ივანიშვილისგან დაბნეული კალაძე, აგდებული ალდამოვი და არეული ოლიმპიელები!

  08:20:45     06-08-2012

თავის დროზე,  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლაპარაკობდნენ, რომ ზვიადმა ლაკმუსი გადაასხა ხალხს - ერთ მხარეს აღმოჩნდნენ სამშობლოს თავისუფლების მომხრენი  და  მეორე მხარეს - ამ თავისუფლების მოწინააღმდეგენი.

იგივე ლაკმუსით მოვიდა ივანიშვილი - მას გვერდით დაუდგნენ ჯერ კიდევ ზვიადის დროს აპრობირებული რუსოფილები, ხოლო  მის  მიმართ ნეგატიურად  განეწყო ყველა ის ადამიანი, ვისაც არ ეთმობა საკუთარი ქვეყნის თავისუფლება.  

მოვიდა ივანიშვილი  და მოიტანა რუსეთის სტეპებისა და ველების სუნთქვა.   ამ სუნთქვას დღეს საქართველო უკვე გრძნობს საკუთარი ყურის ძირში. 

სუბიექტივიზმი რომ არ დაგვბრალდეს, თავდაპირველად უცხო კაცს მოვუსმინოთ, რომელიც უკრაინელი შევჩენკოსა და ქართველი კალაძის ფეხბურთთან გამოთხოვების მიზეზს განმარტავს. იტალიელი   მიმომხილველი ლომბარდოცი გაზეთ  „La Repubblica“-ში აცხადებს:

 „როგორც ჩანს, რუსეთი გახდა მთავარი რგოლი ყოფილ თანაგუნდელთა კავშირში  -  „ორივე: შევჩენკოცა და კალაძეც მეგობრობენ კრემლის ერთგულ ქვეშევრდომ, „ჩელსის“ მეპატრონე ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან. დღეს  შევჩენკო პუტინის ხელდასხმულ კოროლევსკაიას შეუამხანაგდა პრორუსული პარტიის შესაქმნელად უკრაინაში და კალაძე - „ქართული ოცნების“ პარტიის წევრობის კანდიდატი გახდა საქართველოში“.

ესე იგი რა გამოდის - იქ კოროლევსკაია, აქ - ივანიშვილი!

ივანიშვილის ფაქტორმა დაიწყო მოქმედება კავკასიის მასშტაბითაც:  ბოლო დღეებში საკუთარი თავი გაამჟღავნა  იჩქერიის ყოფილმა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოში, ხიზრი ალდამოვმა, რომელმაც  მოსკოვის მაღალი ტრიბუნიდან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მესაფლავე რამზან კადიროვზე განაცხადა, რომ იგი, მასხადოვისა და დუდაევისგან განსხვავებით, პუტინთან ერთად აშენებს ნამდვილ რესპუბლიკას. შემდეგ მან დასძინა, რომ საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ,  როდესაც იქ მას დახვდება ნამდვილი ქართველი - ბიძინა ივანიშვილი. „ნამდვილობის“ მისეული წარმოდგენის გათვალისწინებით,   კადიროვთან უნისონში ნახმარი ეს ფრაზა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ივანიშვილის „ნამდვილი ქართველობის“, როგორც „პუტინელი რუსოფილის“ განსაზღვრებას.

ესე იგი - იქ კადიროვი, აქ - ივანიშვილი!

 მაგრამ ყველაზე მძიმე ხვედრი ივანიშვილის მომხრეობისა  ზოგიერთ ქართველ ოლიმპიელს ერგო  - როგორც „ქართული ოცნება“ აღიარებს, რიგი სპორტსმენები შეგულიანებულნი ყოფილან,  გამარჯვებები სწორედ  ოლიგარქისთვის მიეძღვნათ. ძიუდოისტ შუკვანს აღუნიშნავს:  „22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით“.

ერის ოლიმპიელი დესპანისთვის   „ქართულ ოცნებაში“ არ უსწავლებიათ, რომ სპორტსმენს, ისევე, როგორც ჯარისკაცს, საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამჟღავნების უფლება არა აქვს. მაგრამ ერთი მედალია, ყველას წარუმატებლობას რომ გადაწონის - რუსული ინტერვენციისგან განადგურებული ქალაქის წარმომადგენლის, სამშობლოს ერთგული რაინდის, გორელი ფალავნის - შავდათუაშვილის გამარჯვება მიგვანიშნებს, რომ ვერავითარი სამშობლოს მტრობა, რუსოფილობა და შინააშლილობა ვერ დაგვამარცხებს, როცა მამულიშვილთ მკერდში ქართული გული უძგერთ  და სპორტული დარბაზის თაღებამდე ჯერ საკუთარ გონებაში სწევენ  მაღლა სამშობლოს  თავისუფლების დროშას!