ასადის მომხრეები, სირიაში საჯაროდ დახვრიტეს (ვიდეო)

  09:18:44     02-08-2012

სირიელმა მეამბოხეებმა ალეპოში საჯაროდ დახვრიტეს 4 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, სამთავრობო შეიარაღებული ფორმირების „შაბიხის“ წევრები იყვნენ.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კალაშნიკოვის ავტომატებით ხელში, მებრძოლები, რამდენიმე ადამიანს კედელთან აყენებენ და ცეცხლს უხსნიან.
ერთ-ერთი მოკლულის ვინაობა უკვე დადგენილია. ის აღმოჩნდა იმ კლანის მეთაური, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის ერთგულ შეიარაღებულ ფორმირებებთან არის კავშირში.

უფლებადამცველ ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია“, რომლის ოფისიც დიდ  ბრიტანეთშია, კიცხავს მომხდარს და მას დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს. ორგანიზაცის Human Rights Watch-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ტყვეთა დახვრეტა სამხედრო დანაშაულია.

სამთავრობო ჯარები უკვე მეორე კვირაა, რაც ალეპოში სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ და სირიის თავისუფალი არმიის დანაყოფების ქალაქიდან განდევნას ცდილობენ.

ბოლო ცნობებით, ასადის შეიარაღებული ძალები სამხედრო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს იყენებს მეამბოხეთა პოზიციების დასაცხრილად. ოპოზიცია წუხელ იუწყებოდა, რომ ალეპოსკენ ტანკები მიემართებოდნენ. პრეზიდენტმა ასადმა ქვენის შეიარაღებული ძალების 67-ე წლისთავის აღსანიშნავად განცხადება გაავრცელა და სამხედროებს ტერორსტთა ბანდების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა. მას უკვე ორი კვირაა, რაც სირიელი მოსახლეობისთვის არ მიუმართავს და გუშინდელი განცხადებაც სამთავრობო მედიამ, უბრალოდ, წაიკითხა.

ასადმა გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდა არმიას და განაცხადა, რომ სირიის მომავალი ამ ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციის აქტივისტთა მონაცემებით, ქვეყანაში კონფლიქტის დაწყების დღიდან უკვე 20 ათასამდე ადამიანია დაღუპული. Amnesty International სირიის მტავრობას ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულში სდებს ბრალს, რასაც უფლებადამცველთა თქმით, ალეპოში ბრძოლებისას ჰქონდა ადგილი. ორგანიზაციის მონაცემებით, სამხედროები კლავდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს.

Amnesty International მოუწოდებს გაეროს, დააწესოს ემბარგო სირიაში იარაღის შეტანაზე და საქმე განსახილველად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

ვიდეო