დაუბრუნებს თუ არა მოსკოვი მოლდოვას დნესტრისპირეთს
07:48:56     14-08-2012
საკმაოდ უცნაური კი არის მოსკოვის მხრიდან კონფლიქტის დადებითად მოგვარებაზე საუბარი. თუმცა, ფაქტია, კრემლმა კიშინიოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგორი კარასინით პირით შეუთვალა, დნესტრისპირეთი მოლდოვას შემადგენლობაში უნდა იქნეს, განსაკუთრებული რეგიონის სტატუსითო. ამ განსაკუთრებულ სტატუსში კი, მოსკოვი შემდეგს გულისხმობს: ტირასპოლს, ნეიტრალური მოლდოვას შემადგენლობაში, უნდა ექნეს ყველა საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიები.
უკვე 20 წელია, რაც თვითაღიარებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარები, მაგრამ მოსკოვი რეგულარულად ხაზს უსვამს, რომ იგი მოლდოვას ნაწილს შეადგენს. თანაც, რაც მთავარია, რუსეთი ამის პარალელურად უარს არასოდეს ამბობს დნესტრის მარცხენა სანაპიროზე საკუთარი კონტროლი გააძლიეროს და მოლდოვაშიც პოზიციები განიმტკიცოს. ანუ, ამ შემთხვევაშიც, კრემლი ტრადიციულად მოქმედებს.
თან, რაც მთავარია დნესტრისპირეთის მისაერთებლად, უპირველესი პირობა, რასაც კრემლი კიშინიოვს უყენებს ისაა, რომ იგი ნატოში არ უნდა შევიდეს. საკითხის ასეთნაირად დასმა იმას გულისხმობს, რომ მოლდოვამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც პროგრესთან და მის შემდგომ აყვავებასთან იქნება გაიგივებული. როგორც ცნობილია, მოლდოველთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც „უნიონისტებად“ მოიხსენიებენ, ქვეყნის აყვავება მხოლოდ რუმინეთთან გაერთიანებაში წარმოუდგენიათ. რაც შეეხებათ მოლდოველ არაუნიონისტ ექსპერტებს, როგორც „პრესა.ჯი–ს“ ვიქტორ გურეუმ განუცხადა, მისი მოსაზრებით, „ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტებია: 1. მოსახლეობის კეთილდღეობა, 2.ქვეყნის რეინტეგრაცია (დნესტრისპირეთის რეგიონთან ერთად ერთობლივი სახელმწიფო) და 3. მთლიანობაში ქვეყნის მოდერნიზაცია“.
„პრესა.ჯი–ს“ კითხვაზე, რუსეთს ნამდვილად სურს თუ არა დნესტრისპირეთის საკითხის ჭეშმარიტად სამართლიანად გადაწყვეტა, ამაზე გურეუ ტუტჩევის ცნობილი ფრაზით პასუხობს: „გონებით ძნელია რუსეთს გაუგო“ და იქვე აგრძელებს, რომ, „რუსეთს აქვს საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტერესები.
გამომდინარე აქედან, მისივე მოსაზრებით, „მოცემულ ეტაპზე მოლდოვას რესპუბლიკის ბედის წინასწარგანჭვრეტა, შეუძლებელია“. გურეუს აზრით, რაც შეეხება რუმინეთს, რომლის შემადგენლობაშიც მოლდოვას ყოფილი სამთავროს ტერიტორიის დიდი ნაწილია, მასაც შესწევს უნარი კიშინიოვს ბევრი რამ შესთავაზოს. მეორეს მხრივ კი თავად მოლდოვას შეგნით არსებული მდგომარეობა ფეთქებადსაშიშია. „ვფიქრობ, რომ მოსკოვში ჭეშმარიტად სურთ დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოხდება ისე, როგორც მოლდოვას სურს“, – ასკვნის იგი.
რაც შეეხება მოლდოვას სახალხო სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის, ქვენის პარლამენტის წევრის, ვიქტორ სტეპანიუკის მოსაზრებას, მან presa.ge-ს შემდეგი განუცხადა:
„გრიგორი კარსინის განცხადება დნესტრისპირეთისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზე, საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც პირველად ბოლო წლების მანძილზე, რუსეთმა მკვეთრად გამოკვეთა დნესტრისპირეთის ადგილი ტერიტორიულად მთლიანი მოლდოვას რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს შეესაბამება რუსეთსა და მოლდოვას შორის დადებულ საბაზისო ხელშეკრულებას, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს იქნა მოლდოვას პარლამენტის მიერ რატიფიცირებული. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის, მოლდოვას სახალხო სოციალისტური პარტია ქვეყნის ფედერალურ მოწყობას ემხრობა“.
რაც შეხება გრიგორი კარასინის განცხდებასთან დაკავშირებით დნესტრისპირეთელი პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის, რომან კონოპლიოვის მოსაზრებას, მან „პრესა.ჯი–ს“ საუბარში აღნიშნა: „კონფლიქტის დაწყების პერიოდიდან რუსი ჩინოვნიკების მხრიდან მრავალი განცხადება მომისმენია. ზოგიერთი ურთიერთგამომრიცხავიც კი. კარასინის განცხადებასაც პუტინის განცხადება მოჰყვა, რაც ბევრმა მის საწინააღმდეგოდ განიხილა. ნებისმიერ შემთხვევაში, დნესტრისპირეთის საკითხი მოლდოვასათვის, რუსი ჩინოვნიკების გაგებით, „მათრახისა და თაფლკვერის“ თემაა. თავად დნესტრისპირეთი რუსული ელიტისათვის სერიოზულ ინტერესს არ წარმოადგენს, რადგანაც იგი მათ მხოლოდ პრობლემებს უქმნის.
რაც შეეხება იმას, თანახმანი იქნებიან თუ არა მოლდოველები ნატოში შესვლის სანაცვლოდ ტერიტორიული მთიანობის აღდგენას დასთანხმდნენ, ყოველ შემთხვევაში, არც ისე ბევრი მოლდოველი მიიჩნევს ნატოს ფასეულობად. ტერიტორიული მთლიანობაც მოლდოველთა წარმოდგენაში განსხვავებულია. ბევრი დნესტრისპირეთს მოლდოვას ისტორიას არც უკავშირებს. ტერიტორიული მთლიანობა მათთვის ნიშნავს იმას, როცა საუბარია რუმინეთზე, მდინარე პრუტს იქით მდებარე მიწებზე.
შეუძლია თუ არა მოსკოვს ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა? აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიტიკოსებს ამ საკითხის საკუთარი ხედვა გააჩნიათ. ამ შემთხვევაში მოსკოვის პოზიცია ასეთია – ნეიტრალური მოლდოვა, დნესტრისპირეთი განსაკუთრებული სტატუსით, რომელსაც მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების შემთხვევაში, მისი შემადგენლობიდან გასვლის გარანტიები ექნება“.