ქართული საიუველირო ხელოვნების მოკლე ისტორია

  08:50:47     13-08-2012

საიუველირო საქმე კაცობრიობის ერთგვარი ისტორიაა. კეთილშობილ ლითონთა მხატვრული დამუშავების ძველთაძველი ტრადიციები, საუკუნეთა მანძილზე ქართველ ხელოსანთა მიერ შექმნილი ძეგლები ის მდიდარი მემკვიდრეობაა, რომელიც საქართველოში მის სინამდვილეში მრავალსაუკონოვანი წარსულიდან მოდის.

საქართველო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერაა. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. საქართველოს მიწის წიაღი მდიდარია მადნეული რესურსებით, ხოლო არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ადამიანები სპილენძს პირველად ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ამუშავებდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომებმა უკვე იცოდნენ ბრინჯაოს დამზადება. იმ დროიდანვე ეუფლებიან ისინი სხვა ლითონებსაც: ტყვიას და სტიბიუმს (ანთიმონიუმი), ვერცხლსა და ოქროს.

ქართულ საიუველირო ხელოვნებას ფესვები შორეულ წარსულში აქვს. ბრინჯაოს ხანიდან ქართული საიუველირო ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. ქართული ოქრომჭედლობა სათავეს იღებს შორეულ წარსულში და დიდ წარმატებას აღწევს. ოქრომჭედლობის განვითარება საქართველოში არ იყო და არ შეიძლებოდა ყოფილიყო სწორხაზოვანი, ერთი აღმავალი ხაზით მიმართული. ძველი საქართველო მუდამ იყო ცივილიზებული სამყაროს ორგანული ნაწილი, ამიტომ ქართული ოქრომჭედლობა განვითარების ყველა საფეხურზე კანონზომიერად ატარებდა თავისი ეპოქის ნიშნებს, ამავე დროს, მას ჰქონდა ეროვნული თავისებურებებიც, რომლებიც ერთი მხრივ განასხვავებდა ქართველთა ნახელავს მათი თანადროული უცხოური ნაწარმისაგან, მეორე მხრივ კი აკავშირებდა საქართველოში სხვადასხვა დროს შექმნილ ძეგლებს, როგორც განვითარების კიბის სხვადასხვა საფეხურებს.

საქართველოში ოქრომჭედლობის აღმავლობის რამდენიმე პერიოდია ცნობილი. პირველი დიდი აღმავლობა საქართველოს ტერიტორიაზე განიცადა ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში. ამ ხანის სამკაულთა უბრწყინვალესი ნიმუშების დიდი რაოდენობა აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილი ადრეული ხანის სხვადასხვა სიმდიდრის ყორღანებში.

სპილენძ-ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. IV-II ათასწლეული), როცა ადამიანი ლითონს დაეუფლა, სამკაულის წარმოშობაშიც უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა ლითონმა, განსაკუთრებით კი კეთილშობილმა ლითონმა (ოქრომ და ვერცხლმა).

საქართველო სამართლიანად ითვლება კეთილშობილი ლოთონების მოპოვების და დამუშავების ერთ-ერთ უძველეს კერად მსოფლიოში, რისი დასტურია დღემდე შემორჩენილი უცხოელი ისტორიკოსების და მკვლევარების წერილობითი წყაროები, რომლებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი მინიშნებებითაა ოქროს არსებობა. ასევე, მოცემულია კონკრეტული ცნობები ოქროს მოპოვების ხერხებსა და ქართველი ხელოსნების მიერ ხალასი ოქროს ნედლეულისაგან საიუველირო ნაკეეთობების დამზადების ტექნოლოგია. ძველად ოქროს მოპოვება ხდებოდა, როგორც მდინარეული ნალექებიდან უმცირესი ნაწილაკების სახით (ოქროს ქვიშა), ასევე სამთო გამონამუშევრებიდან.
საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებში აღმოჩენილი ფერადი და შავი მეტალურგიის წარმოების მძლავრ კერებთან ერთად ნაპოვნია კეთილშობილი ლითონების სადნობი და საწარმოო კერებიც, სადაც შემორჩენილია გარკვეული დანიშნულების სხმული და სხვადასხვა შემცველობის ზოდები, რაც დასტურია იმისა, რომ აქაური ოქრომჭედლები ოქროს ნედლეულს ამუშავებდნენ _ როგორც ძირეული საბადოებიდან მოპოვებულ ოქროს, ასევე ქვიშრობი საბადოებიდან მოპოვებულ ხალას მასას.

