ანტონ ჩეხოვი - „ამოუცნობი ნატურა“

  12:48:46     23-07-2012

1904 წლის 2 (ახალი სტილით 15) ივლისს გერმანიაში, კურორტ ბადენვაილერში გარდაიცვალა, დიდი რუსი მწერალი და დრამატურგი, ანტონ ჩეხოვი (Антон Павлович Чехов).

ფილტვები 10 წლის ასაკიდან აწუხებდა... სტუდენტობის პერიოდიდან უფრო გაუმძაფრდა დაავადება...

9 (ახალი სტილით 22) ივლისს მისი ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს და დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე...

დიდი მწერალი დაიბადა 1860 წლის 17 (ახალი სტილით 29) იანვარს, რუსეთის იმპერიაში, ტაგანროგში.

1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, 1884 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1880-იანი წლებიდან აქვეყნებდა თავის ნაწარმოებებს სხვადასხვა გამოცემებში (იუმორისტული ჟურნალები: „სტრეკოზა“, „ბუდილნიკი“, „ზრიტელი“, „ოსკოლკი“) ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით. მისი მოთხრობების პირველი კრებული „მელპომენეს ზღაპრები“ გამოვიდა 1884 წელს, „ჭრელი მოთხრობები“ 1886 წელს. 

1890 წელს ანტონ ჩეხოვმა იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცა წიგნში "კუნძული სახალინი" (1893-1894), ცალკე წიგნად გამოიცა 1895 წელს.

სახალონზე გამგზავრებამ გაუმაფრა დაავადება. 1890-1900 რამდენჯერმე იმოგზაურა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

1892 მან მოსკოვის მახლობლად, სოფელ მელიხოვოში, შეიძინა მამული და იქ დასახლდა. დიდი მწერალი დაუახლოვდა გლეხებს და ყოველნაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ანტონ ჩეხოვმა 1888 წელს და 1900 წელს ორჯერ იმოგზაურა საქართველოში, მეორედ მხატვარ ვასნეცოვთან ერთად. ის პოპულარული იყო ჩვენთან. 1890-იან წლებში ქართული ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები: "ივანოვი" და "დათვი" (1891), 1903 წელს გადმოითარგმნა პიესა "ძია ვანია", 1905 წელს "ალუბლის ბაღი"...

1902 ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსის წოდება ჩამოართვა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.

როგორც ვთქვით, ანტონ ჩეხოვი გარდაიცვალა 1904 წელს, 44 წლის ასაკში.

დიდ მწერალს უყვარდა უბრალო ხალხი და განიცდიდა მათ გაჭივებულ მდგომარეობას. დასცინოდა მონური ფსიქოლოგიის ადამიანებს, თუმცა, ისინიც ეცოდებოდა...

 „იცით, როგორ უნდა წეროთ, რომ მოთხრობა კარგი გამოვიდეს? მოთხრობაში არაფერი ზედმეტი არ უნდა იყოს. ყველაფერი ისე უნდა იყოს გამოზომილი, როგორც სამხედრო გემზეა ხოლმე. არაფერი იქ ზედმეტი არ არის, აი, მოთხრობაც ასე უნდა იწერებოდეს“. - ამბობდა ჩეხოვი.

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს ჩეხოვის შესანიშნავი მოთხრობა „მსუქანი და გამხდარი“ (თარგმნა პ. წერეთელმა). დღეს გავიხსენოთ მისი ნაწარმოები „ამოუცნობი ნატურა“, რომელიც თარგმნა ზაალ გოზალიშვილმა.

ამოუცნობი ნატურა

(თარგმნა ზაალ გოზალიშვილმა)                                                                                                                                                                    

პირველი კლასის კუპე.

შინდისფერი ხავერდით გადაკრულ დივანზე მიმზიდველი ქალბატონი მოკალათებულა. ძვირფასი, ფოჩიანი მარაო ხელში ნერვიულად ჩაუბღუჯავს. ლამაზი, პატარა ცხვირი პენსნეს ვერ აკავებს, პენსნე დროდადრო ქვემოთ ვარდება.

მოხდენილი გულსაბნევი ეშხიან მკერდზე ზემოთ - ქვემოთ ადის-ჩადის... ქალი აღელვებულია.

დივანზე მის წინ საგანგებო დავალებათა საგუბერნატორო ჩინოვნიკი, ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ზის, რომელიც ქალაქის უწყებებში პატარა მოთხრობებს, ან როგორც თვითონ უწოდებს - ნოველებს აქვეყნებს. მოთხრობები მაღალი წრის წარმომადგენელთა ცხოვრებას ეხება. მწერალი ქალს დაჟინებით შესცქერის თვალებში, აკვირდება, სწავლობს, ცდილობს ჩაწვდეს მის ექსცენტრიულ, ამოუცნობ ნატურას.

- მე მესმის თქვენი! - ამბობს საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი და ხელზე კოცნის ქალს - თქვენი მგრძნობიარე სული გამოსავალს ეძებს ამ ლაბირინთიდან. ეს მძიმე, დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ ... გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ გაიმარჯვებთ, დიახ!

