ლესია უკრაინკა - „გოდება იერემიასი“
12:44:46     01-08-2012
1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს) საქართველოში, სურამში გარდაიცვალა დიდი უკრაინელი პოეტი ლესია უკრაინკა.
ქართველი ხალხი ძალიან უყვარდა უკრაინელ პოეტს, ქართველმა ხალხმაც შეიყვარა და მის საპატივცემულოდ ყოველ წელს საქართველოში აღინიშნება ტრადიციული დღესასწაული „ლესიაობა“.
დიდი უკრაინელი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლარისა კოსაჩ-კვიტკა (Лариса Петрівна Косач-Квітка) დაიბადა 1871 წლის 13 (ახალი სტილით 25) თებერვალს ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკში. მას უფრო იცნობენ ლიტერატურული ფსევდონიმით ლესია უკრაინკა (Леся Українка).
ლარისა კოსაჩი დაიბადა საზოგადო მოღვაწის, პეტრე და ცნობილი მწერლის, ოლღა კოსაჩების ოჯახში. დედამისი, როგორც ვთქვით, ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და ეთნოგრაფი იყო, მისი ფსევდონიმია ოლენა პჩილკა, ქალიშვილობის გვარი დრაგამონოვა.
მამას ძალიან უყვარდა ლიტერატურა და მხატვრობა. ოჯახს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ მოღვაწეებთან. 9 წლის ასაკიდან პატარა გოგონა უკვე ლექსებს წერდა. ათი წლის იყო მომავალი პოეტი, როდესაც ფეხის ტკივილი დაეწყო, მერე ხელები ასტკივდა. ექიმებმა დაასკვნეს - ძვლების ტუბერკულიოზი, განუკურნებელი სენი. მოგვიანებით ავადმყოფობა ფილტვებსა და თირკმელზე გადაუვიდა. რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა. ხშირად ლოგინად იყო ჩავარდნილი.
განსაცდელის ჟამს პოეზია იყო ლესია უკრაინკას თავშესაფარი. მას კარგი განათლება მისცეს მშობლებმა, რამდენიმე ენა იცოდა, ადვილად ისწავლა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ბერძნული, ლათინური, პოლონური, ბულგარული, რუსული და სხვა ენები. მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე. მაგრამ დაავადებამ ეს სიხარულიც ფაქტიურად წაართვა.
მისი პირველი პოეტური კრებული გამოიცა 1893 წელს. 1893-1897 წლებში კიევში იყო. 1894 წელს ბულგარეთში გაემგზავრა ერთი წლით. შემდეგ იტალიაში გაიკეთა ოპერაცია, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა.
საქართველოში ლესია უკრაინკა პირველად 1903 წელს ჩამოვიდა, თავის მომავალ მეუღლე კლიმენტი კვიტკასთან ერთად. შემდეგ წელსაც სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას. ასევე 1907 წელსაც ჩამოვიდა. ტფილისში დაუწერია მას თავისი დრამა „შემოდგომის ზღაპარი”. 1908 წლის ზამთარი პოეტმა თელავში გაატარა.
შემდეგ ეგვიპტეში გაემგზავრა, ზამთარს იქ ატარებდა. თავის მეუღლე კლიმენტ კვიტკასთან ერთად, დანარჩენ დროს, კი ცხოვრობდა საქართველოში. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ლესიამ ხანმოკლე სოცოცხლეში მოასწრო და გამოსცა ნაწარმოებთა სამი წიგნი, ჰაინეს თხზულებების უკრაინული თარგმანი, დაწერა სახელმძღვანელო “აღმოსავლეთის ძველი ხალხების ისტორია”, რომელშიც ვრცლად გააშუქა კავკასიისა და საქართველოს ისტორია.
ლესია უკრაინკას სცოდნია ქართულიც. ჯერ კიდევ 1895 წელს კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა ნესტორ ღამბარაშვილი და კოსაჩებთან იქირავა ოთახი, მალე დაუახლოვდა მათ, განსაკუთრებით კი ლესიას, და შეასწავლა მას ქართული ანბანი, გააცნო “ვეფხისტყაოსანი”,
ღამბარაშვილისთვის უთქვამს ლესია უკრაინკას: „რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო, რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას, მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი”. ნესტორისაგან გაიცნო ლესიამ ვასო წერეთელი, მიხა ჩხენკელი, შიო ჩიტაძე და სხვანი.
