ტეიტი

  09:13:09     02-08-2012

ტეიტი (Tate) — გაერთიანებული სამეფოს ბრიტანული და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. მოიცავს ინგლისში ხელოვნების ოთხ გალერეას: ტეიტ ბრიტანეთი (გაიხსნა 1897 წელს, სახელი გადაერქვა 2000 წელს), ტეიტ ლივერპული (1988), ტეიტ სენტ აივზი (1993) და ტეიტ მოდერნი (2000). მუზეუმი საზოგადოებრივ საკუთრებაშია.

გალერეა დაფუძნდა 1897 წელს როგორც "ბრიტანული ხელოვნების ეროვნული გალერეა". როცა მისი როლი შეიცვალა მასში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კოლექციის დამატებით, მას "ტეიტის გალერეა" დაარქვეს ჰენრი ტეიტის პატივსაცემად, რომელმაც მუზეუმის კოლექციას დაუდო დასაბამი. ტეიტის გალერეას ბინა მილბანკში, ლონდონი, ჰქონდა.

2000 წელს ტეიტის გალერეის კოლექცია ოთხ ნაწილად გაიყო: ტეიტ ბრიტანეთი (რომელიც მუზეუმის თავდაპირველ შენობაშია) ბრიტანული ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი 1500 წლიდან დღემდე; ტეიტ მოდერნი ასევე ლონდონშია და მასში ტეიტის ბრიტანული და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია 1900-დან დღემდე. ტეიტ ლივერპულს იგივე დანიშნულება აქვს, რაც ტეიტ მოდერნს, თუმცა ის გაცილებით მცირეა. ტეიტ სენტ აივზში კი ადგილობრივ ხელოვანთა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია. ტეტის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ხელოვნების ღონისძიება ყოველწლიური ტერნერის პრემიაა, რომელიც ტეიტ ბრიტანეთში იმართება.