ბრინჯაოს ხანაში ძვირფას ქვებზე მოთხოვნილებათა მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია მათი მასობრივი გამოყენება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მინერალი სარდიონი. საკმარისია ითქვას, რომ მარტო სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილია სარდიონის რამდენიმე ათასი ფაქიზად დამუშავებული მძივი. გარდა სარდიონისა კვარცის ჯგუფის მინერალებიდან ბრინჯაოს ხანაში გამოყენებულია მთის ბროლი, აქატი, ონიქსი და სხვ. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს, რომ ბრინჯაოს ხანაში გიშრიდან მძივების დამზადებას უკვე მასობრივი ხასიათი ჰქონია. ადგილობრივ მოპოვებულ ძვირფას და სანახელავო ქვებთან ერთად ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს შორის არის შემოტანილი ქვები _ მარჯანი, ქარვა.

საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ადრებრინჯაოს ხანის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროს უძველესი სამკაულის განხილვა გვიჩვენებს, რომ ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის აქაური ოქრომჭედლები უკვე ფლობდნენ ლითონის დამუშავების უმთავრეს ხერხებს – ჭედვას, ჩამოსხმას და რჩილვას. კახეთში ალაზნის ველზე ერთ-ერთ გორასამარხში აღმოჩენილია მცირე ზომის ოქროს ლომის ქანდაკება, რომელიც თრიალეთის კულტურის წინარე ხანას მიეკუთვნება და გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ამ კულტურის გენეზისისთვის.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა, როდესაც შეიქმნა პოლიქრომული სტილის მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები _ თრიალეთში ნაპოვნი სარდიონებით შემკული ოქროს თასი.

თრიალეთელი ხელოსნებისთვის უკვე ცნობილი იყო თითქმის ყველა ტექნიკური ხერხი. ისინი იყენებდნენ ოქროს ნივთების მხატვრული დამუშავების ხერხებს, როგორიცაა გავარსი ანუ გრანულაცია, ე.ი. ნივთის შემკობა ზედ დარჩილული ოქროს წვრილი ბურთულებით; გრეხილი ანუ ფილიგრანი _ ნივთის შემკობა ოქროს მავთულებით; ამზადებენ დაფანჯრულ და ფუყე ნივთებს. თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ მასალაში გვერდიგვერდ არსებობს მარტივი და რთული ტექნოლოგიური სქემით დამზადებული ნივთები. იგივე ითქმის მათ მხატვრულ მხარეზეც _ ერთი და იმავე სამარხებში გვხვდება სტილისტურად მკვეთრად განსხვავებული ნაწარმი: ერთი მხრივ სადა ოქროს თხელკედლიანი საკიდები და მეორე მხრივ პოლიქრომული სტილის ყელსაბამი. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მაღალ¬მხატვრული, რთული და ფაქიზად დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ოქრომჭედლური ნაკეთობანი. ჩანს, რომ ოქრომჭედელნი _ იუველირები დაუფლებულნი ყოფილან მაღალ ოსტატობას. ოქროს ნივთები გამოირჩევა ოქრომჭედლური _ საიუველირო მხატვრული ტექნიკის მაღალი დონით.

ოქრომჭედლობის თრიალეთურ ნაწარმში უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი ისეთი ნიშანი, რომელიც მიჰყვება ქართულ ოქრომჭედლობას მთელი მისი განვითარების მანძილზე და, ამდენად, მის ეროვნულ-განმასხვავებელ თავისებურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ესაა ფერების თავშეკავებული გამოყენება და მათი შერჩევა-შეხამება. ქართველი ხელოვანი მუდამ გაურბოდა ცივ, კაშკაშა ტონებს და ერთ ნივთში იშვიათად ხმარობდა ორზე მეტ ფერს. ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები არასოდეს ყოფილა ჭრელი.

თრიალეთის კულტურის (ძვ.წ. XV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის II_III საუკუნეები) ძეგლების შესწავლისას მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ დროისათვის ჩვენ წინაპრებს სცოდნიათ ლითონის ფურცლების გაწნევით დამუშავება და ჰქონიათ ამ პროცესების შესრულებისათვის საჭირო ჩარხი და სახელოსნო იარაღები.