პოეტი და მისი მეუღლე მეგობრობდნენ ზაქარია ფალიაშვილთანაც. კვიტკამ და ფალიაშვილმა ერთად იმოგზაურეს სვანეთში...
თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ლესია უკრაინკამ მეუღლესთან ერთად გაატარა საქართველოში - თელავში, ხონში, ქუთაისსა და სურამში. ქუთაისში სილოვან ხუნდაძის მეუღლე ქართულს ასწავლიდა.
დიდი უკრაინელი პოეტი სურამში გარდაიცვალა, როგორც ვთქვით, 1913 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს). მისი ნეშტი გადაასვენეს სამშობლოში და დაკრძალეს კიევში.
პრესა.გე-ს მკითხველს ლესია უკრაინკას გარდაცვალების დღის აღსანიშნავად ვთავაზობთ მის ორ ლექსს, რომლებიც მშვენივრად თარგმნა რაულ ჩილაჩავამ.
ქალის პორტრეტი
(თარგმნა რაულ ჩილაჩავამ)
პატიოსანი შენ ხარ ქალი. შენი სხეული
და სილამაზე არასოდეს გაგიყიდია,
უგულო კოცნის, ფუფუნების ტრფობად ქცეული,
არ მდგარხარ, სადაც უბედობის შავი კიდეა.
პატივმოყვარე შენ ხარ ქალი, შენ არ ინებე
სხვათა საყუდარს შეფარვოდი, როგორც ფრინველი.
ეწევი ჭაპანს საოცარი გულმოდგინებით
და წლებს მიმავალს გასცქერ მშვიდი და უდრტვინველი.
სიკეთით სავსე შენ ხარ ქალი, არ გაგაჩნია
მსუსხავი სიტყვა მათთვის, ვინაც “ფსკერს” შეეთვისა,
თუმც სიდუხჭირემ იარები შენც დაგაჩნია,
თუმცა ცთუნება არ ყოფილა უცხო შენთვისაც.
მართლაც გულღია შენ ხარ ქალი. შუბლი მაღალი
ძირს დაგიხრია, როცა გიწევს მათი ხსენება,
ვინც გაიყიდა და მონობის ტვირთმა დაღალა,
ვისაც ტკბილმწარედ ექცა გარჯა და დასვენება.
უკეთუ შენაც გაიყიდე. თუმც საზღაურად
არც ოქრო-ვერცხლი გითხოვია, არც გოლეული,
უბრალოდ, უცებ მოგეძალა ტრფობის ზღვაური,
სითბო მოგინდა და ვაჟკაცის კოცნა გრძნეული...
შენ აწყვეტილად მიგაფრენდა გულისწადილი
კვალდაკვალ მისად, ვის ალმასის ჰქონდა თვალები,
ვისი სიცილიც შენთვის იყო ოქრო ნამდვილი,
ქოჩორა თმები - მწიფე მტევნებს მისათვალები.
სხეული – არა, შენ გაყიდე სული ალალი,
ნიჭიც, გონებაც ტყვექმნილია, ტყვეა მშვენებაც.
შენ სამუდამო კატორღაში ხარ მიმავალი
და ტკივილამდე ტკბილმწარეა მისი ხსენება.
გოდება იერემიასი
(თარგმნა რაულ ჩილაჩავამ)
“ვითარ მრუმე იქმნას ოქროი, - შეიცვალოს ვერცხლი კეთილი!”
ჯერ კიდევ ედო ფერი ნეშოს, ერთად მოგროვილს…
„ვითარ მრუმე იქმნას ოქროი...”
როგორც ბრმა თვალი, ტბაა ნისლებშემოფლეთილი...…
“შეიცვალოს ვერცხლი კეთილი!”
თითქოს შეტოკდნენ სულში გზები ოკრო-ბოკროი...
„ვითარ მრუმე იქმნას ოქროი...“
გულს რაღაც ზარავს და მე სასო მაქვს წარკვეთილი...
“შეიცვალოს ვერცხლი კეთილი...“