რაბინდრანათ თაგორი - „თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს...“
11:14:50     13-08-2012
1941 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა რაბინდრანათ თაგორი, ბენგალიური ლიტერატურის კლასიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი, ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი.
დიდი პოეტი დაიბადა 1861 წლის 7 მაისს. იგი ეკუთვნოდა ბენგალიელ ბრაჰმანთა ოჯახს, ანუ უმაღლესი სასულიერო კასტის წარმომადგენელი იყო. მამამისი დებენდრანათჰ თაგორი მდიდარი ადამიანი იყო. დედას ერქვა შაროდა დევი.
პაპამისი დიდი ინდოელი განმანათლებლის, პუბლიცისტისა და მოღვაწის, რულიგიურ-ფილოსოფიური ორგანიზაციის "ბრაჰმო სამაჯის" ("ბრაჰმას საზოგადოება") დამაარსებლის, რამ მოჰან რაის ერთ-ერთი მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ. მამა ამავე საზოგადოებაში გამოჩენილ ადამიანად და მოღვაწედ ითვლებოდა. თაგორების ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ დროის ინდოეთში, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის კოლონია იყო. მეტროპოლია უმოწყალოდ ძარცვავდა თავის კოლონიას, გაჰქონდა და გაჰქონდა სიმდიდრე, ნედლეული. ინდოეთი კი მხოლოდ მზა პროდუქციის გასაღების ბაზარი იყო. ინდოელები დაბალ რასად და ჩამორჩენილ ადამიანებად ითვლებოდნენ. როდესაც რაიმე წვეულება იმართებოდა, თვით ინდოეთის უმაღლესი კასტისა თუ თანამდებობის პირები თავის მეუღლეებთან ერთად ცალკე იყვნენ ხოლმე, ევროპელები - ცალკე. მათთანაც კი არ კადრულობდა ბრიტანული არისტოკრატია და ჩინოვნიკობა თანასწორ ურთიერთობას.
ინდოეთი გმინავდა დამპყრობლის უღლის ქვეშ. რაბინდრანათის ბავშვობის დროს ინდოეთს გლეხთა დიდი მღელვარება მოედო. 1885 წელს შეიქმნა პარტია "ინდოეთის ეროვნული კონგრესი". ამ ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი იყო ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ხალხში, დაკარგული ეროვნული უფლებების დაბრუნება. რამდენიმე ხნით ადრე, 1857-1859 წლებში სისხლში ჩაახშვეს სიპაების აჯანყება, მაგრამ, ინდოელ ხალხს ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. თაგორის თანამდროვე დიდი ინდოელი პატრიოტი, მოაზროვნე, რელიგიური რეფორმატორი, ვივეკანანდა იმ პერიოდზე წერდა: "ვაჟკაცობის მზე ამოვიდა, ჩვენი ქვეყანა უსათუოდ აღდგება მკვდრეთით, ინდოეთს აღარ დაეძინება".
"ბრაჰმო სამაჯის" იდეებმა, დიდი ბენგალიელი მწერლის ბონკიმჩონდრო ჩოტოპადჰაიას პატრიოტულმა შემოქმედებამ და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთებამ დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა რაბინდრანათ თაგორზე. მრავალრიცხოვან ოჯახში ძალიან ზრუნავდნენ ბავშვების განათლებაზე. რაბინდრანათი მეთოთხმეტე შვილი იყო. მათ ოჯახში იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, მწერლები. მამისა და უფროსი ძმების სურვილით მასწავლებლები ბენგალიურ ენაზე ასწავლიდნენ უმცროს შვილებს. "როცა ყველანი ინგლისური აღზრდის აუცილებლობას ამტკიცებდნენ, ჩემმა მესამე ძმამ საკმაოდ დიდი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ ჩვენთვის ბენგალიური აღზრდა მოეცა."
ბავშვობიდან გაეცნო სანსკრიტულ ტექსტებს – უპანაშიდების, ბჰაგავატგიტას საგალობლებს, რამაიანას და სხვა. ოჯახში უფროსი ძმები ლიტერატურულ საღამოებს მართავდნენ. ამ ოჯახმა, რომელსაც დიდი დამსახურება ჰქონდა წარსულში, დიდი როლი შეასრულა თავისი ქვეყნის მომავალშიც. უფროსი ძმა რაბინდარანათისა დვიჯენდრანათჰი იყო მათემატიკოსი, პოეტი და მუსიკოსი. მისი საშუალო ძმები დიჯენდრანათჰი და ჯოთირინდრანათჰი იყვნენ ცნობილი ფილოსოფოსები, პოეტები და დრამატურგები. მისი ძმის შვილი გახდა ბენგალური ფერწერული სკოლის დამაარსებელი.
