„მეოცნებე“ გელაშვილის სახე - სკოლის გადაწვიდან ბორდელებამდე...

  13:36:37     26-07-2012

ისინი ოცნებობენ.. ზოგიერთი ივანიშვილისგან მეტი ფულის და პირადი სარგებელის მიღებაზე, ზოგიერთი საბჭოთა საქართველოს დაბრუნებაზე, ზოგიერთიც უბრალოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხვედრაზე. ამ უკანასკნელთა კოჰორტაში შევარდნაძის ეპოქის გადმონაშთი, ხაშურის რაიონის ყოფილი მაჟორიტარია, რომლის ხსენებაზეც რაიონში სიტყვები: „კორუფცია, არაკაცი და ლაჩარი“ ახსენდებათ.

მართალია, უბრალო ვაყელი გლეხების სიტყვები ხანდახან ბრონირებული ჰამერის ბოლომდე აწეულ მინებში არ აღწევს, თუმცა საარჩევნო უბნებზე თავის გამოძახილს აუცილებლად ჰპოვებს. რატომ დასჭირდა ვალერი გელაშვილი „მეოცნებეების“ ბელადს? როგორც ამბობენ, გელაშვილმა „რესპუბლიკელების“ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ულტიმატუმის სახით დაუყენა საკითხი, ამდენი ხანი ფულს ტყუილად ხომ არ გახარჯავდითო? ბიძინა ივანიშვილმა კი ხაშურს ძლივს მოცილებული მაჟორიტარული სახე ასე წარუდგინა მცირერიცხოვან პუბლიკას:

„.. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ვალერი გელბახიანი, უკაცრავად, აი რას მიშვება საჩხერე, გელბახიანი კი არა, ვალერი გელაშვილი. გელაშვილი ორგზის პარლამენტის წევრი გახლდათ. ბოლო პარლამენტიდან 2 500 (ორი თას ხუთას) წელს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა...“(სიტყვა აღარ დაასრულა ივანიშვილმა)

თუმცა რატომ შეუწყდა უფლებამოსილება ვალერი გელაშვილს, ეს ,,წმინდა ბიძინა მდიდარს“ აღარ დაუკონკრეტებია, არც მათ ჯიბის ტელევიზიებს. სამაგიეროდ ხალხს ახსოვს, როგორ ამხილეს დეპუტატი ვალერი გელაშვილი 84-ე სკოლის გადაწვაში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ფულის მოყვარულ ბიზნესმენს აღნიშნული ტერიტორიისა და შენობის ხელში ჩაგდება სურდა. 

მალევე გელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ბიზნეს-ინტერესების ლობირებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. მანამდე კი , კორუფციულ შევარდნაძისეულ ეპოქაში გელაშვილი სპირტის ბიზნესით ისქელებდა ჯიბეებს. ბიზნესი როგორ კეთდებოდა მაშინ, მით უმეტეს სპირტის, თავად შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკებიც აღარ მალავენ.

თუმცა გელაშვილს ჯერ კიდევ ედიკას გაფურჩქვნის პერიოდშივე მაშინდელი უშიშროების მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე სპირტის ბიზნესში გაუმჭირვალე წილებსა და ტრანზაქციებში ამხელდა. ამის გამო გელაშვილი უშიშროების მინისტრს დაეტაკა თუ პირიქით, მაგრამ „ედო ბაბუმ“ სიტუაცია დააშოშმინა. 

ლიტვაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი დეპუტატი „მეოცნებეების“ რიგებს ცოტა ხნის წინ შეუერთდა. წინასაარჩევნო კამპანიას კოალიციის სხვა წევრებთან ერთად აწარმოებს, თუმცა ხალხს მისი დაპირებების არ სჯერა.

მთავარი მეოცნების მიერ სკანდალურად დასახელებული და ვალერი გელბახიანში არეული ვალერი გელაშვილის პირველი შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის რანგში ვერ შედგა: დეპუტატობის კანდიდატს არათუ ხმა არ ამოაღებინეს, ის მანქანიდანაც კი ვერ გადმოვიდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, „ქართული ოცნების“ ხაშურის შტაბიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მათთან შეხვედრას ვალერი გელაშვილი აპირებდა და მზად ყოფილიყვნენ: ვაყელებიც გულდაგულ მოემზადნენ და დეპუტატობის კანდიდატსა თუ მის მხარდამჭერებს ძველი ცოდვები გაუხსენეს და 60 წელს მიტანებულმა და გადაცილებულმა ადგილობრივებმა საბოლოო ჯამში, გელაშვილი და მისი მხარდამჭერები სოფლიდან გააძევეს. 

ვაყაში მცხოვრები გლეხები itv-ის კამერებთან პოზიციას არ მალავდნენ: „ვინა, კაცო? ვინ, გელაშვილი? გადმოვიდეს, თუ პატიოსანი კაცია და მე დამელაპარაკოს, ეგ ის არაა, რომ გვპირდებოდა, ამას და ამას გაგიკეთებთო და დეპუტატობის შემდეგ რომ საერთოდაც გაქრა?“, - კითხულობდა ერთი ქალი.

