რიუნოსკე აკუტაგავას გარდაცვალების დღისადმი

  08:26:18     24-07-2012

1927 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა დიდი იაპონელი მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი რიუნოსკე აკუტაგავა.

იგი დაიბადა 1892 წლის წლის 1 მარტს, ტოკიოში, რძით მოვაჭრის, ტოსიძო ნიიხარას ოჯახში. იაპონური კალენდრის მიხედვით მომავალი მწერალი დაიბადა დრაკონის თვეში, დრაკონის დღეს და დრაკონის საათზე, ამიტომ სახელად რიუნოსკე დაარქვეს. რიუნოსკეს პირველი იეროგლიფი რიუ (龍) აღნიშნავს დრაკონს. რიუნოსკეს დაბადების დროს დედა 33, მამა კი 42 წლისა ყოფილა, რაც იმდროინდელ იაპონიაში, ძველი ტრადიციის მიხედვით ცუდ ნიშნად ითვლებოდა...

როცა მომავალი მწერალი 10 წლისა იყო, სულიერად დაავადებულთა საავადმყოფოში დედამისი გარდაიცვალა. ბავშვს ზრდიდა ბიძა, უშვილო მიტიაკი აკუტაგავა. მისი გვარი მიიღო კიდეც გენიოსმა. ამ ოჯახის წინაპართაგან რამდენიმე მწერალი და მეცნიერი ჰყავდა. ბიძის ოჯახში უყვარდათ შუასაუკუნეების პოეზია და ძველი მხატვრობა, მკაცრად იცავდნენ ძველ პატრიარქალურ ტრადიციებს.

სწავლობდა ტოკიოს მუნიციპალურ სკოლაში, მერე კოლეჯში. 1913 წლიდან სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შეისწავლიდა ინგლისურ ლიტერატურას. თუმცა მიატოვა უნივერსიტეტი. მეგობრებთან ერთად დაარსა ლიტერატურული ჟურნალი „სინსიტე“ („ახალი დინება“, „ახალი მიმდინარეობა“). 1914 წელს იქვე გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „მოხუცი“. იქვე აქვეყნებდა თარგმანებსაც...

პოპულარობა მალე მოიპოვა. 1916 წლიდან ინგლისურ ენას ასწავლიდა საზღვაო სასწავლებელში. 1919 წელს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად. 1921 წელს კორესპოდენტად გააგზავნეს ჩინეთში. ამ დროისათვის უკვე აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები. როგორც ამბობენ, ბავშვობიდან ჰალუცინაციები ჰქონდა. ალბათ, დედის ბედმა ცუდად იმოქმედა მასზე. შესაძლოა მემკვიდრეობითი დაავადებაც ჰქონდა. ამ პერიოდში შექმნა განსაკუთრებულად მშვენიერი ნაწარმოებები. მათ შორის „მანდარინები“, რომელიც ადრე შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს (ჯემალ მჭედლიშვილის თარგმანი).

სიცოცხლის ბოლო წლები გენიოსი მწერლისთვის მძიმე იყო. ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. ბოლოს, მეთოდიც და ადგილიც შეარჩია და 1927 წლის 24 ივლისს მიიღო ვერონალის, საძილე საშუალების დიდი დოზა...

1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია.

მისი შემოქმედება პოპულარულია საქართველოშიც. არა ერთმა ქართველმა შესანიშნავად თარგმნა მისი ნაწარმებები ქართულად. დღეს გთავაზობთ ერთ-ერთ თარგმანს.

ჰიოტოკოს ნიღაბი

(თარგმნა კონსტანტინე არსენიშვილმა)

აძუმაბასის ხიდზე ხალხი შექუჩებულა. დროდადრო პოლიციელი მოუწოდებს დაიშალეთო, მაგრამ ბრბო ისევ იყრის თავს. ყველა ელოდება, ხიდის ქვეშ როდის გაივლიან ნავები, რომლებიც აყვავებული ალუბლების დღესასწაულზე მიემართებიან.