ტექნიკური დამუშავების სირთულითა და მხატვრული საშუალე¬ბების გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი ოქროს სასმისი, რომელიც ფერადი ქვებით არის ინკრუსტრირებული, დამზადებული სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისაგან. სასმისს ორმაგი კედელი აქვს, რომელიც თანდა¬თანობით ვიწროვდება ძირისკენ და დაბალ ქუსლში გადადის. გარეთა კედელი შემკულია წვრილი, გრეხილი მავთულებისაგან გაკეთებული სპირალებით, რომელშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდისა და კერამი¬კული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი რიგი დაუყვება სასმისის პირს, ორი კი ქუსლს. ოქროს ფონზე ფერადი ქვებით ინკრუსტრირებული სასმისი ძალზე მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასეთივე რთული ტექნიკაა გამოყენებული საკინძეების, ოქროს თავებისა და მსხვილი ბირთვისებრი მძივების დასამზადებლად, რომელიც აგრეთვე ინკრუსტრირებულია ფერადი თვლებით. ასეთია მაგ: ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ფირფიტის ბუდეში ჩასმული შესანიშნავი აქატის გულსაკიდი, რომელიც შემკულია გავარსითა და სერდოლიკის თვლებით.

ბედენისა და ალაზნის ველის გორასამარხებში (ძვ.წ. 2300-2000 წწ.) აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობანი დამზადებულია ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ.წ. IV ათასწლეულის პირველი ნახევრის ოქროს ნივთები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პოლიქრომული ყელსაბამი. ამ დროის ქართველ ოქრომჭედელთათვის ნიშანდობლივია ფერების განსაკუთრებული შერჩევა _ შეხამება. ძვ.წ. VI-IV სს. ქართული საიუველირო ხელოვნების სტილს განსაზღვრავს გრანულაცია, გვიან ანტიკურ ხანაში კი პოლიქრომია.

ქართული საოქრომჭედლო ხელოვნების საუკეთესო ქმნილებები, ნოსირის (სენაკის რაიონი) განძის (ძვ.წ. VIII-VII სს.) ოქროს ნივთებია: ჭვირული მძივები, გავარსიანი საყურეები, გველის თავის გამოსახულებით დაბოლოებული წნული სამაჯური და სხვ. სწორედ აქედან იწყება ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის აღმავლობა, რომელმაც განვითარების უმაღლეს დონეს ძვ.წ. V-IV საუკუნეებში მიაღწია.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საოქრომჭედლო ნაწარმი აღმოჩნდა ვანის ნაქალაქარში. ქალის სამკაულის რამდენიმე სრული კომპლექტი, რომლებიც შეიცავს ჭედური ორნამენტით შემკულ თავისებურ დიადემებს, სხვადასხვა ფორმის საყურეებსა და სასაფეთქლე საკიდებს, ყელსაბამებსა და სამაჯურებს.

ვანის ნაქალაქარის სამარხები ყველა საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ (ძვ.წ. V-IV საუკუნეები) ქვეყნის ახლო მეზობელი ცენტრების (აქიმენიდური, ეგვიპტე, ირანი, კვიპროსი) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ. კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას `ოქრომავალ~ ქვეყანას უწოდებენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძველ ვანში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა მძლავრი სკოლა, რომელიც ურთულესი ტექნიკური ხერხების (კვერვა, რჩილვა, ჭედვა, გავარსი, ტვიფრვა) გამოყენებით საუკუნეების მანძილზე ქმნიდა მხატვრული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებს.

წარჩინებული კოლხი ქალის ოქროს დიადემა _ წერს პროფ. ო. ლორთქიფანიძე უთუოდ გამოჩენილი ოსტატის ნახელავია. ამას მოწმობს მარ¬ჯვედ აგებული ჯგუფური კომპოზიცია, ცხოველთა დამახასიათებელი ნიშნების რეალისტურად გადმოცემა და მასთან ერთად მეტად თავისებური სტილიზმი და ნახატი. აღსანიშნავია, რომ ვანის დიადემის გამოსახულებებს ვერ მოუძებნეს ზუსტი და პირდაპირი პარალელები.

წარჩინებული კოლხი ქალის ოქროს დიადემა თავისი ფორმით წმინდა კოლხურია. ვანის სამარხში ნაპოვნი წარჩინებული კოლხი ქალის თავსაბურავი _ ოქროს დიადემა ძვ.წ. V საუკუნეშია შექმნილი, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი ოსტატის მიერ და უძველესი ქართული საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. იქვე აღნიშნულია, რომ სხივანა საყურეები `რთული წესითაა დამ¬ზადებუ¬ლი და კოლხ იუველირთა ფილიგრანული ტექნიკის დასტურია~. იმავე სამარხში ნაპოვნია აგრეთვე ე.წ. ჭვირული ბურთულიანი ოქროს შესანიშნავი საყურეები. `საერთოდ, ვანში წლების მანძილზე აღმოჩენილი ოქროს სამკაულები მეტად მრავალნაირი და მეტად მრავალფეროვანია. სწორედ კოლხურ წარმომავლობაზე მიუთითებს მხატვრული ფორმის ორიგინალურობა, რომელიც მეტწილად მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი~ (ო. ლორთქიფანიძე). ამავე პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ადგილობრივი, ნახევრად დაუმუშავებელი სარდიონის კენჭებისაგან დამზადებული ყელსაბამები. ჩნდება მინისა და მინისებრი პასტის მძივებიც. ჩვენს ხელთაა ამ პერიოდის რამდენიმე არქეოლოგიური კომპლექსი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც გავარსით მდიდრულად შემკულ ოქროს ნივთებს შეიცავს. წინა აზიასთან კულტურულ-ეკონომიკური კავშირების მანიშნებელია კარგად გაპრიალებული მუქი მოწითალო-ყავისფერი სარდიონის სფერული მძივებისაგან დამზადებული ყელსაბამის ფართო გავრცელება ძვ.წ. VII საუკუნის საქართველოში.

