პერსი ბიში შელის ერთი ლექსის თარგმანის სამი ვარიანტი

  11:44:51     10-08-2012

1792 წლის 4 აგვისტოს, ფილდ ფლეისში, ინგლისში, დაიბადა დიდი ინგლისელი პოეტი პერსი ბიში შელი (Percy Bysshe Shelley). იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ლირიკოსად ინგლისურენოვან პოეზიაში. შელის მამა - სერ ტიმოთი შელი გახლდათ პარლამენტის წევრი, ხოლო დედა - ელისაბეთ პილფორდი მამულს ფლობდა სასექსში. დაწყებითი განათლება მიიღო სახლში. 1810 წელს ჩაირიცხა ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში. 

მისი პირველი ცოლი იყო ჰარიეთ ვესთბრუქი. როცა იქორწინეს გოგონა მხოლოდ 16 წლის იყო. პოეტის აზრით, მან იხსნა ჰარიეთი ტირანი მამისაგან. რამდენიმე წლის მერე პოეტი დასცილდა ჰარიეთს და დაქორწინდა 17 წლის ქალიშვილზე, მერიზე. 

შელის მეორე მეუღლე იყო ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჟურნალისტისა და მოაზროვნის უილიამ გოდვინის ასული, სახელად მერი. გოდვილის ნაშრომმა „პოლიტიკურმა სამართლიანობამ“ დიდი გავლენა იქონია შელიზე. პოეტისათვის სამართლიანობის იდეები თავისი პოეზიისა და ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრესი თემა იყო. ის მხარს უჭერდა ირლანდიელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში... 

გავიდა წლები, პერსი შელი, მისი მეუღლე მერი და მათი მეგობრები, ცოლ-ქმარი უილიამსები ცხოვრობდნენ ლიგურიის ზღვის პირას, პატარა იტალიურ ქალაქ სპეციასთან ახლოს, ვილაში Casa Nova.

იმ წელს, გაზაფხულზე, შელიმ და ჯორჯ ბაირონმა შეიძინეს შხუნა, რომელსაც ერქვა „არიელი“. შელის არ სცოდნია ცურვა, თუმცა ზღვა ძალიან ჰყვარებია. 

ამ დროისათვის, შელიმ და მისმა ინგლისელმა მეგობარმა, პოეტმა და გამომცემელმა ლეი ჰანთმა და ჯორჯ ბაირონმა  გადაწყვიტეს გამოეცათ ჟურნალი „ლიბერალი”, რომელიც დაუპირისპირდებოდა იმ პერიოდის კონსერვატიულ ინგლისურ პერიოდიკას. ამასთან დაკავშირებით, პოეტი, მისი მეგობარი უილიამსი და ერთი ჭაბუკი მეზღვაური შხუნით გაემგზავრნენ პიზაში, ლეი ჰანთისა და ჯორჯ ბაირონის სანახავად. საქმეზე მოთათბირების შემდეგ, როცა შელი და უილიამსი უკან ბრუნდებოდნენ, გვერდით მოჰყვებოდათ ბაირონი თავისი იახტა  „ბოლივარით“. უცებ ნისლი ჩამოწვა და ამოვარდა ქარიშხალი... 

როცა ბუნება დაწყნარდა, „არიელი“ აღარ ჩანდა... ეს მოხდა 1822 წლის 8 ივლისს. 

ორი დღის მერე ზღვამ გამორიყა ორი ცხედარი. ერთი მათგანი დიდი პოეტისა გახლდათ. ჯიბეში უპოვეს სოფოკლესა და თავისი მეგობრის, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი დიდი პოეტის, ჯონ კიტსის წიგნები. 

იქვე, ზღვის სანაპიროზე დაწვეს შელის ცხედარი. კრემაციას ესწრებოდნენ მისი მეუღლე, ლორდი ჯორჯ ბაირონი და  ლეი ჰანთი. დიდი პოეტის ფერფლი რომში დაკრძალეს თავისი მცირეწლოვანი ვაჟისა და ჯონ კიტსის გვერდით... საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ყოფილა ლათინური წარწერა Cor Cordium (გულთა გული). 