 ხან კენტად, ხან კი დაწყვილებული ნავები აღმა მიუყვებიან მდინარეს, რომლის დონე მოქცევას მაღლა აუწევია; ბევრ მათგანზე გადაჭიმულია ქერელის ტილო, ზედ დამაგრებული ბოლომდე ჩამოშვებული თეთრი, წითელზოლიანი ფარდებით. ცხვირზე აღმართულია დროშები და ძველი ალმები. ფარდებს მიღმა შეიძლება დალანდოთ ადამიანები, რომლებსაც თავი პირსახოცებით შეუბურავთ იოსიკარელი დედაკაცების ან ბრინჯით მოვაჭრე ქალების მსგავსად და კენს თამაშობენ, თან გაიძახიან: ,,ერთი, ორი!” ვიღაც ცდილობს იმღეროს და თავს მელოდიის ტაქტს აყოლებს.

ზემოდან, ხიდიდან, ეს ყველაფერი ძალზე თავშესაქცევად გამოიყურება. როცა მუსიკოსებიანი ნავები ახლოს ჩაივლიან ხოლმე, ხიდზე მყოფი ბრბო ხმამაღალი შეძახილებით ხვდება მათ. ვიღაც კიდეც გაჰყვირის:,,აი, სისულელე”!

 ხიდიდან მდინარე ჩამოჰგავს ტყვიის ფირფიტას, რომელიც მზეზე ბრწყინავს, დროდადრო ტალღებს მოცურავე კატერები თვალისმომჭრელად ავარაყებენ. მდინარის გლუვ ზედაპირზე ტილის ნაკბენივით იჭრება დოლების მხნე ხმაური, ფლეიტისა და სიამისენის ბგერები. საპოროს ლუდის სახდელი ქარხნის აგურის კედლებიდან შორს, მიწაყრილს მიღმა გაჭიმულა რაღაც შებოლილი, მოთეთრო ჭუჭყიანი - სწორედ ესაა ალუბლები, რომლებიც ახლა ყვავიან. ბევრი იაპონური და ევროპული ნავია კოტოტოის ნავსაყუდელთან. უნივერსიტეტის კანჯოების ფარდული მათ მზისაგან იფარავს და აქედან ჩანს მხოლოდ, როგორ მოძრაობს რაღაც ჭუჭყიანი და მუქი.

 მაგრამ, აი, ხიდის ქვეშ გამოჩნდა კიდევ ერთი ნავი.

სხვების მსგავსად, ეს ოთხნიჩბიანი ნავიც მიემართება აყვავებული ალუბლის დღესასწაულზე. ნიჩბოსნებს ნავზე დაუმაგრებიათ წითელ-თეთრი ფარდები და იმავე ფერის ზოლიანი ალამი, თავი შეუბურავთ პირსახოცებით. პირსახოცებს ახატია ალუბლის ყვავილები. ნიჩბოსნები რიგრიგობით უსვამენ ნიჩბებს და ორთაყვირით აძლევენ ბიძგს. ნავი მაინც ნელა მოძრაობს. ფარდების ჩრდილში ათიოდე ადამიანია. სანამ ნავი ხიდის ქვეშ შევიდოდა, ისინი ასრულებდნენ ორ სიამისენზე ,,გაზაფხულის ქლიავის ყვავილში”, ან მუსილა დასცხო. ხიდზე მდგარმა დოყლაპიებმა კვლავ შეძახილებს უმატეს.

ისმის ბავშვების ტირილი, რომელთაც აურზაურში თითქმის ჭყლეტენ. შემდეგ გაისმა ქალის გამკივანი ძახილი ,,ე, უყურეთ! აგერ, ცეკვავს!” გემბანზე მუსიკის ტაქტს აყოლილი ჰიოტოკოს სახუმარო ნიღბიანი დაბალი ტანის მამაკაცი როგორღაც უაზროდ დახტის.

 მან ჯერ კიდევ ადრე გაიხადა ტიტიბუში დამზადებული ქსოვილის ზედასამოსი და გამოამზეურა ვიწროსახელოებიანი კაშკას ნაწრის პერანგი. ის რომ ძალზე მთვრალი გახლდათ, ნათლად ჩანდა, იქიდანაც, რომ შავყოშებიანი საყელო დაუდევრად გაღეღოდა, მუქ-ლურჯი ქამარი გახსნოდა და უკან დასთრევდა. ცეკვავს, რა თქმა უნდა, სულელურად. ასრულებს სხეულის რაღაც მოუქნელ მოძრაობებს და დაუსრულებლად იქნევს ხელებს საღვთო ცეკვების დარად. მაგრამ ესეც ისე გამოიყურება, თითქოს, ძლიერ დამთვრალა, საკუთარ ტანს ვერა ფლობსო და ზოგჯერ გეჩვენება, რომ მან წონასწორობა დაკარგა და უბრალოდ ამოძრავებს ხელ-ფეხს, რათა წყალში არ ჩავარდეს.

