თიბილოვმა მოსალოდნელ ომზე და მის გადადგომაზე ჭორაობის კონტროლი „კგბ“-ს დაავალა

  07:40:18     31-07-2012

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი თათბირს თათბირზე ატარებს და მოძღვრავს თავის ჩინოვნიკებს, თუ როგორ შეუშალონ ხელი ოკუპირებულ რეგიონში გავრცელებულ ჭორებს მოსალოდნელი ომისა და თავად თიბილოვის „პრეზიდენტის“ პოსტიდან გადადგომის შესახებ.

ამჯერად ამ პრობლემაზე გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან ილაპარაკა.
სხვათა შორის, ჭორები მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის შესახებ, ოღონდ ოსური გამოცემები ამ ჭორის დეტალებს არ აკონკრეტებენ - ვინ ვის დაესხმება, - როგორც ჩანს, ცხინვალში მართლაც აქტიურად მუსირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ჭორის გავრცელება და მერე თიბილოვის მიერ მისი არაერთხელ უარყოფა, დროში დაემთხვა ცხინვალის რეგიონში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის გახშირებულ-გამალებულ ვიზიტებს. ნურგალიევი იმდენჯერ ჩავიდა ცხინვალში, რომ მოსახლეობა დაეჭვდა, მითუმეტეს, რომ არავინ დაიჯერა ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ცხინვალში, თურმე, სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად ჩადიოდა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობით იყო გატაცებული.

და სწორედ ერთ-ერთი ასეთი მორიგი ვიზიტის შემდეგ თიბილოვმა მოიწვია თავისი „მთავრობა“ და განუმარტა, რომ ნურგალიევის ვიზიტები კავკასიაში სიტუაციის გამწვავებას არ უკავშირდებოდა. თუმცაღა, დასძინა, რომ ნურგალიევი, ცხინვალში სიარულით, თურმე, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა:

„2014 წელს სოჭში ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს, მოსაზღვრე ტერიტორიები კი ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მზად უნდა იყვნენ“ - განაცხადა მან და მოსთხოვა „მინისტრებს“, ნუ გააკეთებენ ისეთ დასკვნებს, რომლებიც საზოგადოებაში, მერე, ეჭვებს იწვევს.

მაგრამ მისმა სიტყვებმა ეჭვიან ცხინვალელებზე არ იმოქმედა: რა მოსაზღვრე ტერიტორია, რის სოჭის ოლიმპიადა...

გუშინდელ თათბირზე კი თიბილოვი უკვე ძალიან გაცხარდა: არიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ხმებს, რომ სადაცაა ომი დაიწყება, თარიღსაც კი ასახელებენ - ბრაზობდა ის. მისივე თქმითვე, ასევე ჭორაობენ იმაზე, რომ სექტემბერ-ოქტომბერში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავადაც გადადგება, რაც სეპარატისტული რეჟიმის ლიდერისათვის ყველაზე მიუღებელი ჭორი აღმოჩნდა.

ამის გამო ჭორების კონტროლი თიბილოვმა უკვე პირად კონტროლზე აიყვანა და ჭორიკანა მოსახლეობის გაკონტროლება, არც მეტი, არც ნაკლები, „კგბ“-ს დაავალა. თან შეახსენა, რომ „ამისათვის, მათ საკმარისი ძალა აქვთ“.