
გამოძიების ვერსიით, შალიკიანი ნავთობ-ბიზნესის სფეროს გადანაწილებას შეეწირა
07:57:49     14-08-2012
მინსკში მოკლული ბონდო შალიკიანი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში, ნავთობის სფეროში საკუთრების გადანაწილების პროცესში მონაწილეობდა და შესაძლოა, მისი მკვლელობის მიზეზიც სწორედ ეს იყოს. ამის შესახებ ბელორუსულ გაზეთ „ბელაპანს“ ბელორუსის სამართალდამცავი ორგანოებიდან აცნობეს.
გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, შალიკიანს კავშირი ჰქონდა ნავთობის წარმოების ერთ-ერთი რუსული საწარმოს მიტაცებასთან. ამ „საკითხის ფასი“ კი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა.
როგორც ცნობილია, ქართველი, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბონდო შალიკიანი მინსკში 7 აგვისტოს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. რამდენიმე ვერსიას შორის, ერთ-ერთი საკვანძო ვერსია შეკვეთილი მკვლელობაა, რომელიც კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
ტელეკომპანია „ბელორუს1“-მა პროგრამა „პანირამაში“ გამოაცხადა, რომ აღნიშნული მკვლელობა საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფების გარჩევების შედეგია.
საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ვალერი ვაკულჩიკი ამბობს, რომ მოკლულს დოკუმენტები ბონდო ზურაბის ძე პავლოვზე ჰქონდა გაფორმებული. მისივე თქმით, ბონდო შალიკიანი საქართველოს შსს-ს მიერ საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული, რადგან ბრალდებული იყო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და გამოძალვაში:
„ეს მოქალაქე დაკავშირებული იყო კრიმინალურ სამყაროსთან და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, კრიმინალური გარჩევაც მოხდა“ - განაცხადა ვაკულჩიკმა.
შალიკიანის მკვლელობა ბელორუსის მედიაში ყურადღების საგნად იქცა. შესაბამისად, დაიწერა სხვადასხვა ვერსიების შესახებაც. მაგალითად გაზეთი „ბელორუსსკი პარტიზანი“ წერს, რომ შალიკიანის თანამშრომელმა, სახელად იულიანამ „ონტ“-ს ეთერში განაცხადა, რომ კრიმინალები მასთან ერთად არასოდეს უნახავს და რომ მკვლელობას პოლიტიკური მოტივები აქვს.
იულიანამ დაადასტურა, რომ შალიკიანი მინსკში დაახლოებით 3-წელიწადნახევარი, ბონდო პავლოვის გვარით ცხოვრობდა.