ვანის ნამარხებში აღმოჩენილი ნივთებიდან გამოირჩევა ცხოველთა თავებით შემკული ზურგშედრეკილი სამაჯურების სტილისტურად განსხვავებული ერთი ჯგუფი. სამაჯურის ბოლოებზე გამოსახულია თავები. ასევე აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის ფარაკიანი საბეჭდავი ბეჭდები, რომლებზეც გამოსახავდნენ ღვთაებებსა და მათ ატრიბუტებს. ასეთი ბეჭდები მარტო სამკაული არ იყო, საბეჭდადაც იხმარებოდა.

საინტერესოა და ყველაზე საყურადღებოა ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომელიც აგრეთვე ადგილობრივი ნახელავია. 0,1-0,2მმ დიამეტრის მქონე ოქროს ბურთულები დიდი სიზუსტით არის ჩამოსხმული და დარჩილული ნივთების ზედაპირზე. შუქ-ჩრდილის უნატიფესი თამაში ისეთ ნივთებზე, როგორიცაა, მაგ.: კუს გამოსახულებით შემკული ყელსაბამი ნამდვილი ფერადოვნების ეფექტს იძლევა. მხატვრული თვალსაზრისით გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და ოქრომ¬ჭედლობაში იმავე როლს ასრულებს, რასაც ფერადი ინკრუსტაცია _ აცოცხლებს და ასხივოსნებს ოქროს ზედაპირს.

 ვანის სამარხში ნაპოვნი ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები _ სკულპტურული სახეებით დაგვირგვინებული სამაჯურები, ნაირსახოვანი ყელსაბამები, გავარსით მორთული სასაფეთქლეები, ჭედური გამოსახულებიანი დიადემები მოწმობენ, რომ ძვ.წ. VI და განსაკუთრებით V _ IV საუკუნეებში ვანი იყო საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. კიდევ რამდენიმე მაგალითი ვანიდან: 1969 წელს აქ კოლხი მეომრის სამარხში აღმოჩნდა ოქროს ფიგურები ცხენისა და ფრინველის ერთიმეორეზე მირჩილული გამოსახულებებით. ვანის ადრე ანტიკური ხანისაა ოქროს მეფური დიადემა, რომლის რომბისებრ ფირფიტებზე ამოტვიფრულია სცენა: ხვადი ლომების თავდასხმა ხარზე.

არქეოლოგ ჯ. ნადირაძეს აღნიშნული აქვს, რომ საჩხერეში გემიან ბეჭდებს შორის გვხვდება ბეჭდის თვლები, რომლებიც დასამუშავებლად გაუმზადებიათ და ბოლომდე არ არის დასრულებული. ეს ფაქტი იმაზე მიგვითითებს, რომ თვლებზე ამოკვეთილი ზოგიერთი ბერძნულ-რომაული სიუჟეტი ადგილობრივი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული. ისინი ჩასმულია მხრებდაკუთხული ბეჭდის მაღალ თვალბუდეში. ასეთი ფორმის სამკაული დამახასიათებელია გვიანანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობისათვის.
ქართული საიუველირო ხელოვნების ცენტრი ძირითადად მაინც მცხეთა უნდა ყოფილიყო. აქ აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის უამრავი და იშვიათი ნიმუშები. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებთ. მცირე ხელოვნების შედევრს შეიძლება მივაკუთვნოთ არმაზისხევის ერისთავთა სამარხებში აღმოჩენილი ორი გულსაკიდი და წნული სამაჯური, ტახის მცირე ზომის ქანდაკება, ასპარუგის სარტყლის ბალთები, დიადემა და სხვ. აქ სამთავროს ველზე ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა დაკრძალული ოქრომჭედელი საიუველირო ხელსაწყოებით, სასწორ-საწონებით და გათლილი თვლებით (საიუველირო ქვებით). სამთავროს ნეკროპოლში ნაპოვნი ქვის სამკაულები მიგვითითებს ქვის ჭრის მაღალ ტექნიკასა და ძველი მცხეთის სავაჭრო კავშირებზე სხვა ქვეყნებთან. ამ დროს მცხეთის ქვის საჭრელ სახელოსნოებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და უზრუნველყოფილი იყო საიუველირო ქვების დასამუშავებელი ფაქიზი ხელსაწყოებით. ანტიკური დროის საქართველოში გემასა და სხვა სამკაულებისათვის გამოყენებული ძირითადი მინერალებია: პიროპ-ალმანდინი, ამეთვისტო, აქატი, იასპისი, ლაჟვარდი, მალაქიტი, მარგალიტი, მარჯანი, მთის ბროლი, ნეფრიტი, ონიქსი, ოფსიდიანი, პლაზმა, სარდიონი, სარდი, სარდონიქსი, სტეატიტი, ქარვა, ქალცედონი, ფირუზი და სხვ.

