
„ქართული ოცნების“ დაგეგმილი აქცია ბათუმში, შესაძლოა, ჩაიშალოს
11:08:09     24-07-2012
ბათუმის მერიამ „ქართულ ოცნებას“ 5 აგვისტოს ევროპის მოედანზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ განცხადება კოალიციამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ კანონის სრული დაცვით, მიმართა ბათუმის მერიას 5 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე წინასაარჩევნო შეკრების გამართვასთან დაკავშირებით. მერიამ კი უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ტურისტული სეზონის გამო, ბათუმის ყველა ცენტრალური მოედანი და პარკი პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაკავებულია. ბათუმის მერიამ კოალიციას შესთავაზა ქალაქის გარეუბანში მდებარე ანგისის სტადიონი, რაც კოალიციისათვის მიუღებელია.
„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას ბათუმის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძე ამბობს, რომ მერიის მხრიდან კოალიციისთვის გაგზავნილ წერილში სრულყოფილი პასუხია იმისა, თუ რა მიზეზით ვერ შეძლო ბათუმის მერიამ ევროპის მოედნის დათმობა.
„წერილში, რომელიც კოალიციას გაეგზავნა სრულად არის პასუხი გაცემული მიზეზებზე. ასევე დასახელებულია ალტერნატიული ადგილიც. მათგან ამაზე პასუხი ჯერ არ ვიცით და არც საბოლოო გადაწყვეტილებაა მიღებული. ჩვენი წარმომადგენლები დღეს შეხვდებიან კოალიციის წარმომადგენლებს და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს შერვაშიძე.
მისი თქმით, ბათუმში ამჟამად არის ტურისტული სეზონი და ევროპის მოედანი ყოველდღე დაკავებულია, რის გამოც ვერ მოხდება 5 აგვისტოს წინასაარჩევნო შეკრების გამართვა.
„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთხელ მოითხოვს წინასაარჩევნო შეკრებისთვის ბათუმის მერიამ მათ ევროპის მოედანი დაუთმოს.