ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე (მესამე მეფეთა, 19)
10:45:03     02-08-2012
20 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ელია თეზბიტელის ხსენების დღეს.
ელია წინასწარმეტყველი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველებისათვის, გადმოცემით მისი სასწაულთქმოქმედი ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, მცხეთაშია დავანებული. ძველ აღთქმაში რამდენჯერმეა ნახსენები ელია წინასწარმეტყველის ხალენი. ბოლოს უფლის ნებით, ელია წინასწარმეტყველმა მისი ცეცხლოვანი ეტლებით ზეცაში ატაცების წინ, თავისი ხალენი მოწაფეს, ელისე წინასწარმეტყველს დაუტოვა. გავიდა დრო და ებრაელთა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელიც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, წმინდა ელიას ხალენი საქართველოში მოაბრძანა.
საეკლესიო სწავლების მიხედვით მეორედ მოსვლამდე ელია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს ამ ქვეყნად ენოქ წინასწარმეტყველთან ერთად,ანტიქრისტეს სამხილებლად... მისი ხალენი კი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა, მცხეთაშია...
ელია წინასწარმეტყველი სიყმაწვილიდანვე ძალიან მორწმუნე იყო. იგი უდაბნოში განმარტოვდა და ღმერთს მიუძღვნა თავი.
როცა ისრაელში გამეფდა უწმინდური კაცი აქაბი, რომელსაც ცოლად კერპთაყვანისმცემელი იეზაბელი ჰყავდა, ჭეშმარიტი რწმენის მოწინააღმდეგე.
სწორედ იმ დროს მოუვლინა უფალმა წინასწარმეტყველად ისრაელს ელია თეზბიტელი...
იგი უფლის ნებით არა ერთ სასწაულს ახდენდა და ხალხს მოუწოდებდა ჭეშმარიტი ღმერთის რწმენისაკენ. მაგრამ ბევრი გადაუდგა უფალს. მაშინ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები - სამწლინახევრის მანძილზე ისრაელში არ მოვიდა წვიმა და გვალვებმა ყველაფერი გაანადგურა. უფალმა ელიას უბრძანა აქაბის დევნას უდაბურ მხარეში დამალვოდა. ყორანი უზიდავდა ელიას ხორცსა და პურს. წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
შემდეგ ღვთის სახელით წინასწარმეტყველმა ელიამ არა ერთი სასწაული მოახდინა... მკვდრეთით არადგინა თავისი მასპინძლის, ქვრივი დედაკაცის შვილი. ამ ქვრივი ქალის ოჯახში პურს ყოველდღე აცხობდნენ, მაგრამ ფქვილი და ზეთი არ თავდებოდა.
შემდეგ, უფლის ნებით. ელია წინასწარმეტყველმა კერპ ბაალის მსახურები დაამარცხა და ყველას დაანახა ჭეშმარიტება. ამის შემდეგ გაწვიმდა კიდეც... მეფე თითქოს დარწმუნდა, მაგრამ წარმართმა დედოფალმა კვლავ განაგრძო წინასწარმეტყველის დევნა. თუმცა უფალმა თავისი წინასწარმეტყველი გაარიდა.
ელია თეზბიტელმა ღვთის ბრძანებით წინასწარმეტყველად დაადგინა ელისე, როგორც ვთქვით, მასვე დაუტოვა თავისი ხალენი, თვითონ კი ზეცად იქნა ატაცებული ცეცხლოვანი ეტლებით.
გავიხსენოთ ძველი აღქმიდან ერთი ნაწილი, სადაც მოთხრობილია როგორ ემუქრებოდა წარმართი დედოფალი წინასწარმეტყველს, როგორ მოიფარა ელია წინასწარმეტყველმა ხალენი უფლის ხმის გაგონებისას, მერე როგორ დალოცა ხალენით ელისე წინასწარმეტყველი ...
ელია წინასწარმეტყველი იყოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ოჯახების მფარველი! მისი წმინდა ხალენის მადლი ნუ მოშლოდეს ჩვენს სამშობლოს!
ძველი აღთქმა
(მცხეთური ხელნაწერის მიხედვით)
მესამე მეფეთა
19
1. და უთხრა აქაბ იეზაბელს, ცოლსა თჳსსა, ყოველი იგი, რაცა ყო ელია და ვითარ მოსწყჳდნა ყოველნი იგი წინაწარმეტყუეელნი მახჳლითა.