„მე ვიყავი მაგასთანა, როცა ქმარი მომიკლეს და რა მითხრა, იცი? - შენი ქმარი ვიღაცამ მოკლა, მე საიდან უნდა ვიცოდეო“, - იხსენებდა მეორე.

„რას გეტყვით, თუ იცით? ახლა, თუ გინდათ, გადავხედოთ, ვინ არიან ამ გელაშვილის გვერდით: სულ ისეთები ჰყავს გვერდით, ვინც სსრ კავშირის დაშლის მერე კოლექტივის ქონება გაანიავა და ფული გაფლანგა. ახლა ისევ ჩვენ ავაშენოთ და ამათ ჭამონ? არა, რა ძმაო, შეგვეშვან, იარონ თავიანთ გზაზედა“, - ცხარობდა შუახნის მამაკაცი.

„ამ გელაშვილმა ჯართი გაყიდა და ერთ ჩვენს მეზობელს ემუქრებოდა, მერე კი სახლი გააყიდინა“; 

„მე აფხაზეთის ომში ვიყავი და იცით, გელაშვილმა რა გვითხრა მე და ჩემს მეგობრებს? მაგ აფხაზეთის ომში რას მიდიოდით, გიჟები თუ არ იყავითო... ახლა მოუსვით აქედანა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, დავქოქავ მანქანას და გადავუვლი სუყველას...“ - იგინებოდა ერთი მამაკაცი და ყვითელი „მარშრუტკისკენ“ იწევდა დასაქოქად. ვალერი გელაშვილი მანქანიდან არ გადმოსულა, ისე დატოვა სოფელი.

თუმცა ეს მხოლოდ ვაყაში მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებებია , მაგრამ ვალერი გელაშვილის საქმენი საგმირონი ამით არ ამოიწურება. ქარელის მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ ვალერი გელაშვილმა სოფელი ხილის შემნახველი მაცივრის გარეშე დატოვა.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბიზნესმენმა გელაშვილმა მაცივარი დაშალა. იმ ადგილას ახლა სასტუმრო ,,აბრეშუმის გზა“ მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივები „ბორდელს“ უწოდებენ.

სასაწყობე მაცივარი 1989 წელს აშენდა და ის 3000 ტონა პროდუქტს იტევდა. სოფლის მოსახლეობა მოსავლის აღების შემდეგ, ხილს სწორედ ამ მაცივარში ინახავდა და პროდუქტის სრულად გაყიდვამდე, მას გაფუჭებისგან იცავდა. ქარელის მოსახლეობა პროდუქტის შემნახველი მაცივრის დაბრუნებას ითხოვდა. 

ეს არაკეთილსინდისიერი მოპყრობა მაცხოვრებლებისადმი მხოლოდ ერთი ფაქტი არაა. გელაშვილი რომ ბიზნესშიც დიდად არ გამოირჩეოდა, ამაზე კიდევ ერთი შემთხვევა მიუთითებს.

საქმე ეხება ფოთის გემთსაშენ ქარხანას, რომლის აქციების 50 პროცენტი ვალერი გელაშვილმა მიყიდა ბიზნესმენებს ბაღდავაძესა და ცხვედიას. თუმცა შემდეგ ამაზეც მოდავება დაუწყო პარტნიორებს. 

ვინ არის ვალერი გელაშვილი და როგორ ახასიათებენ მას? ამონარიდები სოციალური ქსელებიდან მისი პორტრეტის დახასიათებისას:

,,ვალერი გელაშვილი არის ლიტველი მაფიოზი, რომელმაც ფული იშოვა არეულ დროს სპირტის ბიზნესით. ვისაც ახსოვს, რას ნიშნავდა მაშინ სპირტის ბიზნესი, ის უკვე მიხვდება ყველაფერს. “

,,1999 წლიდან ვალერი გელაშვილი იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც მას ხმა არ ამოუღია და უმარტივესი მისახვედრია, რისთვის სჭირდებოდა დეპუტატობა. თავისი ბინძური ფულის საქართველოში დასაბანდებლად და კრიშების შოვნისთვის. “

,,ვალერი გელაშვილი არის ე.წ. სასტუმროების, სინამდვილეში კი ბორდელების მფლობელი ლიტვაში“.

ეს არასრული შეფასებებია - ეპითეტები კი, გელაშვილს, ხაშურის რაიონის მაცხოვრებლებისგან კიდევ ბევრი ერგო. ასე რომ, რამდენად ხალხთან შეთანხმებული და სათაყვანებელი კანდიდატები ჰყავს ივანიშვილს ხაშურში, ამის გარკვევა მკითხველისთვის მიგვინდვია.

მერე ასეთ გელაშვილებს ხმას რომ არ მისცემენ, „წმინდა ბიძინა მდიდარი“ იტყვის, არჩევნები გაყალბდაო. არადა, რეალურად, „მეოცნებეთა“ ნამდვილ სახეს მოსახლეობა უკეთ იცნობს და არჩევნების დღეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ივანიშვილს, რომ რუსული ფული, კორუფცია და წარსულის გადმონაშთები ქართველი ხალხის ოცნება არასოდეს ყოფილა და არც იქნება.