შვიდი წლის ასაკში ლექსთწყობის წესებს ეზიარა. იმ პერიოდიდან დაიწყო ლექსების წერა. ჯერ სემინარიაში სწავლობდა, შემდეგ ე. წ. ნორმალურ სკოლაში. ინგლისური ლიტერატურა უყვარდა. კითხულობდა ბაირონს, სელის და სხვა. ჭაბუკმა თარგმნა შექსპირის "მაკბეტი". მერე ევროპული ტიპის ბენგალიურ სასწავლებელში შეიყვანეს. 12 წლისა ტრადიციის დაცვით ბრაჰმანად აკურთხეს და მამამ წაიყვანა ჰიმალაის მთებში მოსალოცად.
1875 წლიდან ბეჭდავდა წერილებს და ლექსებს. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე წერდა ნოველებს და დრამებს და თანამშრომლობდა ჟურნალ "ბჰარატისთან". მათი ოჯახის თაოსნობით იმართებოდა ყოველწლიური დღესასწაული - ჰინდუ მელა. დღესასწაულზე მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს, გამოთქვამდნენ ლექსებს. იმართებოდა ხელოვნებისა და ხელოსნობის ნიმუშთა ვაჭრობა.
შემდეგ ინგლისში სწავლობდა, ბრაიტონში, მერე ლონდონის უნივერსიტეტში. შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში. ამბობენ, რომ ბრიტანეთში ყოფნისას გახდა მასონი. 1881 წელს დაქორწინდა. გახდა "ბრაჰმო სამაჯის" მდივანი. წერდა დრამებს, ლექსებს, რომანებს, ესეებს, წერილებს, კითხულობდა ლექციებს. მთელი მისი შემოქმედება მსახურებაა სამშობლოსადმი. მისი აზრით, ადამიანებმა მხოლოდ მშობლიურ ენაზე უნდა მიიღონ დაწყებითი განათლება. ის წერდა თავის მოგონებებში ("დღენი ჩემი სიჭაბუკისა"): "იმიტომ ვახერხებდით სწრაფად განვითარებას, რომ ბენგალიურად ავიდგით ენა". მისი აზრით, ბენგალიურ ენას უნდა ჩაენაცვლებინა უცხო ინგლისური. 1901 წელს დაარსა სკოლა, სადაც მისი თავისუფალი მეთოდებით ასწავლიდნენ. 1902 წელს გარდაეცვალა ცოლი, 1903 წელს ჭლექით მოუკვდა ერთ-ერთი ქალიშვილი, ხოლო 1905 წელს ქოლერით დაეღუპა უმცროსი ვაჟი. 1905 წელს მამა გარდაეცვალა (დედა 14 წლის ასაკში დაკარგა).
1905 წელს ინდოეთში დაიწყო გამოსვლები დამპყრობლების წინააღმდეგ. მიზეზი გახდა კოლონიური მმართველობის მიერ ბენგალიის გაყოფის გადაწყვეტილება. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რაბინდრანათ თაგორი გახდა. ხალხი აღფრთოვანებით მღეროდა მის სიმღერებს, უსმენდა მის გამოსვლებს... მაგრამ, მერე ჩამოშორდა მოძრაობას, რადგან მოძრაობაში ძალადობის მომხრეებმა, რევოლუციური მეთოდებით ბრძოლის მოსურნეებმა იძალეს, მას მხოლოდ რეფორმების მეშვეობით სურდა მიზნის მიღწევა. თუმცა, როდესაც ბრიტანელები აპატიმრებდნენ რადიკალებს, ის დიდი ენთუზიაზმით გამოდიოდა მათ დასაცავად. ამგვარად მიუძღვნა ერთ-ერთ ლიდერს ლექსი "მოგესალმები, აურობინდო". გარდა ამისა, თავისი ნაწარმოებებით და მოღვაწეობით კვლავ განაგრძობდა მშობელი ხალხისა და ქვეყნის სამსახურს.
1913 წელს აზიელ მწერალთაგან პირველს, რაბინდრანათ თაგორს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, "ძალიან ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, ავტორის თქმით, გახდა დასავლური ლიტერატურის ნაწილი”. მისი საგალობლები "გიტანჯალი" წინა წელს გამოვიდა ინგლისურად. თარგმნა თავად ავტორმა. ამის მერე დიდი მწერლის ნაწარმოებები ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე.