არა მარტო ვანი და მცხეთა, არამედ ანტიკური ხანის საიუველირო ხელოვნების ცენტრებში ბევრგანაა ნაპოვნი ოქრომჭედელთა ნაოსტატარი: ანტიკური ხანის (ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა ხანები) ახალგორის განძში ადგილობრივ დამზადებულ ოქროს ნივთებს შორის აღმოჩნდა საიუველირო ხელოვნების მაღალი დონის მაჩვენებელი სამკაულები: გომბეშოს გამოსახულებიანი ოქროს ყელსაბამი, რკალგახსნილი ბეჭდები, მათ ფარაკებზე ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებებით და სხვ. ახალგორში ნაპოვნ ოქროს ნივთებს ამკობს რთული რელიეფური სახეები. გონიოს განძშიც ნაპოვნია ოქროს ნივთები, რომელნიც კომპოზიციით, შესრულების ტექნიკითა და ხერხებით ახლო დგას მცხეთის ძეგლებთან. აქვე უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე თაგილონის (გალის მუნიციპალიტეტი) ოქროს ირმის თავი, ხაიშის ოქროს `სახლი~, კლდეეთის ოქროს გემიანი აგრაფი და სხვ.

ოქროს ფერი და ელვარება საკმარისი არ აღმოჩნდა მშვენიერების მაძიებელი დიდოსტატებისთვის. ჯერ კიდევ არმაზისხევში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ოქროს საყურეებზე, სარტყლებსა და სამაჯურებზე არის გამოყენებული ფერადი მინა-ტიხრული მინანქარი. არაგვის ხეობაში არანისთან აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი წნული ძეწკვითა და მედალიონით საგანგებო ყურადღებას იმით იპყრობს, რომ მისი შუაგული ტიხრული მინანქარითაა შესრულებული. არაგვისპირის ტიხრული მინანქარი ახ.წ. III-IV ს-ის უძველესი ნიმუშია არმაზისხევის ნიმუშებთან ერთად.

ადრეანტიკურ ხანაში სამკაულის წარმოებისას ქართველი ოქრომჭედლები იშვიათად იყენებდნენ ფერადი ქვების ინკრუსტაციას. ფერადი ქვებით შემკული სულ რამდენიმე ნივთია ცნობილი. აღსანიშნავია ვანში აღმოჩენილი პოლიქრომული გულსაკიდი ფირფიტა, რომელზეც ფერადი ფრინველები და ფასკუნჯებია გამოსახული.
ოქროს პოლიქრომული სამკაული: დიადემები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები და ბეჭდები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გათხრილ მდიდრულ სამარხებში _ მცხეთაში, ურბნისში, ზღუდერში, ბორში, კლდეეთაში, ციხისძირში, ურეკში, ახმეტაში, სიონში, ჟინვალში და სხვაგან. ოქრომჭედლობის ჭეშმარიტი შედევრია II საუკუნის მეორე ნახევრის უნიკალური ჭვირული ყელსაბამი არმაზისხევის პიტიახშთა VI სამარხიდან. ყელსაბამი წვრილი ალმადინებით შემკული ექვსი ერთნაირი ელემენტისა და ასეთივე ჭვირული კოლოფისაგან შედგება. უკანა პირი ოქროს თხელი ფირფიტაა, ყელსაბამი ძალიან მსუბუქია, ჰაეროვანი, წვრილი ოქროს მავთულის რგოლებისაგანაა დამზადებული.