 - აი, ეს სიარულია!

 - როგორ გამხიარულდა! საიდანაა ეს ფიტული?!

 - თავშესაქცევია! ე, უყურეთ, ბარბაცებს!

 - უკეთესი იქნებოდა, უნიღბოთ ეცეკვა!

 და ყველაფერი მეორდებოდა.

 ამასობაში – ღვინომ თუ იმოქმედა ძლიერად – მოცეკვავის მოძრაობანი უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. მისი თავი, ნიკაპთან სადღესასწაულო პირსახოცით შეკრული, ისე ირწეოდა, როგორც გაფუჭებული მეტრომონის ისარი და სადაცაა წყალში გადავარდებოდა.

მენავე შეშფოთდა კიდეც და ორჯერ შესძახა, მაგრამ მას, ეტყობა, არ ესმოდა.

უცებ მიმავალი კატერის მიერ დატოვებულმა განივმა ტალღამ მაღლა შეახტუნა ნავი. იმ წუთში ნიღბიანი კაცუნა, თითქოს დაარტყესო, სამი ნაბიჯით წინ წავარდა, უკანასკნელი დიდი წრე შემოხაზა, გაშეშებული, როგორც ბრუნვაშეწყვეტილი ჩიკორი, ნავის ფსკერზე პირქვე დაეცა და ტრიკოტაჟისსაცვლიანი ფეხები მაღლა აიშვირა.

ხიდზე შეგროვილმა სეირის მაყურებლებმა კვლავ გაიცინეს. ამ დარტყმისაგან ნავში, ვგონებ, სიამისენს სახელურიც მოტყდა. ფარდებს მიღმა ხმაურიანი მთვრალი კომპანია შეძრწუნებული ხან დგებოდა, ხან ჯდებოდა. ორკესტრი, მთელი ძალით რომ უკრავდა, მოულოდნელად გაყუჩდა, თითქოს ჩაკვდაო. მხოლოდ ხმამაღალი შეძახილები ისმოდა. ალიაქოთი ატყდა.

რაღაც დროის შემდეგ ტენტის ქვეშიდან წითურმა კაცმა ამოყო თავი და დაბნეულმა მენავეს რაღაც საჩქაროდ უთხრა. მაშინ ნავმა რატომღაც მკვეთრად აიღო გეზი მარჯვნივ და გაემართა არა იმ მხარეს, სადაც ალუბლები ჰყვაოდნენ, არამედ მოპირდაპირე ნაპირისკენ, იმანოსიუკისაკენ.

 ნიღბიანი კაცის სიკვდილი ხიდზე მყოფმა სეირის მოყვარულებმა ათი წუთის შემდეგ შეიტყვეს. უფრო დაწვრილებით ცნობები გამოქვეყნდა მეორე დღეს გაზეთის განყოფილებაში „სხვადახვა“. იქ ნათქვამი იყო, რომ ამ კაცს იმამურა ჰეიკიტის ეძახდნენ და ტვინში სისხლის ჩაქცევისაგან გარდაიცვალაო.

 . . .

 იმამურა ჰეიკიტი – ნიჰობასის რაიონში, ვაკამაცუ-მატიში მამისაგან მემკვიდრეობად მიღებული სამხატვრო მაღაზიის მფლობელი.

მოკვდა ორმოცდახუთი წლის ასაკში. დარჩა ჭორფლიანი ცოლი, არმიაში მომსახურე ვაჟიშვილი. ისინი ძალზე მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ მაინც ყავდათ მოსამსახურე და, როგორც ჩანს, სხვებზე ცუდად არ ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ იაპონია-ჩინეთის ომის დროს მათ შეუსყიდიათ ნატურალური მალაქიტის საღებავის მაღაზია, სადღაც, აკიტას გარეუბნებში და არც მოტყუებულან. წინათ მაღაზია განთქმული იყო მხოლოდ თავისი ძველი რეპუტაციით, საქონელი კი, რომელიც მათ განსაკუთრებულ სიამაყეს წარმოადგენდა, შეიძლებოდა თითებზე ჩამოთვლილიყო.

