მედვედევის სიმხდალეზე ფილმი, პუტინმა დაუკვეთა

  11:07:35     10-08-2012

ანონიმური ფილმი „დაკარგული დღე“, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროები დიმიტრი მედვედევს 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში საომარი მოქმედებების დაყოვნებაში ადანაშაულებენ, რუსეთში სენსაციად იქცა. ექსპერტების თმით, ამ ფილმით დაიწყო კამპანია მედვედევის შესასუსტებლად და სულ უფრო მეტად გამოითქმის ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი შემკვეთი კრემლში უნდა ეძებონ.

 სიტუაციას საეჭვოს ხდის ის, რომ ამ დრომდე არ არის ცნობილი, ვინ შექმნა ფილმი, სადაც მედვედევის სისუსტეებზეა საუბარი და სადაც გენერალი ბალუევსკი ამბობს, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა იქამდე იყოყმანა საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, ვიდრე პეკინიდან პუტინის „პანჩური“ არ მიიღო. ამ დრომდე არცერთი ტელესტუდია არ აღიარებს, რომ ფილმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

თუმცა, როგორც „ფორბსის“ ჟურნალისტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში „მაღალჩინოსანი წყაროსგან“ შეიტყვეს,  ფილმის გადასაღებად ცხინვალში ჩასული ადამიანები თავს ТВЦ-სა თუ „მეხუთე არხის“ თანამშრომლებად წარადგენდნენ. იმავე წყარომ, აღნიშნულ ფილმს „მედვედევის წინააღმდეგ პროვოკაცია“ უწოდა.

 გამოცემის სხვა წყარო კი, რომელიც კრემლის ადმინისტრაციასთან არის დაახლოებული, იუწყება, რომ ფილმს იღებდა „მეხუთე არხის“ ჯგუფი, შესაძლოა, პრეზიდენტის ჩინოვნიკების ნებართვით. ფედერალური ტელეარხების კურატორად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ალექსეი გრომოვი ითვლება. „მეხუთე არხი“ ნაციონალურ მედიაჯგუფს ეკუთვნის, რომლის თანამფლობელიც (ბანკ „როსიასა“ და „სოგაზის“ მეშვეობით, სადაც ის ასევე თანამფლობელია), იური კოვალჩუკია - პუტინის ძველი მეგობარი და მისი მეზობელი სააგარაკო კოოპერატივ „ოზეროში“.

ჯგუფის პრესმდივანმა ოქსანა რაზუმოვამ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, თუ ვინ არის ფილმის შემკვეთი და ჟურნალისტი „მეხუთე არხთან“ გადაამისამართა, სადაც, არხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ აქვს არანაირი მონაცემები ფილმის გადაღებაში „მეხუთე არხის“ მონაწილეობის შესახებ.

გვიან ღამით კი , თითქმის 6 საათის შემდეგ მოთხოვნიდან, არხმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა „ფორბსს“:
 „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მეხუთე არხის“ ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას ფილმის შექმნაში, სრულიად არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ იურიდიულ სიბრტყეში გადავწყვეტთ საკითხს მათთან, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა“ - ნათქვამია წერილში.

- შეგახსენებთ, რომ ფილმმა წაახდინა მედვედევის ერთადერთი გმირული საქციელი მის კარიერაში - საქართველოსთან ომის პირადი ხელმძღვანელობა - ამბობს „ფორბსის“ წყარო. მითუმეტეს, რომ თავად მედვედევის ვერსია სრულიად განსხვავებულია პუტინისა და ფილმში მონაწილე სამხედროების ვერსიისგან, რადგან ის ამტკიცებს, რომ საომარი მოქმედებების დაწყების ბრძანება დამოუკიდებლად - ქვეშევრდომებთან და პატრონთან შეუთანხმებლად მიიღო.

