ნინო ლარცულიანი - „მიყვარხარ“
12:43:46     01-08-2012
ნინო ლარცულიანს კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი.
ნინო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ლიტერატურათმცოდნეა (თარგმანთმცოდნე), სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ვაჟა-ფშაველას პოემათა რუსულ თარგმანებზე. შემდეგ შეისწავლიდა ღვთისმეტყველებას, ხელოვნებათმცოდნეობას, ისტორიას...
მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია რელიგიურ თემებს, რომელთაც ლამაზად და ორიგინალურად გადმოსცემს.
დღეს გთავაზობთ ნინოს რამდენიმე ლექსს...
ელის – ო
(ანუ ეძღვნება ყველას, ვინც ელის)
სატრფო ჩემი ელისო,
იცით, როგორ მელისო?
მისი სულისფერია
ყვავილები ველისო,
ისე მომხიბვლელია,
ყველაფერი შვენისო,
თვალებთაფლისფერია,
როგორც ნუკრი შველისო!
ელო –
აყვავებული ხეა ბროწეულისო,
უნდა გარს შემოვარტყა
ღობე წნული წნელისო,
რომ არავინ იგემოს
სიტკბო მისი წვენისო,..
მტრედებს ვატან ყოველდღე
სატრფიალო წერილსო....
შორიდან ვგრძნობ სინაზეს
მისი ხელის რხევისო,
ელო მეხმიანება,
უნაზესად მღერისო,
მესმის ანცი ლიკლიკი
მისი თვალის ცრემლისო,
გულისცემა ყოველი
მოქნევაა ცელისო!
....
ელოს თმები შრიალებს,
როგორც ლერწი ლელისო,
უნდა თმაში ჩავაწნა
ყვავილები ველისო ....
რამზეს
(ეძღვნება ახალგაზრდა კაცს, რომელიც მეოთხე წელია საწოლსაა მიჯაჭვული)
რამზე, მოვედი და
მზერით შემეხე და,
ცრემლებს უხერხულად
მალავს დედაშენი...
რამზე, მოვედი და
მითრთის ხელები და,
ჯიბემ დამიმალა
ღელვა უსაშველი....
– რატომ გეღიმება?
რატომ გეღიმები?
დუმილს მიფერადებ
მზერის ალმასებით...
მერე მეკითხები:
„რატომ არ მიამბე,
იმ დღეს, შავთვალებავ,
შენზე არაფერი?“
და მეც ფრთხილ ბგერებში
გითხრობ, რაც შემემთხვა.
შენ კი თმას მივარცხნი,
ფიქრის სავარცხელით....
– ჩემი ტკივილები,
ნეტავ, რად გედარდა?
(დგანან თოჯინები
რძისფერ სავარძელში).
მერე დედას მოაქვს
ცხელი შოკოლადი,
(ნეტავ, ვინ უამბო,
ასე რომ მიყვარდა),
ალბათ, ამ ოთახსაც
ვარდით აავსებდი,
ჩემი ღიმილი რომ
ისევ დაგენახა...
მერე მთხოვ:
„შავთვალავ,
წიგნის თაროებთან,
მიდი, აარჩიე შენი საყვარელი“
და მე, უსათუოდ,
ვეძებ რობაქიძეს,
(წიგნი პირსავსეა მზიან ალაგებით)...
და მთხოვ,
წაგიკითხო,
გვერდი მესამოცე,
(მაგრამ შენს სულში კი უკვე ორკესტრია)
ვფურცლავ,...
აქ წუხელის ფანქრით გაგიხაზავს:
„იცი, სიყვარული მხოლოდ ორკეცია...“
ამბობ: „თუ შენშია, მასშიც იხარშება–
რწმენა, სინანული, დარდი, იმედები...“
(მე თვალს გარიდებ და წასვლას ვიმიზეზებ,
სულში ვტრილაებ და სულში ვითენთები)...
დედას ისევ მოაქვს
ცხელი შოკოლადი,
(ნეტა, ვინ უამბო ასე რომ მიყვარდა),
ალბათ,
ამ ოთახსაც
ვარდით აავსებდი
ჩემი ღიმილი რომ
ისევ დაგენახა...
კენკრა და ღიმილი
მოგწვდები?
რა ვიცი,
იმდენად მაღლა ხარ,
რომ შემი მხრებია მთები
და ნაბადი
გასხია,
რომელიც
ნისლივით აზვავდა,
არავის არ ჰგავდა ეგ
მზე და ღიმილი ...
უთვალავ მდინარეს
შევხვდებით,
არადა
არცერთზე გადასვლა
უშენოდ არ ვიცი,
არ ვიცი,
ვინა ხარ ჩემთვის და
არადა
უშენოდ მზისხელა კუნძულზეც გავცივდი...
თმის ბუდე მიმალავს,
ხალს,
შენ რომ ნახავ და
კოცნას დამახატავ
გაშლილი გვირილის,
ვარდები ფურცლებად დავშალე,
რადგანაც
ვარდებში მინდოდა მეცურა ტივივით...
ტკივილი,
რომელიც გულზეა
ნახავ და
მინდა ამაწყვიტო
საკინძე ღილივით,
და მერე სოფელში წავიდეთ,
და ქალაქს
უხვად დავუკრიფოთ
კენკრა და ღიმილი...
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
ჩემს თავზე გახსნილი ზეცაა,
მიყვარხარ!
გრგვინავენ
საგულე ზარები,
და როგორც ბეთლემი,
შობისას,
მეცა ვარ
აღსავსე,
შენამდე მომავალ მგზავრებით!
მიყვარხარ!
აქ ყველაგან ფეთქვაა მაჯათა!
შენს ტერფებს მოველი,
ვით ზღვის ზედაპირი....
და როგორც ქვიშაზე
მორიყულ მარჯანთა,
მეძებს მებადური...
და ჩემი ნაპირი,
და ჩემი ნაპირი,
უთუოდ, შენა ხარ!
შველა ხარ!
შესვლა ხარ
სულის სამკვეთლოში,
რამდენჯერ გიტირა
თვალების ვენახმა,
რამდენჯერ გაგხვია
ლოცვის საკმეველში!...
მინდა,
გიწილადო
ყველა ამოსუნთქვა,
და ხელებგაშლილმა
ხმამაღლა ვიყვირო:
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!..
და თუნდაც მამალმა სამასჯერ იყივლოს....
როგორც დედამიწას,
მეც მადლი მაბრუნებს,
პეტრემ სინანული
რა ტკბილი გვასწავლა....
მოვალ ნაზარეთში,
რომ შენთან დავბრუნდე,
ვიდრე არ მიმიღებ,
არ წავალ!
არ წავალ!
მიყვარხარ!
აქ ყველაგან
ფეთქვაა მაჯათა!
შენს ტერფებს
მოველი,
ვით ზღვის ზედაპირი....
და როგორც ქვიშაზე
მორიყულ მარჯანთა,
მეძებს
მებადური...
მგრძნობს
ჩემი ნაპირი....