გი დე მოპასანი - „მზითევი“
08:58:48     06-08-2012
1850 წლის 5 აგვისტოს, საფრანგეთში, ნორმანდიაში, ქალაქ დიეპთან ახლოს მდებარე შატო მირომენილში, დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი.
პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს გენიალური გი დე მოპასანის შესანიშნავი მოთხრობები: „დუელი“, რომელიც თარგმნა იროდიონ ქავჟარაძემ და „მინდვრებში“, რომელიც თარგმნა ნატალია ცაგარელმა. დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ შესანიშნავ მოთხრობას „მზითევი“, რომელიც თარგმნა ნანა ახალაძემ.
დიდი მწერლის სრული სახელია ანრი რენე ალბერ გი დე მოპასანი (Henry René Albert Guy de Maupassant). მამა ძველი არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ისინი ლორენიდან (ლოთარინგიიდან) გადმოსახლებულან ნორმანდიაში, დიდი მწერლის დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე. დედა ლორა დე პუატვენი ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელი იყო.
სწავლობდა ივტოს სემინარიაში, საიდანაც დაითხოვეს. შემდეგ რუანის ლიცეუმში გააგრძელებინეს სწავლა, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა მოსწავლემ. გატაცებული იყო პოეზიითა და თეატრით.
1870 წელს დაიწყო პრუსია-საფრანგეთის ომი. ახალგაზრდა გი დე მოპასანი არმიაში მოხალისედ ჩაეწერა. მსახურობდა რიგითად. 1871 წელს ომის დამთავრების შემდეგ იგი პარიზში გადავიდა. მათი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყო. იძულებული იყო კლერკად ემუშავა საზღვაო დეპარტამენტში.
დიდი გუსტავ ფლობერი მისი დედის ახლობელი გახლდათ. მომავალმა მწერალმა პარიზში, ფლობერის სახლში არა ერთი დიდი ადამიანი გაიცნო. 1878 წელს ის სახალხო ინსტრუქციის სამინისტროში გადაჰყავთ, სადაც რამდენიმე წამყვანი გაზეთის („ფიგარო“, „ჟილ ბლა“, „გოლუა“ და „ეკო დე პარი“) რედაქტორობდა.
თავისუფალ დროს მოთხრობებსა და ესსეებს წერდა. გატაცებით წერდა და შემდეგ ხევდა თავის ნაწარმოებებს, სანამ ფლობერმა არ მოიწონა მისი ქმნილებანი.
1880 წელს კრებულში „მედანის საღამოები“ დაიბეჭდა მისი პირველი ნოველა „ფუნთუშა“. ამ ნაწარმოებმა პოპულარობა მოუტანა. ამავე წელს გამოქვეყნდა კრებული 'ლექსები', შემდეგ ნოველათა კრებულები 'ტელიეს სახლი' (1881), „მადმუაზელ ფიფი“ (1882), „ვალდშნეპის მოთხრობები“ (1884), 'დღისა და ღამის ზღაპრები' (1885), 'პაწაწა როკი' (1886).
მწერლის დიდი ოსტატობა ჩანს, როგორც მის შესანიშნავ მოთხრობებში, ასევე რომანებში, „წუთისოფელი“ (1883), „ლამაზი მეგობარი“ (1885), 'მანტ-ორიოლი' (1886), 'პიერი და ჟანი', 'სიკვდილივით ძლიერი', „ჩვენი გული“. „წუთისოფელი“ გამოცემის წელსვე 25 000 ტირაჟით გაიყიდა, „ლამაზი მეგობარი“ 4 თვის მანძილზე 37-ჯერ გამოუციათ...
ლიტერატურულმა მოღვაწეობამ კარგი შემოსავალი მოუტანა. ეხმარებოდა დედას და ძმის ოჯახს. თუმცა, დაძაბულმა მუშაობამ ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე... უყვარდა განმარტოება. ბევრი იმოგზაურა ალჟირში, იტალიაში, ინგლისში, ბრეტონში, სიცილიასა და ოვერნში, და ყოველი მოგზაურობიდან ახალი კრებულით ბრუნდებოდა. ის თავისი კერძო იახტით ”ბელ-ამი” მოგზაურობდა, რომელსაც სახელი საკუთარი რომანიდან დაარქვა.
