იოსებ გრიშაშვილის გარდაცვალების დღისადმი
08:59:21     03-08-2012
1965 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი).
იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 (ახალი სტილით 24) აპრილს ტფილისში.
მამა ხარფუხელი კალატოზი იყო. პოეტი ჭაბუკობიდანვე გატაცებული იყო თეატრით. იყო სუფლიორი, მსახიობი.
იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
პრესა.გე-ს მკითხველებს გავახსენეთ იოსებ გრიშაშვილის გენიალური ლექსები „ოლოლ! ოლოლ! (სიყვარულის სიმფონია)“, „ტრიოლეტები შეითანბაზარში“, „რა კარგი ხარ, რა კარგი“, „გამოთხოვება ძველ თბილისთან ანუ დუდუკის საარი ქარს აღარ მოაქვს“, „შენი ყელი“...
იოსებ გრიშაშვილი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმატორი ქართული ლექსისა. აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია - განუმეორებელია.
გარდა დიდი დამსახურებებისა უახლესი ქართული პოეზიის განვითარების საქმეში, მას ეკუთვნის ლიტერატურული გამოკვლევები "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927). ასევე მას აქვს ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.
იოსებ გრიშაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის როგორც მემატიანეს ქართული პოეზიისა. მან შემოგვინახა არა ერთი პოეტის სახელი, რომელნიც ფსევდონიმებით აქვეყნებდნენ თავის ლექსებს.
დიდი პოეტის გარდაცვალების დღეს აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.
მანოლა
„ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"
"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"
შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.
მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.
არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: „ჩემი სახლობა!"
როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.
ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.
მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?
ქორწილი ჩვენს უბანში
აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.
გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები
უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,
რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,
რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე,
თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -
მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,
რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,
ის ნეგოსავით უმძრახია, მზესავით ღია
და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია
და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული -
მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული.
ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი,
თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,
თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!
და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: „სად არი ზურნა!
ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არა უნდა რა!
ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,
ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,
ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი.
დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.
და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა .
და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა -
პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!,,
მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა
და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული
საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.