ოლიგარქი ჯარიმის გადახდაზე უარს აცხადებს, ანუ „ქველმოქმედება“ ივანიშვილისეულად...

  13:58:58     13-08-2012

ოლიგარქი ივანიშვილი და ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში გადაბარგებული კახა კალაძე მათთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ  ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანჯიკიძის განმარტებით, არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს 20 მილიონი ლარის გადახდას და არც კახა კალაძე, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 17 მილიონი ლარით დაჯარიმდა.  

მილიარდერის პრესსპიკერის თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა და კახა კალაძემ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადაურიცხონ თანხა.  

„პრესა.ჯი“-ს შეკითხვაზე, ხომ არ იქნება დაზარალებული მოსახლეობისთვის გადარიცხული თანხა ის ჯარიმა, რომელიც საქალაქო სასამართლომ ოცნების ლიდერებს დააკისრა,  ფანჯიკიძემ არც უარყო და არც დაადასტურა.

„არც კახა კალაძე და არც ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ ჯარიმების გადახდას, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე მზად არიან დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს. თუ ამისათვის ლეგალური გზა იქნება ჯარიმის გადახდა, მაშინ შეიძლება ეს მოხდეს სწორედ ამ გზით“-განაცხადა ფანჯიკიძემ.  

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და  კახა კალაძის დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

მოსამართლე კობა გოცირიძემ და ნანა დარასელიამ დააკმაყოფილეს აუდიტის სამსახურის შუამდგომლობები და ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით დააკისრეს 20 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო კახა კალაძეს 17 მილიონით დაჯარიმდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს, უძრავ მოძრავ ქონებასა და არამატერიალურ აქტივებს.