„რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა არარეალურია“
08:55:02     24-07-2012
სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის სომხეთი გეოგრაფიულად და გამომდინარე აქედან ეკონომიკურადა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. არადა, იგი რუსეთის უმთავრესი მოკავშირეა, მაგრამ მასთან პირდაპირ კავშირს ვერ ახერხებს ზღვით რომ ვერ მოახერხებს ფაქტია. იყო პერიოდი, როცა ერევანს იმედი ჰქონდა, რკინიგზის მეშვეობით დაკავშირებოდა, მაგრამ არც აქ გაუმართლდათ. თუმცა, ბოლო მომემტამდე ყველანაირად ცდილობდნენ რამენაირად აფხაზეთის გავლით დაკავშირებოდნენ თვიანთ „დიდ რუს ძმებს“, მაგრამ მათ იმედები ისევ რუსეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს რომ უპერსპექტივოა, ამაზე სომხები უკვე ხმამაღლაც ალაპარკდნენ. კერძოდ, 23 ივლისს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, პოლიტოლოგმა, სერგეი მინასიანმა პირდაპირ განაცხადა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გეგმები და იმედები არარეალურია.
რუსული სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი საქართველოს საგარეო უწყების შეფის, გრიგოლ ვაშაძის ერევანში ამ ცოტა ხნისწინანდელი ვიზიტის დროსაც განიხილეს, მაგრამ, ექსპერტის მოსაზრებით, არსებული პოლიტიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც, პირველ რიგში, საქართველოსა და რუსეთის მიერ მის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ურთიერთობას უკავშირდება, მსგავსი რამ რეალურად შეუძლებელია.
პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მასსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის მსგავსი გეგმა არსებობდა. თუმცა მის განხორციელებას უკვე სერიოზული პრობლემები უშლის ხელს, რაც, კერძოდ, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოკიდებლობის აღიარებას უკავშირდება. ამიტომ, მინასიანს მიაჩნია, რომ სომხეთსა და მის საზღვრებს გარეთ არსებული იმედები ამ რკინიგზის მალე ექსპლოტაციაში შესვლის შესახებ, „მინიმუმ ცოტათი მაინც გადაჭარბებულია“.
რკინიგზის ის მონაკვეთი, რომელზეცაა საუბარი არ ფუნქციონირებს აფხაზეთში 1992–1993 წლების კონფლიქტის დაწყების პერიოდიდან.