
ივანიშვილის თანამოაზრე ძასოხოვი, ცხინვალსა და სოხუმს „დამოუკიდებლობის“ აღიარებას დაჰპირდა
16:42:19     23-07-2012
რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ყოფილი წევრი, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი გოჩა ზასოხოვი, რომელიც საქართველოს სამშობლოს უწოდებს და თავისი ასამბლეით „მამულიშვილური“ საქმის კეთებას ისახავს მიზნად, ასევე მოსკოვში მყოფი მიზეილ ხუბუტიას, ალექსანდრე ებრალიძის, მინდია გულუას მხარდამხარ, ცხინვალში ჩავიდა და ირწმუნება, რომ არასოდეს გაუკეთებია განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ.
გენერალ-ლეიტენანტის ჩინის მქონე ძასოხოვმა, რომელის საქართველოში კონკრეტულ ფინანსურ დანაშაულში - ფულის გათეთრებაშია ბრალდებული, 2008 წელს მოსკოვს შეაფარა თავი. რუსეთში ამ გაქცევას „სააკაშვილის რეჟიმისგან გაქცევა“ დაარქვეს და ძასოხოვიც სასწრაფოდ დაასაქმეს რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში. მას შემდეგ ის „დიდი პოლიტიკაშია“, ისე რომ, გარედანაც ცდილობს „საქვეყნო საქმეების“ კეთებას. მაგალითად, მაშინვე გამოეხმაურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მიესალმა მის მიერ პარტიის ჩამოყალიბებისა და არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას.
ამ დღეებში კი ძასოხოვი ცხინვალში ჩავიდა, სადაც, რუსეთში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს „სუვერენიტეტზე“ „კანონიერი უფლება“ აქვთ. თუმცა ცხინვალში მას ეჭვით შეხვდნენ. მაგალითად იმის გამო, რომ თავის დროზე ასეთი „პლანეტარული“ განცხადებაც აქვს გაკეთებული: „ამერიკავ და რუსეთო, მოგვეცით ჩვენ - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს დრო და ჩვენ შევქმნით ისეთ ძლიერ საქართველოს, რომლითაც მთელი პლანეტა იამაყებს“. ახლა კი აცხადებს, რომ:
„ვერასოდეს დამიმტკიცებთ, რომ მე მეთქვას „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყვნენ“. შესაძლოა, მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ისინი მონახავენ რაიმე პოლიტიკურ კონფიგურაციას ერთობლივი თანაარსებობისას... მე ვამბობდი და ახლაც ვადასტურებ: ჩვენი სახელმწიფოებრიობა (ცხინვალის რეგიონზე საუბრობს) - ეს, შეუქცევადი პროცესია და ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ამისკენ და უნდა განვვითარდეთ ამ მიმართულებით“.
ძასოხოვის თქმით, ვინც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პატრიოტად თვლის თავს, სახელმწიფოებრიობის მშენებლობას მხარში უნდა ამოუდგნენ, საქართველომ კი, თუკი მას სურს სწორი მოთამაშე იყოს გეოპოლიტიკურ სივრცეში, პირველ რიგში „უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“. ამ უცნაური ტრანსფორმაციის გამო „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტს ცხინვალში ჯერჯერობით არ ენდობიან, თუმცა როგორც ამბობენ, ძასოხოვი ის ერთ-ერთი ფულიანი ბიზნესმენია, რომელმაც ე.წ. პრეზიდენტად ლეონიდ თიბილოვის არჩევაში თავისი ფსონი დადო.