დაავადებული იყო სიფილისით, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ფსიქიკას. ცხოვრების ბოლო წლებში დიდ მწერალს სულიერ ავადმყოფად თვლიდნენ.
გი დე მოპასანი გარდაიცვალა, 1893 წლის 6 ივლისს, ვერ მოსწრო 43 წლის ასაკამდე მიღწევა...
დიდი მწერალი დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში.
მზითევი
(თარგმნა ნანა ახალაძემ)
ბატონი დე ლებრიუმანის ქორწინება მადმუაზელ ჟანა კორდიესთან, გამოტეხილად უნდა ითქვას, არავისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ახალგაზრდა კაცმა ის-ის იყო ბატონ პაპიონის სანოტარო კანტორა შეიძინა, რასაც, ეჭვგარეშეა, საკმაოდ დიდძალი თანხა დასჭირდებოდა. ჰოდა, ჟანა კორდიეც იმ სასურველ საპატარძლოებს შორის მოიხსენიებოდა, ვისაც მზითევის სახით ნაღდ ფულზე სამი ათასი ფრანკი საბანკო ბილეთები გააჩნდა და ანგარიშის პირადი ნომრის მფლობელიც გახლდათ.
ლებრიუმანის უზადო გარეგნობას ემატებოდა თავისებური პეწი და სიდარბაისლე, მიმზიდველი მიხრა-მოხრა, ასერიგად რომ ამშვენებდა ახალგაზრდა ნოტარიუსს, რომლის მსგავსნიც იშვიათად თუ შეგხვდებოდათ ბუტინ დე რებურის პროვინციაში.
ელეგანტური და მოხდენილი, ქორფა მადმუაზელ კორდიე დახვეწილი მანერებით მაინცდამაინც ვერ მოიწონებდა თავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ მხარეში გამორჩეულ ქალიშვილებში ითვლებოდა.
სიმონ ლებრიუმანისა და ჟანა კორდიეს საქორწინო ცერემონიალმა მთელ ბრეტონში ხმაურით ჩაიარა. ახალდაქორწინებულების აღტაცებას ბოლო არ უჩანდა. თაფლობის პირველი თვეები მათ ოჯახურ გარემოში გაატარეს, შემდგომში კი რამდენიმე დღით პარიზში გასეირნება გადაწყვიტეს.
ახალგაზრდა წყვილს ერთად ყოფნა დიდ ნეტარებას ანიჭებდა. ცოლქმრული თანაცხოვრების პირველი დღეებიდანვე ლებრიუმანი ისეთ ტაქტსა და სინაზეს იჩენდა მეუღლის მიმართ, რომ ახალგაზრდა ქალის გული ერთბაშად დაიპყრო. „მოთმინების უნარი თუ გაქვს, ყველგან გაიმარჯვებ“, - ასე ფიქრობდა ნოტარიუსი და იყო კიდეც მომთმენიც და შეუპოვარიც, აკი ამიტომაც აუხდა ასე სწრაფად ოცნებები.
მათი ქორწინებიდან რამდენიმე დღე გავიდა. მადამ ლებრიუმანი მოხიბლული იყო თავისი მეუღლით. სულ მის სიახლოვეს სურდა ყოფნა, რომ უსასრულო ფერებაში გაეტარებინა დრო, მოალერსებოდა ხელებზე, ცხვირსა და წვერებზე... ქმრის მუხლებზე დამჯდარი, ყურებში ჩაავლებდა ხოლმე ხელებს და თან დასძენდა: „აბა, ტუჩები გახსენი და თვალები მუჭუტე~~“... ჰოდა, ლებრიუმანიც, ცოლის ნეტარებას დაყოლილი, თვალებს სანახევროდ მოჭუტავდა და მადამ დე ლებრიუმანი ისეთ ამბორს უბოძებდა, რომ მეუღლეს ტანში ჟრჟოლა დაუვლიდა, თუმცა საპასუხო ალერსით არც ერთხელ არ გაუნებივრებია ახალშერთული ქალი.
პირველი კვირა რომ მიიწურა, სიმონ ლებრიუმანმა თავისი ცხოვრების ახალგაზრდა თანამგზავრს მათი სამომავლო გეგმები მოკრძალებულად შეახსენა.