გვიანანტიკური ხანის საქართველოში ვრცელდება ბერძნულ-რომაული წარმოშობის საიუველირო ქვები _ ინტალიოები და კამეები. ზოგიერთ სამკაულზე ქართველი დიდებულების პორტრეტებიც არის გამოსახული, რაც მიუთითებს საქართველოში ქვის მჭრელთა სახელოსნოების არსებობას. ნამდვილი შედევრი ზღუდრის ყელსაბამის კამეაა დელფინზე ამხედრებული ნერეიდას გამოსახულებით.
III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნეში პოლიქრომული სტილის განვითარება ქართულ ოქრომჭედლობაში თავის ლოგიკურ დასასრულს აღწევს. ამ პერიოდის სამკაულში ოქრომ საბოლოოდ დათმო პოზიციები ბრტყლად გათლილი ფერადი თვლებისთვის. გახშირდა ქვის ნაცვლად ფერადი პასტის ინკრუსტაციის ხმარება. პირველად ამ ხანაში ვრცელდება მარგალიტიც.

X-XIII საუკუნეებში ერთიანი ფეოდალური საქართველოს ოქროს ხანად ითვლება. ამ პერიოდში არნახულ გაფურჩქვნას მიაღწია მეცნიერებამ, ლიტერატურამ და ხელოვნებამ. ამ დროის ქართული ეკლესიების კედლებზე შემონახული ფრესკული მხატვრობა ადასტურებს სამკაულის წარმოების აღმავლობას, მაგრამ ნივთიერად სამკაული გასაოცრად მცირე რაოდენობით შემოგვრჩა. თამარ მეფის სადა უპრეტენზიო გულსაკიდი ჯვარი და რამდენიმე სხვა ნივთი. მეფის ოქროს ჯვარი შემკულია ხუთი ბრტყელი ლალით, ოთხი დაწახნაგებული ზურმუხტით და ექვსი მარგალიტით. ჯვრის უკანა პირზე სევადით გამოყვანილი ასომთავრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ მისი მფლობელი მეფეთ-მეფე თამარი იყო. სიცოცხლეში თამარ მეფე ამ ჯვარს არ იშორებდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ ჯვარს დაუმზადეს ტიხრული მინანქრით შემკული სპეციალური ყუთი – სტავროთეკა, და როგორც ქართველი ხალხის ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავი, დასაცავად გადასცეს გელათის მონასტერს. იგი 1921 წლამდე ინახებოდა, სანამ სხვა სამუზეუმო ფასეულობასთან ერთად არ გაიტანეს საფრანგეთში, ხოლო 1945 წელს განძი დაუბრუნდა ქართულ კულტურას.

შუა საუკუნეებში გრძელდებოდა ოქრომჭედლობის უფრო ადრე ჩამოყალიბებული ტრადიციები. ამის მაჩვენებელია ქართველ ოქრომჭედელთა თუ ოქრომქანდაკებელთა _ ასათ  მოქმედის, ბექა და ბეშქენ ოპიზრების, მამნე ოქრომჭედლისა თუ სხვათა შემოქმედება.
შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია თავმოყრილი, გამოირჩევა სიმდიდრით, მრავალფეროვნებითა და მაღალი მხატვრული ღირე¬ბულებებით. ეს კოლექცია ღირსეულ მეტოქეობას უწევს ვენეციის მინანქრის უმდიდრეს საგანძურს. საიუველირო წარმოების ტიხრული მინანქრის უამრავი მინიატურული ხატი და მედალიონი ძველი ქართული ოქრომჭედლობის უკანასკნელი და უდიდესი აღმავლობის მაუწყებელია.
ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარების საწყისი პერიოდის, VIII-IX საუკუნეების ქართული ძეგლები დაკავშირებულია საქართველოსთან არა მარტო ტერიტორიულად, არამედ ორგანულადაც. ქართული მინანქრული ხელოვნების განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი X და XII-XIII საუკუნეებია. ქართული მინანქარი გამოირჩევა იკონოგრაფიული თვალსაზრისითაც: ხახულის (VIII ს.) და შემოქმედის (X ს.) კვადრიფოლიუმები, ფირფიტა `მირქმის~ კომპოზიციით (XII-XIII სს.).

X საუკუნის უცნობმა ქართველმა ხელოსანმა გამოავლინა ფილიგრანის ვირტუოზული ფლობის უნარი. იგი ქმნიდა ანჩისხატისთვის შეწირულ ოქროს ჭვირულ მედალიონებს. XI საუკუნის უნატიფესი ტიხრული მინანქრით შემკუ¬ლი ერთადერთი სამაჯური და იმავე გარნიტურის გულსაკიდი ფირფიტა გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების წარჩინებული ქართველი ქალის სამკაულის სილამაზე. ასევე ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის დმანისის ნაქალაქარზე აღმოჩენილი პატარა განძი, რომელიც შეიცავს სამკაულის მთელ გარნიტურს _ საყურეებს, ყელსაბამს, სამაჯურებს.