 ჰეიკიტი - პირბადრი, მოქაჩლო, უპეების ირგვლივ პატარა ნაოჭებით, რაღაცით სასაცილო ადამიანია და ყველას ელაქუცება. ყველაზე ძლიერ მას უყვარს სმა და შეზარხოშებული გულკეთილი ხდება. მაგრამ მას ერთი თვისება აქვს - როგორც კი დალევს, მაშინვე იწყებს თავის უცნაურ ცეკვას. როგორც ის ჰყვებოდა, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მან ცეკვა შეისწავლა ჰამატიოს ქუჩაზე ტოიოდას სასწავლებლის დიასახლისთან, რომელიც ქურუმ ქალთა ცეკვის გაკვეტილებს ესწრებოდა; იმ დროს სიმიხასში და იოსიტოში საღვთო ცეკვები ძალიან მოდაში იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო თავისი ხელოვნებით დაეკვეხნა.

უხეშად რომ ვთქვათ - მისი ცეკვები რაღაც გიჟურია, ხოლო თავაზიანად - ისინი ოდნავ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კაბულის მსახიობთა მოძრაობანი. მაგრამ თვითონ, ჩანს, ეს შეგნებული აქვს და ფხიზელს გახსენებაც კი არ სურს საღვთო ცეკვებისა. იამამურა-სან! გამოხატე რაიმე! - ეუბნებიან მას, მაგრამ ის თავის დაძვრენას ცდილობს და ყველაფერი ხუმრობაში გადააქვს. მაგრამ მაინც, საკმარისია შეეხოს ღვთაებრივ სასმელს, რომ მაშინვე თავზე პირსახოცს შემოიხვევს, ბაძავს ფლეიტისა და დოლის ბგერებს, იღებს რაიმე პოზას და მხრებს ამოძრავებს, შეპყრობილია სურვილით, რომ იცეკვოს ნიღბით თავის სახუმარო ცეკვები. და თუ დაიწყო, მაშინვე ზეაღიტაცებს და უკვე აღარ შეუძლია გაჩერება. ამასთან, იგი არ უსმენს არც სიამისენს, არც სიმღერებს..

უკვე ორჯერ, ღვინის დამღუპელი ზემოქმედებისაგან, ის წაიქცა და გონება დაკარგა, თითქოს ეპილეფსია აქვსო. პირველად ეს აბანოში მოხდა, როცა ცხელ წყალს ივლებდა და უცებ დაეცა ცემენტის ნიჟარაზე.

მას ყოველთვის უკრძალავდნენ სმას და თვითონაც საჯაროდ განაცხადებდა ხოლმე, რომ ამიერიდან თავს აღარ შეირცხვენდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სრულდებოდა მხოლოდ პირველ ხანებში, შემდეგ კი იწყებოდა ,,ერთი ჭიქიდან,” თანდათანობით მატულობდა და არ გადის ნახევარი თვეც, რომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. მაგრამ ის დამშვიდებულია, ყველაფერი მთავრდება თვითკმაყოფილი განცხადებით: ,,მე თუ ვსვამ, უარესად ვარ”

 

 * * * მაგრამ ჰეიკიტი მარტო ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი არ სვამს. თუმცა თვითონ ასე ამბობს. მას არ შეუძლია სმის მიტოვება ფსიქოლოგიური მიზეზების გამოც. მხოლოდ შექეიფიანებული თამამდება და არავისი აღარ რცხვენია. სურს ცეკვა - იცეკვებს. სურს ძილი -დაიძინებს. არავის შეუძლია მას უსაყვედუროს. ხოლო ჰეიკიტისათვის ეს ყველაზე მთავარია. რატომაა მთავარი? თვითონაც არ ესმის.

 მან მხოლოდ ის იცის, რომ როცა დალევს, სხვა ადამიანი ხდება.

ცეკვით იჯერებდა და, როცა გამოფხიზლდებოდა, ზოგჯერ ეტყოდნენ: ,, აი, გუშინ ბლომად დალიე”.. მას, რა თქმა უნდა საშინლად შერცხვებოდა და ჩვეულებრივად ტყუილს დაახეთქებდა:,,როგორც კი დავლევ, მაშინვე ვკარგავ აზრს. აი, დღეს ავდექი და არ მახსოვს, გუშინ რას ვაკეთებდი, თითქოს სიზმარია”. სინამდვილეში კი კარგად ახსოვს, რომ ცეკვავდა და მერე დაიძინა. და ძნელი წარმოსადგენია, რომ გუშინდელი და დღევანდელი ჰეიკიტი - ერთი და იგივე პიროვნებაა. რომელია მათგან ნამდვილი, თვითონაც ვერ გაუგია. იშვიათად სვამს, უფრო ხშირად ფხიზელია.

