ურალში „ემბრიონების სკანდალი“ გრძელდება: გამომძიებლები კვალზე გავიდნენ...

  17:39:12     01-08-2012

პოლიცია იუწყება, რომ დაადგინა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 200-ზე მეტი ჩანასახის ტყეში გადაყრაზე.

სამართალდამცველებმა დაადგინეს ავტომანქანა, რომელმაც ემბრიონები ურალის ტყეში მიიტანა და ეს მანქანა სვერდლოვსკის ოლქის ადმინისტრაციას ეკუთვნის. უფრო სწორედ კი, მუნიციპალურ საწარმოს, რომელიც ნარჩენების გატანითა და გადამუშავებით არის დაკავებული.

პოლიციამ ასევე აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც აღნიშნული კომპანიისა და ურალის მედიცინის აკადემიასთან კავშირზე მიუთითებს. ივარაუდებოდა, რომ ჩანასახები უნდა დაეწვათ, რადგან ისინი „ბ“ კლასის ბიოსამედიცინო ნარჩენებს განეკუთვნებოდა, როგორც ადამიანის ნებისმიერი სხვა ქსოვილი. მაგრამ იმის გამო, რომ ნარჩენები სველი იყო, რადგან ფარმაგედონით იყო გაჟღენთილი, კომპანიამ ჩათვალა, რომ დაწვა ძალიან გაუჭირდებოდა და ამიტომ, ემბრიონების ტყეში გადაყრა გადაწყვიტა.

ამ მნიშვნელოვანი ნიუანსების დადგენის მიუხედავად, საქმეში კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

ყველა ჩანასახი 22-დან 26 კვირამდე ვადის იყო, რაც უკვე გვიან ვადად ითვლება იმისათვის, რომ აბორტი გაკეთდეს. რუსეთში ფეხმძიმობის ასეთ ვადაზე აბორტის გაკეთება კანონით არის აკრძალული, თუკი, რაიმე სამედიცინო მიზეზი არ არსებობს.

ახლა გამოძიება იმას იკვლევს, როგორ მოხდა, რომ ნაპოვნი ყველა 248 ემბრიონი განვითარების სწორედ ამ სტადიაზე იყო, ანუ, მაქსიმუმ, 26 კვირის.

გამომძიებლები შოკში ჩააგდო ურალის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ერთ-ერთმა თანამშრომელმაც, რომელმაც დაკითხვაზე განაცხადა, რომ ასეთი რამ პირველად არ ხდება. მისი თქმით ამა წლის მაისშიც, ტყეში ემბრიონებით სავსე ერთი დიდი სატვირთო მანქანა დაიცალა, - დაახლოებით, 10 კასრი. თუმცა ამის მამტკიცებელი ვერანაირი დოკუმენტი სამართალდამცვველებმა ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ ახლა ამ სტიქიური გადაყრის ადგილსაც ეძებენ.

3 აგვისტოს, ურალის ტყეში, იქ სადაც ემბრიონები აღმოაჩინეს, სპეციალური ღვთისმსახურება ჩატარდება.