პოლიტოლოგ ევგენი მინჩენკოს თქმით, შესაძლოა, პუტინი არც იყოს პირდაპირი შემკვეთი ამ ფილმისა:
 „მედვედევს მიეცა შესაძლებლობა, შეექმნა თავისი ეკონომიკური იმპერია. ეს დაძაბულობას ქმნის სხვა ელიტურ კლანებში. არ გამოვრიცხავ, რომ მიდის ბრძოლა მედვედევის, არა როგორც პოლიტიკური ფიგურის, არამედ, როგორც ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ანაწილებს ფინანსურ ნაკადებს. მას აქვს რეიტინგი და ყველა საშუალება, აპელირება მოხდინოს ელექტორატზე. იმ ადამიანების ამოცანა, რომლებმაც ფილმი შემოაგდეს - მედვედევის გავლენის მაქსიმალური შესუსტებაა“ - ამბობს მინჩენკო.
გაზეთი „ვედომოსტი“ წერს, რომ ერთ-ერთმა სატელევიზიო დოკუმენტალისტმა ასეთი ფილმი 15 ათას დოლარად შეაფასა და მას თვითშემოქმედება უწოდა. ის გულისხმობდა, რომ ბევრი მასალა ინტერნეტიდან იყო აღებული.
 საგულისხმოა, რომ ჟურნალისტმა, - როგორც ამბობენ, „რია ნოვოსტიდან“, რომელმაც პირველმა დაუსვა კითხვა პუტინს ამ ფილმზე, თქვა, რომ ფილმი შექმნეს სამხრეთოსეთელმა დოკუმენტალისტებმა. ტიტრებში კი მითითებულია, რომ ფილმი გადაღებულია სტუდია „ალფაში“, ქალაქ ტვერში 2013 წელს - სწორედ ასე, ალბათ, შეცდომით.
„ლენტა რუ“ ვარაუდობს, რომ ფილმი ერთბაშად არ გადაუღიათ და ის, შესაძლოა, 2012 წლის არჩევნებისთვისაც მზადდებოდა. საიტი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ფრაგმენტში გენერალი ბალუევსკი ამბობს - თავად ჰკითხეთ ეს უმაღლეს მთავარსარდალს, ბატონ მედვედევსო. ანუ მედვედევი მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო.

გამოდის, რომ ძალოვანი ფრთა მმართველი ელიტისა, რომელიც მხარს უჭერს პუტინს, ძირს უთხრის ზომიერ ფრთას პრემიერის ხელმძღვანელობით - ასკვნის „ლენტა რუ“ და იხსენებს, რომ ვარაუდი იმაზე, რომ პუტინი მალე მოიშორებს მედვედევს, მაშინვე გაჩნდა, რაც მედვედევს მთავრობის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

სხვათა შორის, პუტინმა ორჯერ მოისმინა ჟურნალისტებისგან ამ ფილმის შესახებ და არცერთხელ არ გამოუთქვამს გაოცება, რომ ვიღაც ავრცელებს „აპოკრიფულ ვერსიას“ 4 წლის წინანდელი მოვლენებისას - წერს „პოსთაიმს რუ“.
მედვედევი კი თემას, დაჟინებით აგრძელებს „ფეისბუქში“:

„7-დან 8 აგვისტოს ღამეს, როცა აგრესია დაიწყო, მე ველაპარაკე მხოლოდ თავდაცვის მინისტრს და შსს-ს თანამშრომლებს. სწორედ თავდაცვის მინისტრს, დაახლოებით დილის 4-ზე მივეცი ბრძანება საპასუხი შეტევის დაწყების შესახებ. მეტი არანაირი საუბარი აღარ ყოფილა. ამის მერე, დილით გავფრინდი მოსკოვში და ჩავატარე უშიშროების საბჭოს სხდომა. პუტინთან, რომელიც პეკინში იმყოფებოდა, მე პირველად, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვილაპარაკე - 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით, საღამოს 6 საათზე“ - დაწერა „ღირსებააყრილმა მთავარსარდალმა“.

პუტინის პრესმდივანი კი, ამ რბილად რომ ვთქვათ უხერხულობის შემდეგაც, ამტკიცებს, რომ პუტინმა „გულახდილად გაიხსენა“ ის დღეები და ამ თემაზე სალაპარაკო აღარაფერი აქვს. პესკოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დიახაც, პუტინი, პეკინიდან გადაწყვეტილების მიღების მომენტში ეკონტაქტებოდა მედვედევს და არა, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, მის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ.