ანტიოქია

  08:59:32     23-07-2012

ანტიოქია, მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესაყართან. შედგება სხვადასხვა ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთის ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (IV-V საუკუნეები), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVIII საუკუნეები). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთ კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი – ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.
ეკლესია დარბაზულია (7,9 X 4 მ). შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, კარიბჭიდან აქვს. აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. აფსიდის მხრის ძირში, სამხრეთით და სარკმლის წირთხლში, ჩრდილოეთით, ჩასმული ორნამენტიანი ფრაგმენტები გვიანდელია. აფსიდის ჩრდილოეთ მხართან შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ერთი სარკმელია (გვიანდელი). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – პილასტრს. ნალისებრი სატრიუმფო თაღი ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, ხოლო სამხრეთით – კონსოლზე. აფსიდის მხარს ამ ადგილას სამხრეთის კედლის თაღიც ეყრდნობა. სამხრეთი კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი შუაში ოთხკუთხა ბოძს ემყარება.
ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას (აღმოსავლეთით სუბსტრუქციაა). აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. შემორჩენილია გვიანდელი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესია გადახურულია ცალფერდა სახურავით.
ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული (5,2 X 4,67 მ) ორსართულიანი კარიბჭე. შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით. აქ ორმაგი თაღი (აღმოსავლეთისა ამოშენებულია) შუაში ჯვაროვანი გეგმის ბოძს ეყრდნობა, არაწესიერი ფორმის ცილინდრული კამარის სამი საბჯენი თაღი კი კონსოლებს; კედლები შელესილია. დასავლეთის კედლის სარკმელი ამოქოლილია. ფასადები დასრულებულია ორმაგლილვიანი ლავგარდნით.
კარიბჭის მეორე სართულისგან (სათავდაცვო კოშკისგან) შემორჩენილია სათოფურებიანი კედლების მცირე ნაწილი.
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.
ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი, მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ქვაქვიშის ბერძნულენოვანმა წარწერამ.
XX საუკუნუს 90-იან წლებში, შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), შემოიზღუდა ეზო და აიგო საცხოვრებელი სახლი.
2002 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმიდის ტაძარი გადაეცა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. ამავე წელს, მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) და მოძღვრის, არქიამნდრიტ მიქაელის (გაბრიჭიძე) ძალისხმევით, დაფუძნდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერი.

www.orthodoxy.ge