- ჩემო კარგო, თანახმა თუ ხარ, მომავალ სამშაბათს გავემგზავროთ პარიზში და ისე გავერთოთ, როგორც შეყვარებულები... ვეწვიოთ რესტორნებს, კაბარეებს, თეატრებს, ერთი სიტყვით, ყველგან... ყველგან ვიგრიალოთ, სადაც გულს გაუხარდება.
ქალი სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.
- ჰო, ჰო! რა თქმა უნდა, გავემგზავრებით და რაც შეიძლება მალე, ძვირფასო!..
ქმარი განაგრძობდა:
- ჰო, მართლა! რაიმე რომ არ დაგვავიწყდეს, წინასწარვე გააფრთხილე მამაშენი, მზითევი მოგიმზადოს, ჩვენ მას თან ვიქონიებთ, ამრიგად, ბატონი პაპიონისთვისაც შევძლებთ დარჩენილი თანხის გადახდას.
- მე ხვალ დილითვე მოვახსენებ მამაჩემს ამის თაობაზე, - პასუხი გასცა ქალმა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ლებრიუმანმა ცოლს ისე ნაზად შემოხვია ხელები და ისე მაგრად ჩაიკრა გულში, თავდავიწყებამდე რომ მიჰყავდა ქალი ამ მცირე ერთად გატარებული დღეების განმავლობაში.
სამშაბათი დღეც დადგა. მშობლებმა სადგურამდე გააცილეს ქალიშვილი და სიძე, რომლებიც პარიზს მიემგზავრებოდნენ.
- ჩემს სიტყვას თუ დაუჯერებთ, წინდაუხედაობა უნდა იყოს ამოდენა ფულის პორტფელით ტარება, - შეჰბედა სიმამრმა სიძეს.
ახალგაზრდა ნოტარიუსს გაეღიმა.
- ჩემო ძვირფასო სიმამრო, დარდი ნუ გექნებათ, ასეთი რამეები ჩემთვის უცხო არ არის, კარგად მოგეხსენებათ, ჩემი პროფესიის წყალობით მილიონებიც მიტარებია ჩანთით. ამასთან, თუ თან გვექნება თანხა, ზედმეტ ფორმალობასაც ავიცილებთ, რაც ჩვენს გამგზავრებას გადაავადებდა. გთხოვთ, გულთან არ გაიკაროთ და არ იჯავროთ ამაზე.
ამასობაში მატარებლის გამცილებლის ხმაც გაისმა:
- პარიზში მიმავალ მგზავრებს გთხოვთ, ჩასხდეთ ვაგონებში.
ცოლ-ქმარმა სასწრაფოდ მიაშურა თავიანთ კუპეს, სადაც ორი ხანდაზმული ქალბატონი უკვე იჯდა.
- რა დასანანია! მგონი, აქ გაბოლებასაც ვერ შევძლებთ, - ყურში წასჩურჩულა მეუღლეს ლებრიუმანმა.
- ჩემთვისაც მოსაწყენი იქნება აქ ალბათ, ისე, სხვათა შორის, შენი სიგარეტი სულაც არ მადარდებს, _ მიუგო ქალმა.
მატარებელმა დაუსტვინა და დაიძრა. მოგზაურობამ ერთ საათს გასტანა. მთელი ამ დროის მანძილზე მათ თითქმის სულაც არ ამოუღიათ ხმა, რადგან მოხუცი ქალბატონებიც ფხიზლობდნენ.
სენ-ლაზარის სადგურში რომ შევიდნენ, ნოტარიუსი მეუღლეს მიუბრუნდა:
- საყვარელო, თუ ისურვებ, ბულვარის რესტორანში ვისაუზმოთ. იქიდან გულდამშვიდებულები დავბრუნდებით, ჩემოდნებსაც სასტუმროში ავიტანთ და იქვე დავბინავდებით.
ქალმა მაშინვე აიტაცა ქმრის წინადადება.
- აგრე იყოს. წავიდეთ რესტორანში. აქედან შორსაა?
- ცოტათი მოშორებით კია, მაგრამ არა უშავს, ომნიბუსში ჩავსხდეთ, - უპასუხა ქმარმა.
ქალს უზომო განცვიფრება გამოეხატა სახეზე.
- ეს როგორ? განა ეტლს არ დავიქირავებთ?
