
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს 30 წელი მიუსაჯეს
18:51:54     03-08-2012
ბრალდებული მანამდე ნასამართლევი იყო ყაჩაღობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის და 12-წლიან პირობით სასჯელს იხდიდა. ირაკლი აგლაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფება, შესაბამისად სასამართლო პროცესი განსასჯელის დაუსწრებლად მიმდინარეობდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე პირმა, მათ შორის - 53 წლის ივერი გოგბერაშვილმა, 19 წლის დავით რუსიშვილმა და 23 წლის ირაკლი აგლაძემ ცეცხლი გაუხსნეს 23 წლის ზურა ტარყაშვილს.
გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა აღნიშნული ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. საკონტროლო გასროლის შემდეგ დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 1992 წ.დ დავით რუსიშვილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი „ჩეზეს" ტიპის პისტოლეტი. რუსიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე წარსდგა. სახალხო მსაჯულებმა დამაძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და 21 წელი მიუსაჯეს.პოლიციამ მოგვიანებით კიევში დააკავა მკვლელობის ორგანიზატორი, დანაშაულის ჩადენის დროს ასევე პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებული ივერი გოგბერაშვილიც. ირაკლი აგლაძე კი, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროისთვის მიმალვაში იმყოფება.
გამორიცხული არაა, რომ აგლაძის, რუსიშვილისა და გოგბერაშვილის მსგავსად, 23 წლის ჩოგბურთელის მკვლელობის ბრალდება კიდევ ერთ პირს - დავით ჯოხაძეს წაუყენონ.