აკაურთის ეკლესია

  08:21:57     24-07-2012

აკაურთის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონის სოფ. აკაურთაში. ის არის მსხვილი თლილი კვადრატებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება.

აკაურთა ქვემო ქართლის უძველესი სოფელია, სადაც დღეისათვის სხვადასვა ეროვნების მოსახლეობასთან ერთად, მხოლოდ 25 ქართული ოჯახი ცხოვრობს. მათი თხოვნით, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წელს განადგურების პირას მყოფი ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. გამაგრდა არქიტექტურა, აღდგა ეკლესიის სახურავი. სამინისტრომ ეკლესიას საჩუქრად გადასცა კანკელიც. ტაძარს მეუფე ეფრემი აკურთხებს და საუკუნეების შემდეგ, აქ წირვა-ლოცვაც განახლდება. აკაურთას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უძველესია მთელ ქვემო ქართლში.სამინისტროს მონიტორინგის სამმართველომ 2006 წელს ძეგლი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში არსებულ ძეგლთა სიაში შეიყვანა. ჩატარებული კვლევითი და საპროექტო სამუშაოები საფუძვლად დაედო ფიზიკურ სამუშაოებს, რომელიც სპეციალისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განახორციელეს.

წყარო