2. და წარავლინა იეზაბელ ელიასა მოციქულნი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ელია ხარ და მე იეზაბელ, ესე და ესე მიყავნ მე ღმერთთა და ესე შემძინენ, უკუეთუ არა, ხვალე ამასვე ჟამსა დავდვა თავი შენი, ვითარცა თავი ერთისა მათგანისა.
3. და შეეშინა ელიას, აღდგა და წარვიდა გულისსიტყჳთა და მივიდა ბერსაბედ ქუეყანასა მას იუდასსა და დაუტევა მუნ ყრმა იგი თჳსი.
4. და იგი წარვიდა დღისა ერთისა სავალსა უდაბნოდ, მივიდა და დაჯდა ბელეკუნსა ერთსა ქუეშე და ითხოვა სიკუდილი თავისა თჳსისა და თქუა: კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა.
5. დაწვა და დაიძინა ნერგსა ერთსა ქუეშე და, აჰა, შე-ვინმე-ახო მას და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე.
6. და აღიხილნა ელია და, აჰა, სათუელით მისით ჴუეზა ერთი ასლისა და წყალი სტამნითა და აღდგა, ჭამა და სვა და მიიძინა მუნვე.
7. და მიეახლა კუალად ანგელოზი უფლისა და ჰრქუა: აღდეგ და ჭამე. რამეთუ გრძელ არს შენდა გზა იგი.
8. და აღდგა, ჭამა და სვა და წარვიდა ძალითა მით ჭამადისათა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ვიდრე მიწევნადმდე მთასა მას ღმრთისასა ქორებად.
9. და შევიდა მუნ ქვაბსა მას და დაადგრა და, აჰა, სიტყუაჲ უფლისა იყო მისა და ჰრქუა: რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?
10. და ჰრქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაჱლისათა, საკურთხეველნი შენნი დაამჴუნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
11. და ჰრქუა: გამოხჳდე შენ ხვალე და დასდგე მთასა მაგას წინაშე უფლისა და, აჰა, უფალი წარვიდოდის და ქარი დიდი ძლიერი, რომელი დაარღუევდეს მთათა და შემუსრვიდეს კლდეთა წინაშე უფლისა, და არა ქარსა მას უფალი, და შემდგომად ქარისა მის ძრვა, და არა ძრვასა მას უფალი.
12. და შემდგომად ძრვისა მის ცეცხლი, და არა ცეცხლსა მას უფალი, და შემდგომად ცეცხლისა მის ჴმაჲ წულილისა ნიავისა.
13. და მას შინა უფალი, და იყო, ვითარცა ესმა ელიას, დაიფარა პირი თჳსი ხალენითა მით და გამოვიდა და დადგა ქვაბსა მას თანა და, აჰა, იყო ჴმაჲ მისა და ჰრქუა: რასა ხარ შენ აქა, ელია?
14. და თქუა ელია: შემშურდა შური უფლისა ყოვლისა მპყრობელისა, რამეთუ დაუტევეს აღთქმა შენი ძეთა ისრაჱლისათა, საკურთხევვლნი შენნი დაარღჳნეს და წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად.
15. და ჰრქუა მას უფალმან: წარვედ და მიიქეც გზასა შენსა და მივედ გზასა უდაბნოსასა დამასკეთ კერძო და სცხო აზაელს მეფედ ასურასტანსა ზედა.
16. და ეუს, ძესა ამესისასა, მეფედ ისრაჱლსა ზედა და ელისეს, ძესა საფატისსა, აბელმაულელსა უცხო წინაწარმეტყუელად შენ წილ.
17. და იყოს, რომელი განერეს მახჳლსა აზაელისასა, მოკლას იგი ეუ. რომელი განერეს მახჳლსა ეუსასა, მოკლას იგი ელისე.
18. და დაუტეო ჩემდა ისრაჱლისაგან შჳდ ათასი მამაკაცი ყოველთავე მათ, რომელთა არა შეუდრკიან მუჴლნი მათნი ბაალისა და ყოველი პირი, რომელმან არა თაყუანი-სცეს მას.
19. და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.
20. და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?
21. და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.