- აი, თურმე რა „მომჭირნე“ ყოფილხარ, ჩემო ლამაზო. მეეტლე წუთში ექვს სუს თხოულობს, ასე ხელგაშლილი თუ ვიქნებით, ჩვენი ქისაც ყუაზე დავა, - ღიმილით „დატუქსა“ ქმარმა.
- ჰო, მართალი ხარ, ალბათ! - დარცხვენით დაუდასტურა ქალმა.
გზაზე სამი ცხენის სიმძლავრის მოდიდო ომნიბუსი გამოჩნდა.
- კონდუქტორ, ეჰეი, კონდუქტორ! - გასძახა ლებრიუმანმა.
მძიმე ომნიბუსი გაჩერდა. ახალგაზრდა კაცმა ცოლს ხელი გამოსდო და წასჩურჩულა:
- ჟანა, შენ სიღრმეში შედი. მე, ზევით, იმპერიალზე ავცოცდები და ერთ სიგარეტს მაინც გავაბოლებ.
ქალმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ კონდუქტორმა უცბად მკლავზე წაავლო ხელი, საფეხურზე ასვლაში რომ წაშველებოდა და ომნიბუსში აეყვანა. დამფრთხალი ქალი ერთბაშად მოეშვა სკამზე, თან ფართოდ გახელილი თვალებით უკანა ვიტრინიდან შეჰყურებდა ქმრის ფეხებს, რომელიც იმპერიალისაკენ მიცოცავდა.
ჟანა გახევებული იჯდა თამბაქოს სუნით აყროლებულ მომსხო ტანის ბატონსა და მოხუც ქალს შორის, რომელსაც ძაღლის სუნი ასდიოდა.
უხმოდ ჩამწკრივებულ დანარჩენ მგზავრებს შეადგენდნენ: ახალგაზრდა ბაყალი, მუშა ქალი, ქვეითი არმიის სერჟანტი, ოქროსსათვალიანი ბატონი, უზარმაზარფარფლებიანი შლაპით, რომლის ბოლოებიც საწვეთურივით იყო წინ წამოწეული. ამათ გარდა, კიდევ იყვნენ: ორი ქედმაღლური იერის ქალბატონი, რომელთა სახეებზე აშკარად იკითხებოდა: მართალია, ჩვენ დღეს აქ ვართ, მაგრამ ამათ შორის ყოფნა ნამდვილად არ გვეკადრებაო, და კიდევ ორი მონაზონი, გრძელთმიანი ქალიშვილი და დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.
ჟანას ყველა გროტესკთა მუზეუმის კარიკატურების კოლექციასა და გაშარჟებულ ადამიანთა სახეების სერიალს აგონებდა, ისე ჰგავდნენ კომიკურ ტიკინებს. სწორედ ისეთებს, ბაზრობაზე ბურთებს რომ ესვრიან ხოლმე. ომნიბუსის ჯაყჯაყი მათ თავებს აქეთ-იქით აქანავებდა და უსიცოცხლო ლოყებს ატოკებდა. ბორბლების რყევა მათზე გამაბრუებლად მოქმედებდა და ჩაძინებულ ან სულაც გამოთაყვანებულ იდიოტებს განასახიერებდნენ.
ახალგაზრდა ქალი ისევ ისე გაუნძრევლად იჯდა. „ჩემი ქმარი ახლა ჩემ გვერდით რატომ არ უნდა იყოს? - თავისთვის გამოთქვამდა საყვედურს მეუღლის მისამართით. გულზე შემოწოლილი მძიმე სევდა სულს უხუთავდა. „ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ერთ სიგარეტზე უარის თქმა?!“
მონაზვნებმა კონდუქტორს ომნიბუსის გაჩერება სთხოვეს, ერთიმეორის შემდეგ ჩავიდნენ და ირგვლივ ნესტიანი ქვედაკაბის უსიამოვნო სუნი დაატრიალეს.
ომნიბუსი დაიძრა, შემდეგ ისევ გაჩერდა, ახლა ჭარხალივით აწითლებული მზარეული ქალი ამოვიდა ქოშინ-ქოშინით, იქვე კართან ახლოს ჩამოჯდა და მუხლებზე სურსათ-სანოვაგით სავსე კალათა დაიდგა.
ომნიბუსში ნარეცხი წყლის გულისამრევი სუნი დადგა.
