მედვედევის საქმით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს

  20:36:22     13-08-2012

რუსეთის დუმის დეპუტატები,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო,  რიგ თანამდებობის პირთა მიმართ,  გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ინიციატივა გაგრძელებაა იმ სკანდალური აღიარებებისა, რომელსაც გასულ კვირას ჰქონდა ადგილი.

როგორც ცნობილია, სამხედრო პირებმა ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით,  სპეციალურად გავრცელებულ დოკუმენტურ ფილში განაცხადეს, რომ დიდძალი მსხვერპლი მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის დაგვიანებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა.

მართალია, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს უშუალოდ მედვედევის გვარი არ უხსენებია, მაგრამ ჟირინოვსკის ფრაქციის წევრმა განაცხადა, რომ „ქართული აგრესიის დროს“, გადაწყვეტილების მიღებას - „დროულად ჩართულიყო კონფლიქტში“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  აყოვნებდა, რითაც  „სამხედრო უწყებამ უამრავი მსხვერპლის პროვოცირება მოახდინა სამშვიდობოებსა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის“.

რუსეთის თანამდებობის პირთა ქმედებების გამოძიების ინიციატორი, დეპუტატი ვასილ ჟურკოა. მან უკვე დააგზავნა ოფიციალური წერილები, რომლებშიც თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვისა და მის დაქვემდებარებულ პირთა  ქმედებების გამოძიებასა და შეფასებას მოითხოვს.

„ლაიფ-ნიუსმა“  შეიტყო, რომ ოფიციალური დოკუმენტები გაგზავნილია საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრე ბასტრიკინის, გენპროკურორის იური ჩაიკას, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვისა და დუმის თავმჯდომარის სერგეი ნარიშკინის სახელზე.

- უმაღლესი თანამდებობის პირების დაგვიანებულმა რეაქციამ და არმიის მოუმზადებლობამ მიგვიყვანა მრავალრიცხოვან მსხვერპლამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის ბიუჯეტის ხარჯებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის გამოიყო - ამბობს ჟურკო.

დეპუტატის თმით, „ქართული ძალების შეჭრა ოსეთის ტერიტორიაზე აშკარა ფაქტი იყო“, დროული გადაწყვეტილების მიღება კი, ხელს შეუშლიდა ადამიანების დაღუპვას. ამიტომ,  საგამოძიებო კომიტეტმა და პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიონ - როგორ გაიცემოდა ბრძანებები.
ჟირინოვსკის ფრაქციის წარმომადგენლის ინიციატივას ყველა არ იზიარებს. მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ დეპუტატი მიხაილ მარკელოვი ამბობს, რომ გადაწყვტეილებები დროულად იქნა მიღებული და „ამ იდიოტიზმის კომენტირება ძნელია“.

პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ხრამჩიხინი კი ამბობს, რომ აგვისტოს მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებულია და არავინ იცის, რა ხდებოდა რეალურად. „ხოლო ის კამპანია, რაც ჩვენს თვალწინ გათამაშდა - თუ რამდენად  დროული იყო გადაწყვეტილება, რაღაც სხვა რამისგან ყურადღების გადატანაზეა გათვლილი“ - ამბობს ექსპერტი.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას დოკუმენტური ფილმის „დაკარგული დღე“ გავრცელების შემდეგ,  რუსული მედია და ექსპერტების ნაწილი აცხადებენ, რომ ფილმში სამხედროების მიერ გამოთქმული ბრალდებები, მედვედევის მიმართ მიზანმიმართული კამპანიაა და შესაძლოა, კრემლის შეკვეთითაც კი, დღევანდელი პრემიერის დისკრედიტებას ისახავს მიზნად.