"პრესა.ჯი"-ს ინფორმაცია დადასტურდა

  16:59:28     09-08-2012

რამდენიმე საათის წინ,  ნინო ანზოროვნამ  საზოგადოებას აუწყა, რომ “დემოკრატიული მოძრაობა",  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურ მიზეზად,  ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო გარემო დაასახელა. თუმცა,  გასათვალისწინებელია შემდეგი ფრაზა, რომელიც   შემოგვაპარა: „მართალია,  არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებ, მაგრამ ოპოზიციას წარმატებას ვუსურვებ“. 

„პრესა.ჯი“-ს მკითხველს „ლედი ნინოს“  ეს განცხადება არ გაჰკვირვებია, რადგან, ჩვენ ჯერ კიდევ 25 ივლისს ვწერდით ივანიშვილ-ბურჯანაძის ფარული პაემნის შესახებ, რომელიც „შუშის კოლბაში“ შედგა.  მილიარდერმა,  მაშინ,  ბურჯანაძე დახურულ შეხვედრაზე მიიწვია და ულტიმატუმი აჯახა. 

ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, „ფქვილის პრინცესას“ უარი უნდა ეთქვა  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, სანაცვლოდ კი,  დიდ ფულს მიიღებდა. 

ასემც აგიხდეთ ყველაფერი... ბურჯანაძემ,  დღეს,  სამგვერდიანი განცხადება გამოამზეურა, რომლის პირველ ორ გვერდზე მმართველი გუნდის „წნეხზე“ იყო საუბარი. ბოლოს კი,  ბოიკოტის მიზეზებზეც საუბრობდა.. 

„საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელმა ხელისუფლებამ უმძიმესი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი გააკეთა. ასეთ გარემოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დიდი ხანია, დაწყებული აქვს.

მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების პერიოდული გამოქვეყნებით "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. გარდაუვალ გამარჯვებასთან შეგუება მიმდინარეობს. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების მოსვლა და სისტემური ცვლილებების უზრუნველყოფა. 

ჩვენი პოლიტიკური ძალა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ჩამოყალიბებით, მაგრამ ერთობა ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიციისა და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში არსებული რეჟიმი დაამარცხოს.

"დემოკრატიული მოძრაობა" დიდი ნაწილის პოზიციას ანგარიშს უწევს, ჩვენ ამ ეტაპზე უარს ვამბობთ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისთვის ხმების წართმევას ხელი არ შევუწყოთ. პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში", -  აცხადებს ბურჯანაძე. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიონი დაემატება, პურის მაფიით ნაშოვნ მილიონებს, თუმცა,  თუ გავითვალისწინებთ, ნინოს პოლიტ–გამოცდილებას, ის სინდისს სარფიანად ყიდის ხოლმე. 

„პრესა.ჯი“, ოლიგარქის განწყობის გასაგებად ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძესაც დაუკავშირდა, ფანჯიკიძე ჩვენთან საუბრისას მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „მადლობა,  ქალბატონ ნინოს,  კეთილი სურვილებისთვის!!!“.

იხილეთ წინა სტატია