- ეჰ! რას ვიფიქრებდი, ასე შორს თუ იყო! - თავის თავს უტყდებოდა ფიქრებით დამძიმებული.
შემდეგ გაჩერებაზე დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ჩავიდა, იგი მეეტლემ შეცვალა, საჯინიბოს სუნი რომ ასდიოდა. გრძელთმიანი ქალიშვილი ჩაანაცვლა კომისიონერმა, რომლის ნარბენი ფეხები ოფლის სუნს გამოსცემდა.
ოტარიუსის ცოლს მეტის ატანა აღარ შეეძლო, ლამის გულზიდვა დაემართა, ტირილი მოუნდა, რატომ, თვითონაც ვერ გაეაზრებინა. მგზავრები ისევ ჩადიოდნენ და ამოდიოდნენ. „ძველებს“ „ახლები“ მიჰყვებოდნენ, ომნიბუსი კი წინ მიიწევდა უთავბოლო ქუჩების გავლით, სადგურებში ჩერდებოდა და ისევ განაგრძობდა გზას.
- უჰ! ეს ტიალი გზაც რომ არ დაილია! - აღმოხდა მადამ ლებრიუმანს, - ნეტავ ხომ არ გამორჩა, ან სულაც ჩაეძინა, ბოლო დღეები ისე გადაღლილი ჩანდა!..
ომნიბუსის მგზავრები თანდათან გაიკრიფნენ. ჟანა მარტოდმარტო დარჩა.
- ვოჟირარი! - გაისმა კონდუქტორის მძლავრი ხმა.
ქალი ისევ ისე უძრავად იჯდა ერთ ადგილას.
- ვოჟირარი! - ისევ გაიმეორა კონდუქტორმა.
ჟანა მიხვდა, რომ ეს სიტყვები მის გასაგონად იყო წარმოთქმული.
- აა, სად ვართ ახლა? - გამოერკვა ქალი.
- მოვედით, ქალბატონო, ვოჟირარში. ნუთუ ვერ გაიგონეთ, ეშმაკმა დასწყევლოს, ბარე ოცჯერ მაინც დავიძახე, - გაბრაზებული ტონით გამოეპასუხა კონდუქტორი.
- ბულვარი აქედან შორსაა? - იკითხა ქალმა.
- რომელი ბულვარი?
- იტალიელების.
- რა ხანია გამოვიარეთ, მადამ!..
- იქნებ ინებოთ და ჩემი ქმარი გააფრთხილოთ!
- რაო, რა თქვით? თქვენი ქმარი, მერედა სად არის?
- იმპერიალზე.
- იქ არავინაა, მადამ.
ქალი გაოგნდა.
- როგორ? ეს შეუძლებელია. ჩვენ ერთად ამოვედით. კარგად დახედეთ, იქ უნდა იყოს.
კონდუქტორის ხმა თანდათან უფრო უხეში ხდებოდა.
- მე უკვე გითხარით, თუმცა რა არის აქ სადარდებელი, უთქვამთ, ერთი კაცი თუ დაიკარგა, ათასს იპოვითო. ის აღარაა, მორჩა, გაიქცა. ნუ გეშინიათ, სხვას შეხვდებით.
ჟანას ცრემლებით აევსო თვალის უპეები: იგი მაინც არ ეშვებოდა კონდუქტორს:
- ცდებით, ბატონო, უსათუოდ ცდებით, გარწმუნებთ, ცდებით. მას ხელში მოზრდილი პორტფელი ეჭირა.
კაცს ხარხარი აუვარდა.
- პორფტელი? დიახ! დიახ! ვიცი ვინცაა, წმინდა მადლენის სადგურზე ჩავიდა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ის ხომ თქვენ გაგეპარათ... აჰ, აჰ, რა დასანანია!
ბოლოს და ბოლოს, მადამ ლებრიუმანი ომნიბუსიდან ჩამოვიდა და მისდა უნებურად, თვალის ინსტინქტური მოძრაობით იმპერიალს ახედა. იქ სიცარიელე იყო.
ჟანამ ხმამაღლა მორთო ტირილი, სულაც არ ადარდებდა, რას იტყოდნენ გამვლელები, მას რომ მისჩერებოდნენ.
- ახლა რა უნდა ვქნა მე უბედურმა?
მათ პოლიციის აგენტი მიუახლოვდა.