შემდგომაც განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას, ზრუნავდა საზოგადოებაზე, განათლებაზე, სოფლის მაცხოვრებლებზე. ცდილობდა კასტების ზოგიერთი წესის გაუქმებას. ბევრს მოგზაურობდა. დაახლოებით ოცდაათი ქვეყანა მოიარა.
როგორც ვთქვით, რაბინდრანათ თაგორი გარდაიცვალა 1941 წლის 7 აგვისტოს.
პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ რაბინდრანათ თაგორის ორ ლექსს („მებაღე“ - თარგმანი ციცინო გამყრელიძისა და „გიტანჯალი“ - თარგმანი თამაზ ჩხენკელისა) და ავტობიოგრაფიულ ნაწარმოების, „დღენი ჩემი სიჭაბუკისას“, ერთ თავს - „ვერსიფიკაცია“, სადაც მოთხრობილია როგორ დაიწყო პოეტმა ლექსების წერა 7-8 წლის ასაკში. თარგმანი ნუნუ ხომერიკისა.
...
(„მებაღე“ - თარგმანი ციცინო გამყრელიძისა)
"ვინ ხარ, მკითხველო,
რომ კითხულობ ჩემს სიმღერებს ასი წლის შემდეგ?
მე ვერ მოგაწვდი ვერც ერთ ყვავილს ამ გულუხვი გაზაფხულისას,
ვერ გაჩუქებ, ვერც ერთ მისხალ ღრუბელთა ოქროს.
კარი გააღე და გაიხედე.
აყვავებულ შენს ბაღნარში მოაგროვე
სურნელოვანი მოგონებები ასი წლის წინათ აფეთქილი გაზაფხულისა,
შენს სიხარულში იგრძენ ცხოველი სიხარული -
ერთ გაზაფხულის დილას რომ რეკდა,
და ხმას გაწვდენდა ასი წლის მიღმა!
...
(„გიტანჯალი“ - თარგმანი თამაზ ჩხენკელისა)
თუკი შენს ძახილს არვინ გაიგებს
გულს ნუ გაიტეხ, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი ჯაბანნი, შიშმორეულნი, პირუმტკიცოდ ზურგს შეგაქცევენ,
გახსენ გული და იდუმალი თავად სთქვი სიტყვა.
თუკი გულადიც უკან დაიხევს,
თუკი ძნელ გზაზე ხელს არავინ შემოგაშველებს,
შეუპოვარმა, უვალ გზაზე მარტო გასწიე.
თუკი წყვდიადი მოიცავს ყოველს,
თუკი ავდარში თავშესაფარს არავინ მოგცემს,
ელვით აინთე გულისგული,
შეუპოვარმა მარტო გასწიე.
* * *
დღენი ჩემი სიჭაბუკისა
ვერსიფიკაცია
(თარგმნა ნუნუ ხომერიკმა)
სულ დიდი 7-8 წლისა ვიქნებოდი მაშინ. მამის დისწულის შვილი ჯოტი პრაკაში ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მაშინ მას პირველად დართეს ნება გასცნობოდა ინგლისურ ლიტერატურას და მახსოვს, დიდი პათოსით ასრულებდა ჰამლეტის მონოლოგს. რატომ მოუვიდა აზრად ლექსთწყობა ესწავლებინა ისეთი პატარა ბალღისათვის, როგორიც მე ვიყავი, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთხელ, შუადღისას, თავის ოთახში დამიბარა და გამომიცხადა - ლექსთწყობა უნდა გასწავლოო - და ამიხსნა თოთხმეტმარცვლოვანი ბენგალური ლექსის (payar) კონსტრუქცია.
მანამდე მენახა მხოლოდ წიგნებში დაბეჭდილი ლექსები, სუფთა, გადახაზული შეცდომების, შრომის ნაკვალევისა თუ ადამიანური უძლურების ყოველგვარი ნიშნის გარეშე. აბა ოცნებასაც როგორ გავბედავდი, რომ ოდესმე თვითონ შევთხზავდი მსგავსს რასმე.
ერთხელ ჩვენს სახლში ქურდი დაიჭირეს. მახსოვს, ცნობისმოყვარეობით გატაცებულმა, შიშისაგან აკანკალებულმა ძლივს გავბედე მის სანახავად წასვლა, მაგრამ გამიცრუვდა იმედები. აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი და როდესაც ჩვენმა მეეზოვემ მაგრად მიბეგვა, შემეცოდა კიდეც. დაახლოებით ასეთივე რამ განვიცადე პოეზიის მიმართ.
