სოსო ნადირაძე - „ქარზე დადიან“
08:58:20     03-08-2012
სოსო (სევარიონ) ნადირაძეს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ის არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და 2 რომანის ავტორი. მისი რომანი „ფქვილდაფქვილ სიარული" თარგმნილია და გამოცემულია ინგლისურ ენაზე... სოსო ნადირაძის რელიგიური ლექსები იბეჭდებოდა ნიუ-იორკში გამომავალ ქართველ ებრაელთა ჟურნალ "დავითის ფარში".
დღეს პრესა.გე-ს მკითხელს ვთავაზობთ სოსოს რამდენიმე ახალ ლექსს.
მეორე ქუჩა
ათასი შუქი
გულივით ფეთქავს,
მთვარეს ვარსკვლავი
მძივივით უჩანს,
შეყვარებული
ქუჩას რომ ერქვას,
მას უნდა ჰკვეთდეს
მეორე ქუჩა...
ყოველი ბაღი
ნელ სურნელს აკმევს,
მესმის ჩურჩული -
- გიყვარვარ?! - დიახ!
შეჰყვარებია
სარკმელი სარკმელს,
რადგან ცოტა ხნით
დატოვეს ღია...
ქარზე დადიან
ხის ტოტი ჰქვია
ფრინველების
პარტერს...
იარუსს...
ფრენას სწავლობენ,
ვერ სწავლობენ
ქარზე სიარულს...
მავთულებს
შორის
უხილავი
რკინის ბადეა
და ბეღურები
განა ფრენენ,
ქარზე დადიან...
ერთად დადიან
ერთად დადიან!-
- იტყვის მავანი
და გვერდს ჩაუვლის
ორი შეშლილი -
-ლექსი, ჩემსავით
ამპარტავანი,
მე, სუსტი ყველა
ჩემი ლექსივით.
სარკესთან ისევ
პირისპირ დავრჩი,
როგორ დამეტყო
შფოთი და დაღლა,
ვერ მოვიშორე
მათხოვრის ჩაჩი,
ვერ მოვიშუშე
მასხარის დამღა...
ნეტავი ცოტაც
გამაძლებინა,
ზაფხული ქშინავს
სიცხის დილემით,
ლარზე გაბმული
ნაგაზებივით
წრეებს უვლიან
სახლებს ჩრდილები...
სულ პაწაწინა
ლაქა ვარ მელნის,
ისევ ღრუბლიან
ფურცლებს ვეჩვევი,
გალუმპული მაქვს
წვიმებით მხრები
და გუბეები
დამაქვს პეშვებით....
ბილიკს შეაცვდა
ჩემი ღიმილი,
მაკრთობს საწუთროს
სახე ტიალი,
და მონანიე
პილიგრიმივით
ლექსიდან ლექსში
დავხეტიალობ...
შენიღბულია
ისევ დარბაზი,
ისევ ღიმილი
მტკივა ბაგეზე,
და შიშით ხელში,
როგორც ჯამბაზი,
ისე გავდივარ
სიტყვის ბაგირზე...
გზაა
გზაა
ღამის ცასთან
ნაზავები,
მთვარე
ქვაფენილად
ნალაგები,
ცაზე
კაშკაშებენ
ვარსკვლავები,
როგორც
შორეული
ქალაქები...
მიწას
სცვივა
წლების
ფოლაქები,
ცას კი
მთვარის
ზურგზე
ნატარები,
ფეხზე
გასცვეთია
ხომალდები,
როგორც
კოსმოსური
ქალამნები.