- რა ხდება აქ?
- ეს ქალბატონი მეუღლემ გზაში მიატოვა, - ირონიული ტონით გასცა პასუხი კონდუქტორმა.
- კარგი, კარგი. თქვენს საქმეს მიხედეთ, - ურჩია პოლიციელმა.
ქალი ბოლთის ცემას მოჰყვა ქუჩაში. თავზარდაცემულსა და თითქმის გაგიჟებამდე მისულს, ვერაფრით გაეცნობიერებინა, რა ხდებოდა მის თავს. რა უნდა ქნას ახლა, საით წავიდეს? იმას რა დაემართა, საიდან მოდის ასეთი შეცდომა, რატომ ააგდებინა თავი აბუჩად, ასეთი უჭკუობა გაგონილა?
ჯიბეში მხოლოდ ორი ფრანკი აღმოაჩნდა. ვის მიადგეს? და მოულოდნელად ბიძაშვილი ბარალი გაახსენდა, საზღვაო სამინისტროში უფროსის მოადგილედ რომ მუშაობდა.
ეს თანხა ეტლის დასაქირავებლად კმაროდა და მანაც სწორედ მაშინ მიუსწრო თავის ბიძაშვილს, სამინისტროში წასასვლელად რომ ემზადებოდა. მასაც, ლებრიუმანივით, იღლიის ქვეშ საკმაოდ მოზრდილი პორტფელი ჰქონდა ამოდებული.
ეტლიდან გადმოვიდა თუ არა, ჟანა მისკენ გაქანდა.
- ანრი! - ხმამაღლა დაუძახა ჟანამ.
მამაკაცი სახტად დარჩა.
- ეს როგორ, ჟანა, შეენ? ასე მარტოდმარტო? რასა იქმ, საიდან მოდიხარ?
ჟანა ცრემლებს ვერ იკავებდა.
- ქმარი, ჩემი ქმარი... სულ ახლახან გაქრა... - ძლივს ამოღერღა მან.
- გაქრა, სად, სად გაქრა?
- აი, იქ, ომნიბუსში, ჰო, ომნიბუსში.
- ომნიბუსში?.. ოჰ!..
და ქალმაც სლუკუნ-სლუკუნით უამბო ბიძაშვილს, რაც თავს გადახდა. ეს უკანასკნელი ჩაფიქრებული უსმენდა. მერე ჩაეკითხა:
- ამ დილით ის ვაჟბატონი კარგ გუნებაზე იყო?
- დიახ, ბატონო.
- კარგი.
ერთი ეს მითხარი, ბევრი ფული ჰქონდა თან?
- ჰო, ბევრი, ბევრი ფული. მთელი ჩემი მზითევი.
- თქვენი მზითევი მთლიანად?
- მთლიანად. ამ ფულიდან სანოტარო კანტორის დარჩენილი ვალიც უნდა გადაეხადა.
- კეთილი. ჩემო ძვირფასო ბიძაშვილო, აი, რა... თქვენი ქმარი სულ მალე ბელგიის საზღვარს გადალახავს ალბათ...
ჟანას თითქოს ყურთასმენა წაერთვა. აღარაფერი ესმოდა და თავისთვის ლუღლუღებდა:
- თქვენ თქვით, ჩემი ქმარი...
- ჰო, გიმეორებთ, მან მთელი თქვენი კაპიტალი გაიტაცა. ვერაფერს გააწყობ. წასული საქმეა.
ჟანა სუნთქვაშეკრული ისევ ისე ფეხზე იდგა და ხმადაბლა წარმოთქვამდა: - ოჰ! ეს არამზადა! ეს გარეწარი! - შემდეგ ღონემიხდილმა თავის ბიძაშვილს მიაყრდნო მკერდზე თავი.
ქუჩაში ხალხი მიდი-მოდიოდა და მათ აკვირდებოდა. კაცმა ნაზად მოიშორა ქალი. შემდეგ ხელი მოჰკიდა და კიბის საფეხურებზე ასვლაში წაეხმარა.
დღეისათვის უკვე დათხოვნილი მოსამსახურე კარს კეტავდა:
- სოფი, აბა გაიქეცი რესტორანში, შეუკვეთე ორი კაცისთვის საუზმე და აქ მოიტანე. დღეს სამინისტროში აღარ მივდივარ..