
ირაკლი ალასანია „რესპუბლიკელებს“ სანდრო ბრეგაძის სახით უპირისპირდება
15:22:34     27-07-2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ უპირისპირდება. ირაკლი ალასანია „რესპუბლიკელთა“ ჩაჩოჩებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს, მათ შორის, კოალიციის წევრებისგან ხიდაშელ-უსუფაშვილისა და მისი პარტიელების კრიტიკით. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იყო ცნობილი, რომ ირაკლი ალასანია „რესპუბლიკური პარტიის“ კრიტიკისთვის ფულს სთავაზობდა ეროვნული მოძრაობის ყოფილ წარმომადგენლებს.
საუბარი იყო ასევე ახლად დაფუძნებულ მოძრაობა „ეროვნულებზე“. მაშინ ეს ინფორმაცია უარყო მოძრაობის წევრმა სანდრო ბრეგაძემ. ბრეგაძემ განაცხადა, რომ ის არავისთან არ აწარმოებდა მოლაპარაკებას და არც „ქართულ ოცნებაში“ გეგმავდა გაწევრიანებას. ბრეგაძე რომან კუსიანთან საუბრებსაც უარყოფდა. სწორედ ეს უკანასკნელი ასრულებდა შუამავლის როლს „ეროვნულებსა“ და ალასანიას შორის.
ვიდრე სანდრო ბრეგაძე ირაკლი ალასანიასთან დაიწყებდა მოლაპარაკებებს და მოქმედებას „მეოცნებეთა“ რიგებში აღმოსაჩენად, „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიაზე“ ასე საუბრობდა: „ივანიშვილის სასახლეში ყველაფერს „რესპუბლიკელი“ ძმები ბერძენიშვილები და თინა ხიდაშელი წყვეტენ. „რესპუბლიკური“ პარტია ეროვნულ იდეოლოგიას ებრძვის და მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის მიუღებელია. მათ ფონზე კი, ირაკლი ალასანია და ივანიშვილის გარემოცვის დანარჩენი წევრები ფრთიანი ანგელოზები არიან. ნამდვილად არ მინდა ბერძენიშვილებისა და თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, ფეისკონტროლი გავიარო და მათი თანამებრძოლი გავხდე“, - აცხადებდა ბრეგაძე აოცნებებამდე.
რამდენიმე დღის წინ კი, მოძრაობა „ეროვნულები“ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ „ეროვნულები“ შიგნიდან შეეცდებიან კოალიციის რიგი წევრებისა და პარტიების კრიტიკას, ამას კი ირაკლი ალასანიას დავალებით შეასრულებენ.
გავრცელებული ხმები, რომ ბრეგაძე ოცნებაში ირაკლი ალასანიას სჭირდებოდა, უკვე დადასტურებულია. ის, თუ რისთვის სჭირდებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს სანდრო ბრეგაძე კოალიციაში, ესეც ნელ -ნელა ცხადი ხდება.
სანდრო ბრეგაძემ დღეს უკვე გამოთქვა ეჭვი, რომ სამეგრელოში ირაკლი ალასანიას გაკეთებულ საქმეს „რესპუბლიკელები“ აფუჭებენ. „პრესა.ჯი“ სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა, რომელიც ახლა შედარებით მოზომილი ჩანდა კომენტარებში, ვიდრე ოცნებას აჰყვებოდა.
„პრესა.ჯი“: თქვენ მიგაჩნიათ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ თავის შეფასებებით და განცხადებებით საქმეს უფუჭებს ივანიშვილს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- თუკი ვინმე ლანძღავს ან აგინებს გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, ეს უარყოფითად აისახება კოალიციაზე არჩევნების დროს. სამეგრელოს რეგიონში 80% არის ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების მომხრე. ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები „რესპუბლიკელებთან“, მაგრამ არჩევნებამდე ასეთი განცხადებებისგან ამ პარტიამ თავი უნდა შეიკავოს. როდესაც „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები აუგს ამბობენ ზვიად გამსახურდიაზე, ბუნებრივია ეს კოალიციის რეპუტაციაზე უარყოფითად მოქმედებს. მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიისა, მე არასდროს მითქვამს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ არ უნდა იარსებოს. პირიქით, უნდა იარსებოს ამ პარტიამ და დანარჩენმა ოპოზიციურმა სპექტრმაც. შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს.
- თუკი თქვენ და კოალიციის დანარჩენმა წევრებმა იციან, რომ ზვიად გამსახურდიაზე უაყოფითის თქმა კოალიციის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს, ეს არ იციან „რესპუბლიკურ პარტიაში“?
- მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის მათი შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ ეს არის ან წინდაუხედავი განცხადება და ქმედება, ან ემოციურ ფონზე ნათქვამი.
- თქვენ იცოდით „რესპუბლიკური პარტიის“ იდეოლოგია და ის, რომ თქვენ რადიკალურად განსხვავებული მიმართულება გაქვთ, ამის მიუხედავად მაინც შეხვედით კოალიციაში, სადაც იყო ეს პარტიაც, რატომ?
- მინდა მჯეროდეს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ იბრძვის სისტემის შესაცვლელად.
- ამაში ეჭვი გეპარებათ?
- არ მინდა ამაში ეჭვი მეპარებოდეს...