ნოდარ ჯავახიშვილი, მასზე დაკისრებული ჯარიმის გამო, პანიკაშია

  17:52:20     10-08-2012

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორი,  ნოდარ ჯავახიშვილი სრულ პანიკაშია. საქმე ეხება,   თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  ბანკ  „ქართუს" 8 თანამშრომელი, მათ შორის ბანკის პრეზიდენტი,  „ქართული ოცნებისთვის"  უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო,  “პარტიისთვის შეწირული თანხების“   ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. 

საქმე ეხება,   მონიტორინგის სამსახურის მიერ,  გაშიფრულ მორიგ აფიორულ ქსელს, რომელშიც  ბიძინა ივანიშვილია გარეული. 12 მარტს, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონის გვერდის ავლის მიზნით   განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე, დააჯარიმა სს  „ქართუ ბანკი“ უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით. 

კონტროლის პალატის ინფორმაციით, კორუფციული სქემის მიხედვით, სს ,,ქართუ ბანკმა“ თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ ,,საზოგადოებრივი მოძრაობა - „ქართული ოცნებისთვის“ შემდგომი გადარიცხვის მიზნით. 

კორუფციული მაქინაცია მალევე  სს ,,ქართუ ბანკის“ თანამშრომლებმა,  ქურდაძე და   ხუხუნეიშვილმა დაადასტურეს, რომლებმაც  პრემიის სახით  44 400 და 37 804 ლარი მიიღეს. აღნიშნული თანხა, მათივე თქმით, თანამშრომლებს, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ უნდა ჩერიცხათ. 

„ქართუსა“ და „ოცნების“ ურთიერთკავშირის გამო,  დღევანდელ სასამართლოზე ბანკის თანამშრომლების გარდა, რვა სუბიექტი დაჯარიმდა. ყველა მათგანი,  „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და „ანგარიშებს“ ფლობდა ივანიშვილის კუთვნილ ბანკში. 

სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, თანხის უკანონოდ გადარიცხვისთვის,  დაჯარიმდნენ:   გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნატო კოპლატაძე, მაგდა მუშკუდიანი, ნინო უძლიაური, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაია, ნატო ხანდრავა, ია გამცემლიძე და დავით გალუაშვილი. კოალიციისთვის შეწირული თანხა კი,  100 ლარიდან 25 ათას ლარამდე მერყეობს. 

პროცესებს მოსამართლეები ნათია ჯორბენაძე, თამარ ონიანი და თეა თადაშვილი უძღვებოდნენ. 

„პრესა.ჯი“- მ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი, ნოდარ ჯავახიშვილსაც სთხოვა, თუმცა, ის იმდენად გაღიზიანებული გახლდათ,  რომ ადექკვატური შეფასების გაკეთება გაუჭირდა. 

ჯავახიშვილი: დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო...უკანონო!!! მოვრჩი მე ამ თემაზე ლაპარაკს. 

„პრესა.ჯი“:  ანუ არც სააპელაციოში გაასაჩივრებთ? 

- არ ვიცი რას გადავწყვეტთ, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით და პოლემიკაში შესვლას ნუ მაიძულებთ. საერთოდ, რატომ რეკავთ ყოველთვის უდროო დროს, აღარასდროს დამირეკოთ!!! 

-  არც  ივანიშვილისა და მისი მეუღლის, საბანკო ანგარიშებიდან, თქვენს პირად ანგარიშზე, 6 მილიონამდე ლარის ჩარიცხვის ფაქტზე გააკეთებთ კომენტარს? 

- ეს ბრალდებაც უკანონოა,  გაიგე ადამიანო.   

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჯავახიშვილმა თანხა ჩარიცხვისთანავე გაიტანა ბანკიდან.  „რადგან ბიძინა ივანიშვილი, მისი საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტია, ამავდროულად, უკვე არაერთხელ აქვს დარღვეული პოლიტიკური დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები, არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ ზემოაღნიშნული ტრანზაქციები, შესაძლოა, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს და ნოდარ ჯავახიშვილის მიერ განაღდებული მილიონობით ლარი ორგანული კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს. 

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს სთხოვა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ“- აღნიშნავენ მოგელაძის უწყებაში.

თუმცა, ჯავახიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მოგელაძის უწყების მიერ მოთხოვნილ ტრანზაქციებს არ დაემთხვა.