საქართველოში XVI საუკუნის ჩათვლით შემონახულია ტიხრული მინანქრის წარმოება. სხვა ქვეყნებში (ბიზანტია, რუსეთი) უფრო ადრე გაქრა და გაძნელდა ტიხრული მინანქრის აღდგენა. 1974 წელს ქართველმა ოსტატმა ვაჟა ჩხეიძემ შეძლო `ღვინისფერი~ მინანქრის მიღება.
XIV-XVIII საუკუნეების ქართული ხელოვნება, მათ შორის ოქრომჭედლობა მოექცა ერთი მხრივ, სეფიანთა ირანისა და მეორე მხრივ ევროპული კულტურის ორმაგი გავლენის ქვეშ. ამის კვალია ირანული ფირუზის მოჭარბება და მინანქრის მოხატულობის გაჩენა ქალის სამკაულში, რომელთა წარმოება კვლავ გამოცოცხლდა, როგორც კი სული მოითქვა დაუსრულებელი ომებისაგან. შუა საუკუნეებში და უფრო გვიან, XIX საუკუნეში, ძვირფასი სამკაულების შესახებ ცნობებს გვაწვდის მზითვის წიგნები. საქართველოს რუსეთთან შეერთების პერიოდის ტიპურ ნაწარმად შეიძლება ჩაითვალოს სამეგრელოს მთავრის მეუღლის _ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულ ეკატერინეს პირადი სამკაულები: დიადემები, სამაჯურები, გულსაკიდი და საყურეები, რომელთაც ინსიგნიის მნიშვნელობაც ჰქონდათ. ისინი დამზადებულია ადგილობრივი ხელოსნების მიერ XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ფირუზის სიჭარბე ირანული ტრადიციების გავლენაზე მეტყველებს, მოხატული მინანქარი (ფინიფტი) მაშინ შედარებით ახალი მოვლენა იყო და ქართულ ოქრომჭედლობაში რუსეთიდან გავრცელდა.

ფ. თავაძის და ი. ანდრიაშვილის ცნობით XVIII_XIX საუკუნეების ჭედური ხელოვნების ოსტატებს შორის აღსანიშნავია მასხარაშვილის, კოსტას, ნიკო გურჯის, როსტომის, მეუნარგიას, ჭედიას, ვახტანგ, კოსტა და ფილუ ძაძამიძეების, სიმონ არჯევანიძის, გიორგი ილურიძის, არჩილ ასათიანის, მიხეილ და დავით მამულაშვილების და სხვათა მიერ შექმნილი თეგური ხელოვნების ნიმუშები (ხატები, აზარფეშები, ყარყარები და სხვ.). თეგური ხელოვნების ნამდვილი ტრადიციების უკანასკნელი წარმომადგენლები არიან მამა-შვილი მიხეილ და დავით მამულაშვილები და მათი ტრადიციების გამგრძელებელი, ჩვენი დროის თეგური ხელოვნების გამორჩეული ოსტატი გიორგი ხანდამაშვილი. აი, რას წერს მამულაშვილების შემოქმედებაზე ქართული ხალხური ხელოვნების გულშემატკივარი არტემ გაბუნია: `ისეთმა სახალხო ოსტატებმა როგორებიც მამა და შვილი მამულაშვილებია და რომლებიც მუშაობდნენ `მთეგავებად~ გასული საუკუნის შუა წლებში მაღალ დონეზე აიყვანეს ჭეშმარიტად ხალხური ხელოვნება. მიხეილ და დავით მამულაშვილების ნაწარმოებებში თითქმის ყოველთვის ჩანს ძველი ქართული ჩუქურთმები, რომელთა ფონზე წარ¬მოდგენილია სხვადასხვა ჟანრის სურათები, ხშირად გაჩუქურთმებულია აგრეთვე ადამიანის გამოსახულებები, რომელნიც ერწყმიან მცენარეულ და გეომეტრიულ ჩუქურთმებს~. (ფ. თავაძე, ი. ანდრიაშვილი,).
ძველი ქართული ოქრომჭედლობის შინაგანი ძარღვი, რომელიც არ გაწყვეტილა ათეული საუკუნეების მანძილზე, უფრო უკეთ გამოსჭვივის XIX ს-ის ყელსაბამ ჯვრებში, რომლებიც ლალითა და ზურმუხტითაა შემკული. მარგალიტის საკიდეებიც უნებლიედ ადრეულ შუა საუკუნეებს გვაგონებს.