როგორც ჩანს, ფხიზელი ჰეიკიტია სწორედ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თვითონ ჰეიკიტი ვერ დაუდგება თავდებად ვერც ერთს. აკი ყველა მისი სამარცხვინო საქციელი თითქმის ყოველთვის სიმთვრალის დროსაა ჩადენილი. ცეკვები - ეს კიდევ არაფერი; თამაშობს ფერად ბანქოს, უწვება მეძავ ქალებს. ერთი სიტყვით, აკეთებს იმას, რაც არც ითქმის. ვერავინ დაამტკიცებს, რომ თითქოს ასეთ საქმეებში ვლინდება მისი ჭეშმარიტი ,,მე”. ღმერთ იანუსს ორი სახე აქვს და არავისთვისაა ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი. ასეა ჰეიკიტიც.

 მე უკვე ვთქვი, რომ ფხიზელი ჰეიკიტი და მთვრალი ჰეიკიტი ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია.

ცოტა ვინმე თუ ტყუის ისე, როგორც ფხიზელი ჰეიკიტი. ზოგჯერ ის თვითონ გრძნობს ამას. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ანგარებით ტყუის. ტყუის თითქმის შეუგნებლად, და მაშინვე ამჩნევს ამას, მაგრამ სანამ იტყუება, დრო არ აქვს მის შედეგებზე იფიქროს.

 ჰეიკიტის არ შეუძლია ახსნა, რატომ ტყუის. მაგრამ საკმარისია ვინმეს დაელაპარაკოს, რომ ენას მაშინვე თავისთავად სწყდება ტყუილი, რომელზეც არც უფიქრია. მაგრამ ეს მაინდამაინც არ აწუხებს არ მიაჩნია მავნებლობად, იმიტომ, რომ ჰეიკიტი პირველად არ ტყუის გულარხეინად.

 ჰეიკიტი როგორღაც ჰყვებოდა, რომ თერთმეტის წლისამ დაიწყო სამსახური საწერი ქაღალდის მაღაზიაში, მინამი-დემატიოში რომ მდებარეობს. მისი პატრონი მორწმუნე იყო და ვახშამსაც არ ეკარებოდა, სანამ არ ილოცებდა.

ჰეიკიტის მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, რაღაც უეცარი გრძნობას აყოლილი პატრონის ცოლი ახალგაზრდა ნოქართან ერთად გაიქცა. ლოცვებზე გაგიჟებულ მფლობელს არ უშველა თავისმა რწმენამ, რომლის საშუალებითაც ის ცდილობდა ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებას, ამიტომ თუ იყო, რომ ის უცებ გახდა სექტა მონტოს წევრი, მდინარეში გადააგდო ტაისიაკუს ხატი, ქვაბის ქვეშ შეაგდო სიტიმენის ხატი და დაწვა, - და საერთოდ, ბევრი რამ ჩაიდინა რწმენის საწინააღმდეგოდ.

 ჰეიკიტიმ მაღაზიაში ოც წლამდე დაჰყო და ხანდახან, ანგარიშში თუ მოატყუებდა ვინმეს, სადმე მიემართებოდა გასართობად. ჰყვებოდა, რომ დაუახლოვდა ერთ ქალს, რომელმაც შესთავაზა, ერთად მოეკლათ თავი, მაგრამ შეეშინდა. სხვადასხვა საბაბით შეეძლო თვითმკვლელობა აეცილებინა, მალე კი გაიგო, რომ ქალმა სამი დღის შემდეგ ლითონურ ნაკეთობათა სახელოსნოს მუშასთან ერთად დაამთავრა სიცოცხლე. ის მამაკაცი, რომელსაც ეს ქალი ჰყვარობდა, სხვა დიაცთან წავიდა და ამის პასუხად, სურდა პირველსავე შემხვედრთან მოეკლა თავი.

