კისლოვოდსკში კავკასიელებს თავს დაესხნენ და 17 წლის ქართველს ყელი გამოსჭრეს

  14:40:08     23-07-2012

21 ივლისს, კისლოვოდსკში მასობრივი ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა კავკასიელი მოკლეს. გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ცნობით, ჩხუბში მონაწილეთაგან  სამი დაკავებული უკვე დაკითხულია და ისინი ირწმუნებიან, რომ ჩხუბი წმინდა ყოფით ხასიათს ატარებდა. ასეა, თუ ისე, ქალაქში პოლიცია მსახურების გაძლიერებულ ვარიანტზეა გადაყვანილი.

დანის ტრიალი კი ქალაქის ცენტრში 21 ივლისს საღამოს, დაახლოებით 6 საათზე დაიწყო. ბაზრის რაიონში, კაფე „დუეტის“ მოპირდაპირე მხარეს სამი ახალგაზრდა – ქართველი, სომეხი და ყარაჩაელი პერვომაისკის პროსპექტზე იდგა და მშვიდობიანად საუბრობდა. ერთ–ერთი ვერსიით, მათ კომუფლაჟიან ფორმაში გამოწყობილი კაზაკთა საპატრულო ჯგუფი მიუახლოვდა. სიტყვას სიტყვა მოჰყვა და სამივე კავკასიელი მიწაზე აღმოჩნდა. ზოგიერთი მონაცემით, 21 წლის სომეხ ჯონიკს ტრავმატული პისტოლეტიდან ესროლეს, 17 წლის ქართველ გიას ყელი გამოსჭრეს, 23 წლის ყარაჩაელს დანა ჩაარტყეს. პირველი ორი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ყარაჩაელი რეანიმაციაშია. ასევე ზოგიერთი მონაცემით, დაზარალებულები, შესაძლოა, მოწინააღმდეგე მხრიდანაც იყვნენ, რადგანაც, თვითხილველთა თქმით „კაზაკებმაც“ სამი დაჭრილი ამხანაგი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. ახლა გამოძიება, ჩხუბში 15 კაცის მონაწილეობის საუბრობს, ყველაფრის დეტალებში გარკვევა მოუწევს.

სხვათა შორის, ამ ინცინდენტის შემთხვევითი მოწმეა სისხლის სამართლის სამძებროს ორი თანამშრომელიც. სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელებმა, ქუჩაში გავლის დროს  სროლის ხმა რომ გაიგონეს, მაშინვე შემთხვევის ადგილისკენ გასწიეს. მათი მიმართულებით ხუთი კაცი მოდიოდა. პოლიციელებმა მათი დაკავება სცადეს, მაგრამ ისინი სასწრაფოდ ჩასხდნენ „ვაზ–2104“ მარკის ავტომობილში და პოლიციელთა მოთხოვნას გაეჩერებინათ მანქანა, არ მოუსმინეს. მეტიც. ავტომანქანა პოლიციის კაპიტანს დააჯახეს. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა ჩხუბის ერთ–ერთი მონაწილის დაკავება მაინც მოახერხეს და ტელეფონით მანქანის ორიენტირიც გადასცეს. მთლიანობაში, ჩხუბის შედეგად სამ მამაკაცია დაკავებული. 

იმადროულად, ადგილობრივ ფორუმებზე აქტიურად იხილავენ 21 ივლისის შემთხვევას და კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არავის სჯერა, რომ ჩხუბი ყოფით ნიადაგზე მოხდა. კომენტარებში შიშობენ ასევე, რომ ამ კონფლიქტს, შესაძლოა, გაგრძელებაც მოჰყვეს.

ახლა კისლოვოდსკის პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ასევე ახლომდებარე ტერიტორიებიდან იქ გადასროლილია შსს–ს დამატებითი ძალები. ამას გარდა 22 ივლისს კისლოვოდსკში საზოგადოებრივ, რელიგიურ და ეთნიკურ წარმომადგელთა მონაწილეობით თათბირიც გაიმართა. თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად წავა გამოძიება და დამნაშავეებს საკადრისი მიეზღვებათ თუ არა.