
ივანიშვილი ქართულ კანონებს კვლავ აიგნორებს, „მეოცნებეები“ კი თაღლითობენ...
11:56:31     13-08-2012
ბიძინა ივანიშვილის ყოველი „პოლიტიკური ხულიგნობა“ კრახით მთავრდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მილიარდერი უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მოქალაქე ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო . ოლიგარქის ადვოკატები კი საქალაქოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციოში ასაჩივრებენ.
საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ლიდერმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა, ნაღდი ფულის სახით, "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობის სახით გამოიყენა.
ტრადიციულად, სასამართლოს გადაწყვეტილება ოლიგარქის ადვოკატებმა გააპროტესტეს. როგორც „პრესა.ჯი“-ს ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, სასამართლოს მიერ 11 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ. „საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 48 საათი გვაქვს. მიღებული გადაწყვეტილებით, 20 243 827 ლარი ერთ კვირაში უნდა დაიფაროს“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის განმავლობაში, გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა, ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში, ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ – 3.388.992 ლარი.
რაც შეეხება კახი კალაძეს მას განაჩენი გუშინ გამოუტანეს. კოლიციის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 944 960 ლარით დაჯარიმა. ასევე დაყადაღდა მისი ქონებაც. ჯერჯერობით უცნობია, დაემატება თუ არა დღევანდელი ჯარიმა იმ სარჩელს, რომელიც „პატრიოტმა“ ოლიგარქმა, საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა.
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ბიუჯეტიდან იმ თანხების უკან ამოღებას ცდილობს (თავისი პროცენტებითა და საურავებით), რომელიც ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო გადაახდევინეს. გარდა ფინანსური აფიორებისა, ბიძინას “მეოცნებეთა” არმიაში, ბევრი თაღლითიც აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრის, მელიქ რაისიანის საქმის განხილვა დაასრულა. რაისიანს გამოძიება თაღლითობას ედავებოდა. რაისიანი ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. მას საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება 2006 წელს, ახალქალაქში მომხდარ ფაქტს. საქმეში დაზარალებულად ცნობილი მალვინა მატარიძის განცხადებით, რაისიანმა მას 38 000 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი მისი ფირმის მფარველობას დაჰპირდა.