- დაწერეთ ჩემზე, ვოლდემარ! - ეუბნება ქალი და ნაღვლიანად იღიმება - ჩემი ცხოვრება ისე სავსე, მრავალფეროვანი, ისე ჭრელია, მაგრამ... უბედური ვარ! მოუყევით ჩემს შესახებ ქვეყანას, ვოლდემარ, აჩვენეთ ჩემი სული, ჩემი საბრალო სული! თქვენ ფსიქოლოგი ხართ.

ერთი საათიც არ გასულა, რაც ერთად ვართ და უკვე ბოლომდე ჩაწვდით ჩემს არსებას!

- ილაპარაკეთ, გემუდარებით, ილაპარაკეთ!

- მისმინეთ. მე ღარიბი ჩინოვნიკის ოჯახში დავიბადე. მამა გულკეთილი, ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ...დრო, გარემოებები  vous comprenez? საბრალო მამას არ ვადანაშაულებ. იგი სვამდა, თამაშობდა, ქრთამს იღებდა ... დედა კი, აჰ, რა უნდა ვთქვა?! გაჭირვება, ბრძოლა ლუკმა-პურისათვის, საკუთარი არარაობის შეგრძნება. თვითონ უნდა გამეკვლია გზა. მახინჯი, ცუდი საინსტიტუტო აღზრდა, სულელური რომანების კითხვა, ახალგაზრდული შეცდომები, პირველი შიშნარევი სიყვარული, გარემოებებთან ბრძოლა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უიმედობა... საშინელებაა! ნუ მაიძულებთ ყველაფერი გავიხსენო! თქვენ მწერალი ხართ და გვიცნობთ ჩვენ, ქალებს, თქვენ გამიგებთ.

საუბედუროდ, მე დიდსულოვანი ადამიანი ვარ... ბედნიერებას, ბედს ველოდი, მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი, ამაში ვხედავდი ჩემს დანიშნულებას!

- საოცრება! - ჩურჩულებს მწერალი და ხელზე კოცნის - თქვენ კი არა, ადამიანის ტანჯვა-წამებას ვკოცნი! გახსოვთ რასკოლნიკოვი? ის ასე კოცნიდა.

- ო, ვოლდემარ! მე მინდოდა სახელი, ხმაური, ბრწყინვალება. რაღაც არაჩვეულებრივი  მწყუროდა. და, აი, სრულიად შემთხვევით მდიდარ, მოხუც გენერალს შევხვდი. გამიგეთ, ვოლდემარ! ეს იყო თვითშეწირვა, უარის თქმა ყველაფერზე, გესმით! სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი... ჩემმა ოჯახმა ამოისუნთქა, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება...

როგორ ვეწამე, როგორი აუტანელი იყო გენერლის ყოველი მოკარება! თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ თავის დროზე ის მამაცურად იბრძოდა. იყო წუთები, საშინელი წუთები!.. მაგრამ მამხნევებდა აზრი, რომ მოხუცი დღეს თუ ხვალ მოკვდებოდა, რომ დავიწყებდი ცხოვრებას ისე, როგორც მინდოდა, საყვარელ ადამიანთან ვიქნებოდი... ჩემს ცხოვრებაში არის ასეთი ადამიანი, ვოლდემარ, ღმერთმანი, არის!

ქალი გამალებით ინიავებს მარაოს, საცაა ატირდება.

- და აი, მოხუცი გარდაიცვალა, ქონებაც დამიტოვა. ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ, ახლა ბედნიერებაც შესაძლებელია, ასე არ არის ვოლდემარ? ბედი კარს მომადგა, მაგრამ ... არა! მისმინეთ, გაფიცებთ, მისმინეთ, ვოლდემარ! ახლა უკვე შემიძლია ვიყო საყვარელ ადამიანთან, გავხდე მისი მეგობარი, მისი იდეალების მატარებელი, დავისვენო  ბოლოს და ბოლოს!.. მაგრამ ცხოვრება სასტიკი და ულმობელია, სისულელეა ყველაფერი, ვოლდემარ! მე უბედური ვარ, უბედური, უბედური! ჩემს წინაშე ისევ დიდი წინააღმდეგობაა! ვგრძნობ, რომ ბედნიერება ისევ შორსაა, შორს! აჰ, რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯები,როგორ!

- კი,მაგრამ, რა?! რა გიშლით ხელს ბედნიერი იყოთ? გევედრებით, მითხარით, რა?!

- სხვა მდიდარი მოხუცი...

...დამტვრეული მარაო ქალის ლამაზ სახეს ფარავს. მწერალმა  ამოიოხრა და საქმის მცოდნე ფსიქოლოგივით  ჩაფიქრდა.

... ლოკომოტივი ქშინავს და უსტვენს, ჩამავალი მზის სხივები ფანჯრის ფარდებს წითლად ფერავს.