მითვისებული პოსტსაბჭოთა სივრცის სანაცვლოდ, რუსეთს კურილის კუნძულები “წაართვეს”

  12:04:22     30-07-2012

თუკი რუსეთმა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში გაგზავნილ სპორტსმენთა ბიოგრაფიებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და თითქმის, ნახევარი პოსტსაბჭოთა სივრცე მიითვისა, აღმოჩნდა, რომ თავადაც დაზარალდა. რუსეთის პავილიონში გამოფენილია რუკა, რომელზეც იაპონიასთან სადაო კურილის კუნძულები არ არის დატანილი.

თუმცა საქმე იმაშია, რომ აღნიშნული რუკა არა ბრიტანელების, არამედ თავად რუსების შედგენილია, რომლებმაც მოისურვეს, თავის პავილიონში ენახებინათ მსოფლიოსათვის, თუ როგორი იქნება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა. შესასვლელში რუსეთის სხვადასხვა კუთხეების ფოტოებია გამოფენილი - ბაიკალიდან სოჭამდე. სტენდებზე კი გამოკრულია რუკები და არცერთ მათგანზე არ ჩანს კურილის კუნძულები, რომელიც სულ ახლახანსაც, რუსეთსა და იაპონიას შორის უსიამოვნებისა და დაძაბულობის საგანი კიდევ ერთხელ გახდა.

„სოჭი-პარკში“ რუს ჟურნალისტებს ვერ გასცეს პასუხი, თუ რატომ არაა დატანილი რუკაზე რუსეთისათვის პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი კუნძულები. წარმოდგენილი ფოტოების პროექტის ავტორი კომპანია „რუსეთის სარკინიგზო ხაზებია“, რომელმაც თავისი მატარებლების რუსეთის ღირშესანიშნავ ადგილებში რეკლამირება მოახდინა.

კომპანიაში მხოლოდ ის თქვეს, რომ: კურილის კუნძულები ყოველთვის ახსოვთ, ხოლო რუსეთის გამოსახულება არა ოფიციალურ რუკად, არამედ მხატვრულ ჩანაფიქრად უნდა აღიქვან. ბოლოს კი დასძინეს, რომ რუკაზე კურილის კუნძულები იყო აღნიშნული, თუმცა ბეჭდვის დროს გაქრა...