როგორც ამბობენ, გარდაცვალების წინ, რამდენჯერმე დიდ პოეტს მოლანდებია საკუთარი ორეული, რომელსაც მისთვის მოახლოებული სიკვდილის შესახებ უთქვამს. იმასაც ამბობდნენ, გარდაცვლილი მცირეწლოვანი ქალიშვილიც მოელანდაო... 

პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ შელის ლექსს, „სიყვარულის ფილოსოფია“, რომელიც თარგმნეს გივი გაჩეჩილაძემ, ალექსანდრე ელერდაშვილმა და გურამ უგრეხელიძემ. სამივე თარგმანი ვფიქრობ კარგია.

 

სიყვარულის ფილოსოფია

 

(თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ)

 

ყველა ნაკადი მდინარეს ერთვის

და ოკეანეს ყველა მდინარე,

და აღძრავს ქარი ზეცაში, ერთი

მეორის ღელვას ნისლში მძინარეს.

ქვეყნად არავინ დარჩება კენტად,

აერთებს საგნებს კანონი ღვთისა,

რატომ არ უნდა კვლავ უფრო მეტად

გავერთიანდეთ ჩვენც მსგავსად სხვისა?

 

შეხედე, მთები ჰკოცნიან ზეცას

და ზღვა ზვირთებით ეკვრის ნაპირებს,

თუ ივიწყებენ ყვავილნი დებსა,

მათ მიტევებას არვინ აპირებს.

სხივების ხვევნით მზე მიწას მოსავს,

მთვარე ზღვას ჰკოცნის ღამის ოცნებით,

მაგრამ რას ვაქნევ მე იმათ კოცნას,

თუ კი არც შენგან დავიკოცნები?.

 

სიყვარულის ფილოსოფია

 

(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)

 

ამქვეყნად ყველა ნაკადული ერთვის მდინარეს,

ყოველ მდინარეს ელოდება ზღვის სტიქიონი,

ზეციურ ტატნობს, ნეტარებით პირ-მომცინარეს

უერთდებიან ტრამალებზე მქრალი სიონი.

 

არავის აწევს მარტოობა მძიმე კირთებად,

განგებამ ყველას მოწყალების თვალით შეხედა.

სულდგმული სულდგმულს მიესწრაფვის და ენივთება,

მე კი ვერ შევძელ სანატრელო შენთან შეხვედრა.

 

შეხედე მთაც კი შესწვდენია ზეცის ბაგეებს,

ტალღაც კი ტალღაც ჩაჰგრეხია ვნებამორევით,

მომდურებულ დას ძმა სიკეთის ღიმილს აგებებს,

აღარც კი ახსოვს რომ ახრჩობდა ბოღმის მორევი.

 

თუნდ ჩამოცალოს მზემ მიწაზე ალერსის თასი,

თუნდ მოაფრქვიოს მთვარემ ზეცას ვნების ტბორები.

განა ექნება ამ ყველაფერს რაიმე ფასი,

მე შენს ბაგეებს თუკი ვეღარ ვეამბორები?!.

 

სიყვარულის ფილოსოფია

 

(თარგმნა გურამ უგრეხელიძემ)

 

ნაკადულები ერთვის მდინარეს,

მდინარე კი ზღვას შეედინება.

დახლართულ ფრთებით

მიმომდინარეს,

მძვინვარე ქარებს მოელხინება.

თუ ღვთის განგებით წესად ქცეული

ჯერ-არს, რომ ერთად ხარობდეს

ყველა,

ნურც ჩვენ დავრჩებით მარტო, ეული

და ერთობაში ვიპოვოთ შველა.

ცას შეეხიზნა ზვიადი მთები,

ძირს, გადაეჭდნენ ერთად ზვირთები

როგორც ერთგული ძმები და დები,

სიამით ხარობს იქ ყვავილები.

ამბორი უძღვნა ზღვის მორევს

მთვარემ,

მცხუნვარე სხივი მზემ ხმელეთს

სტყორცნა,

მაგრამ რაღად ღირს ყველა ეს, ბარემ:

თუ არ მეღირსა ნანატრი კოცნა?!.