
კრემლი მოლდოვას მოთხოვნას უყენებს: ნატოზე უარი საკუთარი ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ...
14:32:31     30-07-2012
მოსკოვმა დაასახელა პირობები, რომლის სანაცვლოდაც მზად არის არაღიარებული ტერიტორია თავის ქვეყანას დაუბრუნოს. მოლდოვასა და დნესტრიპირეთისათვის რუსეთის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად განაცხადა, რომ შესაძლებელია კიშინიოვისა და ტირასპოლის კონფლიქტის გადაწყვეტა, თუკი მოლდოვა მის პირობებზე იქნება თანახმა.
რუსეთი, რომელიც მოლდოვა-დნესტრიპირეთის კონფლიქტში შუამავალ მხარედ მონაწილეობს და თავის სამშვიდობო ჯარებს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, აცხადებს, რომ მოლდოვა-დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელი ყოფილა. თუმცა საამისოდ კიშინიოვისგან მყარ გარანტიებს ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ამის შესახებ ღიად განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა უნდა გადაწყდეს მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრიპირეთის განსაკუთრებული სტატუსის რეგიონად შესვლით.
ასეთი განცხადება მოსკოვს მანამდე არასოდეს გაუკეთებია. არაღიარებული დნესტრისპირეთი, ისევე როგორც სხვა სეპარატისტული რეჟიმები პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოსკოვის მფარველობის ქვეშ იყო და იმედებს ამყარებდა, რომ რუსეთი მის დამოუკიდებლობას აღიარებდა. აღნიშნული განცხადება კი კარასინმა არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა თანდასწრებით გააკეთა.
როგორც „კომერსანტს“ დნესტრიპირეთის დარეგულირების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების საქმის კურსში მყოფმა წყარომ უთხრა, რუსეთი დნესტრიპირეთის დაბრუნების სანაცვლოდ მოლდოვას პირობას უყენებს. კერძოდ: მოლდოვამ ნეიტრალიტეტის პირობა უნდა დადოს და უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. ასევე, აღიაროს რუსების განსაკუთრებული უფლებები და რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი მისცეს.
კარასინმა დნესტრიპირეთის მოლდოვასთვის დაბრუნების შესაძლებლობაზე ტირასპოლში, სამშვიდობო ოპერაციის 20 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე ისაუბრა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე კი დნესტრიპირეთის ე.წ. პრეზიდენტის ევგენი შევჩუკის თანდასწრებით უფრო დააკონკრეტა: „ჩვენ დნესტრიპირეთის მომავალს მოლდოვას ნეიტრალური სახელმწიფოს შემადგენლობაში ვხედავთ“ - განაცხადა კარასინმა.
თავად შევჩუკი აცხადებს, რომ მოლდოვასთან გაერთიანებასა და რაიმე ფედერაციაში შესვლაზე საუბრები ჯერ ნაადრევია.
თუმცა მოსკოვი უკვე ჩქარობს. მოლდოვა რუმინეთთან ურთიერთობებს ააქტიურებს და ნატოსკენ ისწრაფვის. ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს სამთავრობათაშორისო შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, „დაეხმარება ჩვენს არმიებს შორის სპეციალური ურთიერთობების განვითარებას, ურთიერთობებისა, რომლებიც ევროპული მისწრაფებებში პარტნიორობაზე იქნება დაფუძნებული“. ამ თანამშრომლობის პერსპექტივებმა მოსკოვი საგონებელში ჩააგდო. პირდაპირი ინტერვენცია, როგორც ეს ცხინვალში 2008 წელს გააკეთა, ახლა წარმოუდგენელია, არადა, როგორც რუსეთის პრემიერმა დიმიტრი რაგოზინი აცხადებს, „რუმინეთი - ეს არის კიდეც ნატო. იქ მყოფი ამერიკული ბაზა, თავისი არსით, ეს არის ნატო-ს ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა. თუ რუმინეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა გაძლიერდება, ხოლო მოლდოვა რუმინეთთან სამოქალაქო ქორწინებაში შევა, სიტუაცია შეიცვლება“ - განაცხადა მან.