
სიქჰების მკვლელი რასისტი იყო
16:20:03     07-08-2012
ამერიკელი გამომძიებლების დასკვნით, რომლებიც 5 აგვისტოს უისკონსინის შტატში მომხდარ მასობრივ მკვლელობას იძიებენ, მამაკაცი, რომელმაც 6 ადამიანი მოკლა, რასისტია, იუწყება Fox News.
როგორც FBI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, 40 წლის უეიდ მაიკლ ფეიჯერი რასისტული დაჰგუფების წევრი იყო. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ დანაშაული მან მარტომ დაგეგმა.
ცნობილია, თავდამსხმელი 1992-დან 1998 წლამდე ჯარში მსახურობდა. იგი არადისციპლინური ქმედებებით გამოირჩეოდა.
გამომძიებლები ასევე აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა ტაძარში, შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტერორიზმი.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს უეიდ მაიკლ ფეიჯერი სიქჰების ტაძარში შეიჭრა და უმისამართო ცეცხლი გახსნა, რომლის დროსაც 6 ადამიანი გარდაიცვალა - 4 შენობაში და 2 ქუჩაში. მოკლულია სიქჰების წინამძღვარიც.
თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციასაც, მოკლა ერთ-ერთი მათგანი, რმელსაც ცხრაჯერ ესროლა. ორმხრივი სროლის დროს თავად თავდამსხმელიც დაიღუპა. ამას გარდა, სამი დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება. დანაშაულს FBI იძიებს.
ინციდენტი პატარა ქალაქ ოუკ-კრიკში მოხდა, მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი სიქჰების ტაძარში იყრიდა თავს. სიქჰების უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედება მუსულმანების სიძულვილმა განაპირობა, რომლებთანაც სიქჰებს ხშირად შეცდომით აიგივებენ.