმართება.

მერიიდან მოვიდა დაუსაბუთებელი უარი. მერიის წინ მდებარე მოედანზე გვითხრეს, რომ თავად აქვთ ღონისძიება და მეგობრობის გამზირზე ამბობენ, რომ იქ მიმდინარეობს მემორიალის მშენებლობა. ამის შემდეგ,  ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აქციას ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე გავმართავთ, თუმცა ამ შეთავაზებაზეც უარი გვითხრეს. ყველაფერს გადავიღებთ, გვაინტერესებს ერთი რა ღონისძიებებია დაგეგმილი  ჩამოთვლილ მოედნებზე.

- გამოდის რომ,  კანონს შეგნებულად არღვევთ,  ჩნდება ლოგიკური კითხვა,  ხომ არ შედის თქვენს ინტერესებში სამართალდამცავებთან პრობლემა?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ კონსტიტუციით მონიჭებული უფლება გვაქვს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას გულისხმობს. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას,  სხვადასხვა ადგილებზე ნებართვა გაეცა. ყველა შემთხვევაში უარი მივიღეთ. ახლა,  ამდენი დრო არ გვაქვს, ხალხი გაფრთხილებული გვყავს, დრო და ადგილი კი დათქმული.  ვთხოვ მერიას,  დაგვეხმაროს აქციის ორგანიზებაში. მათი ფუნქცია,  სწორედ ეს არის.

- მათ საპასუხო განცხადება გაავრცელეს და სადაც აღნიშნულია, რომ თუ თქვენ შარტავას მოედანზე მაინც გამართავთ აქციას,   ნებისმიერ  შედეგზე,  პასუხისმგებლობა კოალიციას დაეკისრება...

- გიმეორებთ, რომ მერიას პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ აქვს.

- ხომ არ არის თქვენი მხრიდან ეს ახირება?

–   არანაირი ახირება, ძალიან გთხოვთ, არ გინდათ მსგავსი პროვოკაციული კითხვები,  ეს უსაფუძვლო ბრალდებაა... ახირებულის პოზიცია, მერიას უჭირავს. ძალიან გვაინტერესებს,  რატომ იმართება ამ რაოდენობის კონცერტი სწორედ 19 –ში? მაშინ როცა,  ბატონმა ბიძინამ რუსთაველ ამომრჩეველს სიტყვით უნდა მიმართოს.

„პრესა.ჯი“  რუსთავის მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. მერიიდან, კიდევ ერთხელ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ რომ შეთავაზებული  ტერირიტორიებიდან არჩევანი გააკეთონ.

„იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ აქციას,  მერიის უარის მიუხედავად,   ჟიული შარტავას მოედანზე მაინც გამართავს, იქ განვითარებულ ნებისმიერ მოვლენასა და შედეგზე პასუხისმგებლობა,  აქციის ორგანიზატორებმა უნდა აიღონ.

„შარტავას მოედანზე დაგეგმილია სხვა სახის აქცია, ამიტომ კოალიციის თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, რუსთავის მერია მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, „ქართულ ოცნებას“ მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ მოედანი შეუძლია გამოიყენოს“- აცხადებენ  მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები.

რაც შეეხება სამართლებრივ სანქციებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ,  რუსთავში დაგეგმილი აქცია კანონის ფარგლებს გასცდება, სამართალდამცავები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ  პოლიცია აქციის განმავლობაში,  რუსთავის ქუჩებზე წესრიგს უზრუნველყოფს.

„თუ „ქართული ოცნების“ აქცია ჩაჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიცია მათ ხელს არ შეუშლის“- აცხადებს შსს–ს პრესსამსახურის წარმომადგენელი.