ჰეიკიტის ოცი წელი რომ შეუსრულდა, მამა მოუკვდა, მაღაზიაში ანგარიში გაასწორა და შინ გაემგზავრა, ნახევარი თვის შემდეგ ნოქარმა, რომელიც მამის სიციცხლეშივე მუშაობდა, ახალგაზრდა პატრონს სთხოვა წერილი დაეწერა. ნოქარი ორმოცდაათი წლის, ზედმიწევნით წესიერი კაცი იყო. იმხანად მას მარჯვენა ხელის თითები დაზიანებოდა და წერა არ შეეძლო.

ჰეიკიტიმაც თხოვნა შეუსრულა და დაწერა: ,,საქმე კარგადაა, მალე ჩამოვალ”. წერილის ადრესატი ქალი იყო და ნოქარს დასცინა: ,,უყურეთ როგორი მარჯვე ხართ”! პასუხად მან მოკლედ მიუგო: ,,ამ წერილს დასა ვწერ”. სამი დღის შემდეგ ნოქარი სახლიდან გადის, იბარებს, რომ მყიდველებთან მიდის შეკვეთებზე და აღარ ბრუნდება. ანგარიშის შემოწმებისას კი აღმოჩნდა დიდი დანაკლისი. წერილი, ყველა ვარაუდით, საყვარელს გაუგზავნა. სხვაგან სად იპოვი ჰეიკიტის მსგავს სულელს, რომელმაც თვითონ დაწერა ასეთი!....

ეს ყველაფერი ტყუილია. მაგრამ ამ მონაგონის გარდა ჰეიკიტის ცხოვრებისაგან (იმისა, რომელიც ხალხისათვის ცნობილია), ალბათ არაფერი დარჩება.

მთვრალი ჰეიკიტი, ალბათ, მეზობლების ნავში ჩაჯდა.

ნავი აყვავებული ალუბლის ზეიმზე მიემართებოდა და ორკესტრანტებს ჰიკოტოკოს ნიღაბი გამოართვა.

უკვე მოგიყევით, რომ ის ნავის ფსკერზე დაეცა და ცეკვისას მოკვდა.

ნავში მსხდომნი განცვიფრებაში მოვიდნენ, მაგრამ სხვებზე მეტად გაკვირვებული იყო მუსიკის პატივცემული მასწავლებელი, რომელსაც ჰეიკიტი ზედ თავზე დაეცა, შემდეგ კი გადავარდა წითელქსოვილგადაკრულ ნავის შკაფუტზე, სადაც კომბოსტო და მოხარშული კვერცხები ეწყო.

- რა ხუმრობაა? შენ შეიძლება დაჭრილიყავი! მკაცრად თქვა თანამეინახეების წინამძღოლმა, რომელსაც ეგონა, ჰეიკიტი ხუმრობსო. მაგრამ ჰეიკიტი არ ინძრეოდა.

პარიკმახერმა, რომელიც ახლოს იჯდა და რაღაც უსიამოვნო იეჭვა, ჰეიკიტის მხარეზე ხელი დაადო და ჩასძახა: ,,უფროსო, ეი, უფროსო!” - მაგრამ არავითარი პასუხი არ მიუღია. ჰეიკიტის მაჯა გაუსინჯა და სიცივე იგრძნო. მან და და წინამძღოლმა ჰეიკიტი ასწიეს. იქ მყოფნი აღელვებულნი დაიხარნენ.

- ,,უფროსო, ეი, უფროსო”! - ბოლოს ხმამაღლა შეჰყვირა პარიკმახერმა.

ამ დროს ოდნავ გასარჩევი ბგერა – ამოსუნთქვა, თუ ხმა – მოესმა პარიკმახერს ნიღბის ქვემოდან.

“ ნიღაბი... მოხსენით ნიღაბი”... წინამძღოლმა და პარიკმახერმა მოცახცახე ხელებით მოგლიჯეს ნიღაბი და პირსახოცი.

მაგრამ რაც მათ ნიღბის ახდის შემდეგ დაინახეს, უკვე აღარ ჰგავდა ჰეიკირის სახეს. პატარა ცხვირი წაწვეტებოდა, შეცვლოდა ტუჩების ფერი, გაფითრებულ შუბლზე ოფლის ღვარი ჩამოსდიოდა. ვერავინ იცნობდა მასში მხიარულ, მასხარა, ყბედ ჰეიკიტის. უცვლელი იყო მხოლოდ ამობურცულტუჩიან, განზრახ მოსულელო, ჰეიკიტისაკენ მშვიდად მაცქერალი წითელქსოვილიანი ჰიოტიკოს ნიღაბი.