ანქვაბი ეჭვებშია – სეპარატისტები რუსებს და ჩრდილოკავკასიელებს აღარ ენდობიან...

  17:56:24     23-07-2012

ალექსანდრე ანქვაბის კატეგორიული განცხადება, რომ ის წინააღმდეგია ყარაჩაი ჩერქეზეთისა და სოხუმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისა, რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში უსიამოვნო მოულოდნელობად იქცა. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის განცხადება იქ აღიქვეს, როგორც აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიისგან იზოლირების მცდელობა.

ანქვაბმა თავი შორს დაიჭირა ჩრდილოეთ კავკასიისგან - ასეთ შეფასებებს აკეთებენ ჟურნალისტ მურატ გუკემიხოვთან საუბარში ჩრდილოკავკასიელები. თავად ჟურნალისტსაც აეჭვებს, - რატომ გახდა უცბად ანქვაბისთვის მიუღებელი ეს გზა, რომელსაც აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის რეგიონებთან კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა დაეკავშირებინა?

ნალჩიკის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ასლან ბეშტო წუხს, რომ თავისი განცხადებით ანქვაბმა, პრაქტიკულად, „უარი თქვა ჩრდილოეთ კავკასიასთან ინტეგრაციაზე, რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვებს იმის შესახებ, რომ ის კატეგორიულად წინააღმდეგია ჩრდილოეთ კავკასიასთან დაახლოებისა“ - ამბობს ბეშტო.

ყაბარდოელი ანზორ გოოვი კი თვლის, რომ არის რაღაც ამ პროექტში, რამაც ანქვაბი დააშინა და ფიქრობს, რომ მის ასეთ კატეგორიულ უარს თავისი მიზეზებიც ექნება.

ჯერჯერობით, მიზეზად, თავად ანქვაბმა ის დაასახელა, რომ არ სურს კოდორის ხეობის იმ ტერიტორიის განადგურება, რომელზეც აღნიშნულმა გზამ უნდა გაიაროს. ანქვაბის თქმით, კოდორის ხეობა აფხაზეთის დიდი სიმდიდრეა და იქ ან ნაციონალური პარკი ანდა ნაკრძალი უნდა შეიქმნას.

ანქვაბი არათუ მარტო წინააღმდეგია ჩერქეზეთ-სოხუმის გზის მშენებლობისა, არამედ უკვე ბარიერსაც ქმნის ამ გზის მშენებლობისათვის და ძალიან მალე, სპეციალურად შექმნილი ეკოკომისიისგან დასკვნასაც ელოდება - რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ კოდორის ხეობის „ბუნებრივი სიმდიდრის“ შენარჩუნება მოხდეს.

რატომ გახდა ძველი პოლიგონისა და მიტოვებული დასახლებების ტერიტორია ასე უცბად ანქვაბისათვის „მარგალიტი“? - კითხულობს ჟურნალისტი გუკემუხოვი.

თანაც პრეზიდენტმა მედვედევმა თავის დროზე ამ პროექტს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტი უწოდა, ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ბიუჯეტი ფულის გამოსაყოფად მზად არის, რათა რუსეთის რეგიონებმა პირდაპირ დაკავშირება შეძლონ აფხაზეთთან. სწორედ ამ გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სოხუმში ღრმა წყლის პორტის მშენებლობაზეც იყო საუბარი, სადაც ასევე იახტების სადგომებიც უნდა აგებულიყო.

რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანქვაბმა ამ ინიციატივასაც ხაზი გადაუსვა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიისა და აფხაზეთის შემაერთებელი გზის, არამედ ამ ღრმა წყლის პორტების მშენებლობასაც და აქაც ეკოლოგიური არგუმნეტები მოიშველია.

არადა ეს არგუმენტები დღემდე სოხუმის მხრიდან არასოდეს გაჟღერებულა და ამიტომაც იქცა ის მოსკოვისა და ჩრდილოეთ კავკასიისთვის მოულოდნელობად, სადაც ეჭვიანობენ, რომ ანქვაბი მათ ბოლომდე მაინც არ ენდობა.