რომან დუმბაძის მკვლელობამდე, მისი ორეული ჩაცხრილეს

  15:59:38     31-07-2012

ქართველი ექს-გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს, შესაძლოა, სომეხი ბიზნესმენის მკვლელობაც ჰქონდეთ ჩადენილი, რომელიც ძალიან ჰგავდა დუმბაძეს.

გამოძიებასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ტიგრან ოგანესიანი მოკლეს იმ ქუჩასა და სახლში, სადაც რომან დუმბაძის ბიძა - თენგიზ დუმბაძეა ჩაწერილი. „ლაიფ-ნიუსის“ წყარო აცხადებს, რომ ექს-გენერლის მკვლელობამდე ქილერებმა დაადგინეს მისამართი, რომელზეც რეგისტრირებულია ჯიპი „ტოიოტა ლენ-კრუზერი“, რომელიც რომან დუმბაძის კუთვნილებაა. ამავე სახლში ცხოვრობდა მოკლული ოგანესიანიც, რომელიც ძალიან ჰგავდა რომან დუმბაძეს.

სომეხი ბიზნესმენი 17 აპრილს მარშალ ჟუკოვის ქუჩაზე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ქილერები მას დარაჯობდნენ. კისერში მიღებული ჭრილობით ოგანესიანი ადგილზევე გარდაიცვალა, თავდამსხმელები კი გაიქცნენ. ერთი თვის შემდეგ გაირკვა, რომ ამ სახლში რომან დუმბაძის ბიძა ცხოვრობდა და იმიტომაც მიუთითა ექს-გენერალმა ავტომანქანის რეგისტრაციისას აღნიშნული მისამართი. ჯიპი რომან დუმბაძეს ასლან აბაშიძემ აჩუქა - ამბობს ოჯახის ახლობელი ზაზა გაგიბალა.

გამოძიების ვერსიით, ქილერები, რომლებიც მიხვდნენ, რომ შეცდნენ, ერთი თვით გაყუჩდნენ. 21 მაისს კი შეკვეთა მაინც შეასრულეს.

გამოძიება ადასტურებს, რომ ოგანესიანის მკვლელობის ვერსიას დუმბაძის საქმესთან ერთად განიხილავს, თუმცა თავად დაკავებულები ამ მკვლელობას არ აღიარებენ.

როგორც ცნობილია, რომან დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული: თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუგიშვილი.

რომან დუმბაძის ბიძა, თენგიზი, მას შემდეგ, რაც ბათუმში დაკრძალვაზე ჩამოვიდა, რუსეთში აღარ დაბრუნებულა.