
ივანიშვილი-ბურჯანაძის საიდუმლო შეხვედრის დეტალები
18:06:14     25-07-2012
სოლოლაკის ჭორ-ვილიდან „პრესა.ჯი“-მ მორიგი ცინცხალი ექსკლუზივი მოიპოვა: სიურპრიზების მოყვარულმა მილიარდერმა ნინო ბურჯანაძე დაიბარა და მას პირადად ესაუბრა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ის ოლიგარქის პირად კამერებსაც არ აღუბეჭდავთ ფირზე - ესეც ივანიშვილის სურვილი იყო.
როგორც „პრესა.ჯი“-ს ოლიგარქის გარემოცვიდან შეატყობინეს, შეხვედრაზე ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს ულტიმატუმი წაუყენა: ანზოროვნამ და მისმა „სახალხო კრებამ“ უარი უნდა თქვან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, სანაცვლოდ კი ბურჯანაძე ივანიშვილისგან დიდ ფულს მიიღებს.
ამ გარიგებაზე წასვლით ბურჯანაძე იხეირებს - დიდ ფულს გამოჰკრავს ხელს, ხოლო ივანიშვილი თავს უფრო დაცულად იგრძნობს, რადგან რეგიონებში და თბილისის ცალკეულ უბნებში „სახალხო კრების“ წევრების სახით კონკურენტები არ ეყოლება.
პირისპირ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბურჯანაძემ მოსაფიქრებლად ორი დღე ითხოვა. ამ ორი დღის განმავლობაში ანზოროვნამ არჩევანი უნდა გააკეთოს: ან ბევრი ფული და ივანიშვილის უსიტყვო მონობა, ან ცოტა ფული და პარლამენტში მოსახვედრად ბრძოლაში ჩაბმა.
ჯერჯერობით არაა ცნობილი, საითკენ გადაიხრება ნინო ბურჯანაძე და ამჯობინებს თუ არა გადეპუტატების მცდელობას გამობიძინების პერსპექტივას. თუ გავითვალისწინებთ ამ ქალბატონის მიდრეკილებას ფუფუნებისადმი და მის ლტოლვას დიდი ფულისკენ, რაც მას მანამდე არასდროს აკლდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის დიდი ცდუნების წინაშე დგას. თანაც, ბურჯანაძის გადაწყვეტილების გამოცნობა მაინცდამაინც რთულ საქმედაც არ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან უკვე შეწყვიტა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი ხელმოწერების შეგროვება.
ამასთან, თუ ივანიშვილის ულტიმატუმს მიიღებს და ფულს აიღებს, ბურჯანაძეს „სახალხო კრების“ დარწმუნებაც მოუწევს იმაში, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. როგორ შეხვდებიან მის ამ ნაბიჯს შეფიცულები, დაფიცებულები თუ დაგინებულები, რომლებიც მზად იყვნენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, ორ დღეში გაირკვევა, თუმცა, ბურჯანაძისა და ივანიშვილის თანამშრომლობის ერთი ფაქტი უკვე ცნობილია: ნინო ბურჯანაძემ „სახალხო კრებიდან“ უკვე „ასესხა“ ივანიშვილს სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე, რომლებმაც ოფიციალურად განაცხადეს კიდეც, რომ კრება დატოვეს და მეოცნებეთა რიგებს შეუერთდნენ.