როდესაც რამდენიმე ნებისმიერი სიტყვა დავწერე და მივიღე თუ არა payar, ლექსთწყობისადმი წინანდელი თაყვანისცემის ნასახიც გამიქრა. და ახლაც, როდესაც ვხედავ, რა ურჯულოდ აწამებენ ხელოვნებასა და პოეზიას, ისეთივე სიბრალულის გრძნობა შემიპყრობს, როგორც მაშინ, იმ ქურდის მიმართ. ბევრჯერ მინდოდა გამოვქომაგებოდი, მაგრამ ვეღარ დავიოკე თავდასხმის ჟინით აქავებული ხელი. დავიჯერო, ქურდებსაც ამდენი გვემა უგემნიათ და ამდენთაგან?
ამრიგად, რაც პირველი მორცხვობა დავძლიე, დავკარგე ზომიერების გრძნობაც. ერთ-ერთი ჩვენი მსახურის მეოხებით ვიშოვე ცისფერი რვეული, ფანქრით გავავლე ირიბი ხაზები და ბავშვური ბატიფეხურით ჩავწერე პირველი ლექსი.
ვით ახალგაზრდა ხარ-ირემი ახლად ამოყრილი რქებით ყველაფერს ეხეთქება, ასევე მეც, ჩემი ახლად ამოხეთქილი პოეზიით ყველას თავს ვაბეზრებდი. ჩემზე მეტს ზრუნავდა უფროსი ძმა*, რომელსაც თავი მოჰქონდა ჩემი ნიჭით და მსმენელთა მოსაძებნად მთელ სახლში დაძრწოდა.
გუშინდელივით მახსოვს, კანცელარიის მსახურთა დაპყრობის შემდეგ როგორ გამოვედით სარდაფში მოთავსებული ჩვენი კანტორიდან და წინ შემოგხვდა ჩვენთან სტუმრად მომავალი „ნაციონალური გაზეთის“ რედაქტორი. ჩემმა ძმამ შეაჩერა ის და საჩქაროდ საქმეს შეუდგა: ნაბაგოპალ-ბაბუ, რაბიმ ლექსი დაწერა, ხომ არ ინებებთ მოუსმინოთ? - დეკლამაციითაც დიდხანს არ ვალოდინე.
ჩემი თხზულებანი ხომ მაშინ ჯერ კიდევ მცირე იყო. პოეტის მთელი ავლა-დიდება მისი მოსასხამის ჯიბეში ეტეოდა და ყველგან თან ახლდა. ავტორიც, ასოთამწყობიცა და გამომცემელიც მე ვიყავი. მეხმარებოდა მხოლოდ ჩემი ძმა, რომელიც სარეკლამო საქმეს კისრულობდა. ისეთივე ძლიერი ხმით, როგორც ჩემი შთაგონება იყო მაშინ, იქვე, კიბესთან, ვჭექე ლოტოსის ლექსი. „ყოჩაღ, - ღიმილით შემაქო ნაბაგოპალ-ბაბუმ, - მაგრამ რას ნიშნავს „დვირეპა?“
საიდან გამოვჩხრიკე ეს სიტყვა, აღარ მახსოვს. ჩვეულებრივ „ფუტკარიც“ მშვენივრად მოუხდებოდა ლექსის ზომას. მაგრამ მე ხომ ლექსის მთელ ეფექტს ამ სიტყვაზე ვამყარებდი და სწორედ ამის წყალობით იყო, მსახურები რომ მოვაჯადოვე! ნაბაგოპალს კი პირიქით, ვითომც არაფერიაო, გაეღიმა! გაგულისებულმა გადავწყვიტე, რომ მას არაფერი ესმოდა და მეტად აღარც წამიკითხავს მისთვის ლექსი. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ ვარჩევ, ვის ესმის ჩემი პოეზია და ვის არა. რაც შეეხება ნაბაგოპალ-ბაბუს, მისი დაცინვა აინუნშიაც არ ჩამიგდია - სიტყვა dwirepha თაფლით მთვრალი ფუტკარივით იქვე დარჩა, ერთ ადგილზე გაიტვრინა.
------
ჩემი უფროსი ძმა - ფილოსოფოსი და პოეტი დიჯენდრონათ თაგორი (1840-1926), რომელმაც დიდი როლი ითამაშა რაბინდრანათის აღზრდა-განვითარებაში (მთარგმნელის შენიშვნა).