XIX საუკუნის თბილისი რჩებოდა ხელოსნობისა და მათ შორის, ლითონის მხატვრული დამუშავების არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის უდიდეს ცენტრად. ოქრომჭედლებისა და `ვერცხლის~ ქუჩაზე ჩამწკრივებულ სახელოსნო-დარბაზებში ქართველი ხელოსნების გვერდით ლეკი და სომეხი ოქრომჭედლები ისხდნენ. მათი ერთობლივი შრომით იქმნებოდა ის განუმეორებელი კოლორიტის მქონე ნაწარმი, რომელსაც თბილისური ეწოდებოდა. ოქრომჭედლობის მეორე მსხვილი ცენტრი საქართველოში, კერძოდ ახალციხეში ცნობილი იყო თავისი სწორუპოვარი ფილიგრანული ნაწარმით. ახალციხური ვერცხლის სარტყლები და ოქრო-ვერცხლის ჭვირული სამკაული დღესაც აღტაცებას იწვევს.

სამკაულის წარმოების უძველესი ტრადიციები არ ჩამკვდარა სოფლად, მთასა თუ ბარში, სამეგრელოსა და იმერეთში, ხევსურეთსა და სვანეთში, სადაც ბოლო დრომდე მზადდებოდა ტრადიციული, სადა, მაგრამ ეპიკური სიდიადით აღსავსე სამკაული.
ვერცხლის სამკაულს ქართველი ოქრომჭედლები ტრადიციულად სევადით ამკობდნენ. სევადი შავი მასაა, რომლითაც ივსებოდა ვერცხლის ნივთებზე ამოკვეთილი ორნამენტი. სევადი კეთილშობილი ლითონის შემკობის ნამდვილად ადგილობრივი ქართული და კავკასიური ხერხია, რომლის ისტორიაც საქართველოში სულ ცოტა ორიათას წელს ითვლის. საქართველოში უძველესი სევადიანი ნივთები – ჟინვალსა და ცხინვალში აღმოჩენილი ვერცხლის თასები I-III საუკუნეებით თარიღდება. შუა საუკუნეებში ჭედური ხატები ხშირად სევადით იყო შემკული. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც სევადს ოქროს ნივთების შესამკობადაც იყენებდნენ. ცნობილია ოქროს რამდენიმე ხატი რომლებზეც ორნამენტი სევადითაა გამოყვანილი.

ც. ზვიადაძის ცნობით XX საუკუნეში ქუთაისში საიუველირო ხელოვნების ტრადიციებს აგრძელებენ: შამშე წულეისკირი, ვალერიან ახვლედიანი, ვარლამ ჯღამაძე, მიხა ქვარიანი, ნესტორ ფანცულაია, ტრიფონ და ვასილ ახვლედიანები, იაკობ ზაქარაია, ვლადიმერ ჩხეტია, სინო ძნელაძე, საბა ქობულაძე, გარსევან კენჭაძე, იოსებ გვეტაძე, კაკო ლომიძე, კოწია ცაგარეიშვილი, ზუგდიდელი ოქრომჭედლები ფილუ ძაძამიძე, ძმები თომა და ამბროსი ჯიქიები და სხვ. ოქრომჭედლები აგრეთვე სხვა ქალაქებში იყვნენ. ვერცხლის სამკაულების დამზადების დამოუკიდებელი კერა არსებობდა სვანეთში.

უნდა აღინიშნოს გიშრის სამკაულთა წარმოების უძველესი ცენტრი იმერეთსა და ოკრიბაში. ქართული გიშერი და გიშრის ნაწარმი საექსპორტო საგანი იყო და საქართველოდან შორს გადიოდა უკვე ანტიკურ ხანაში. გიშერი გამორჩეულად უყვარდა მუდამ ქართველ ხალხს და საუკუნეთა განმავლობაში ეს სიყვარული არ დაკარგულა. გიშრის კეთილშობილური ელვარება მშვენივრად ესადაგებოდა ქართველი ქალის დახვეწილ გემოვნებას, მის სადა, უპრეტენზიო ჩაცმულობასა და სამკაულს.
XIX საუკუნეში ჩვენში ოქრომჭედელს _ იუველირს, რატომღაც მებრილიანტეს (`ბრილიანტჩიკს~) უწოდებდნენ. თბილისსა და ქუთაისში არსებობდა პროფესიული ამქარი, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ოსტატები, ქარგლები და შეგირდები უსტაბაშის ხელმძღვანელობით, ჰქონდათ ამქართა დროშები.

წყარო