ლაცაურის კოშკები
08:55:31     03-08-2012
სოფელი ლაცაური მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ცხინვალიდან 35 კილომეტრის მანძილზე.
სოფლის მიდამოებში დგას ხუთი სართულის დონეზე შემორჩენილი ზურგიანი კოშკი. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი ნაგებია მოწითალო ფერის თლილი ქვით. ქვის წყობა მშრალია და თარაზული. არქიტრავული შესასვლელი დატანებულია დასავლეთიდან, მეორე სართულზე. ფასადები ბევრ ადგილას დაბზარულია, გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამოცვენილი ქვით.
სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე დგას ზურგიანი კოშკი (ხუთი სართულის დონეზე). თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ძეგლი ნაგებია მოყვითალო ფერის ნათალი ქვის თარაზული წყობით. კედლები რამოდენიმე ადგილას დაბზარულია. შემორჩენილია გადახურვის ძელის ბუდეები. შიგნიდან კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამოცვენილი ქვით.
ხეობის პირას, მთის ფერდობზე შემორჩენილია კოშკის ნანგრევები. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. აღმოსავლეთ კედელი ოთხი სართულის დონეზეა შემორჩენილი, დასავლეთ კედელი კი მთლიანად დანგრეულია. ძეგლი ნაგებია რუხი ფერის თლილი ქვით. ქვის წყობა ქაოსერია. კოშკი ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.
dzeglebi.com