კელასურის კედელი (ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიიდან)
07:42:18     31-07-2012
აფხაზეთის დიდი კედელი, კელასურის კედელი, ქართულ საისტორიო მწერლობაში, ჯუანშერის თხზულებაში, VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კელისურისა“, რომელიც ჩრდილოთ კავკასიიდან შავი ზღვისპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა, იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდა.
VIII საუკუნის დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
შემორჩენილია ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და ფანავის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალიძგის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან. ლევან II დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად, მაგ., ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა. ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს. როცა აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.