
რატომ გადარიცხა ივანიშვილმა ბიუჯეტში 10 მილიონი?
13:24:56     21-07-2012
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რამდენად „უანგარო ქველმოქმედი“ და „ხალხზე მზრუნველი პოლიტიკოსია“, გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც ცნობილია, კახეთს სტიქია დაატყდა თავს, რის შედეგადაც სახელმწიფომ ასეულ მილიონობით ლარის ზარალი ნახა. განადგურდა სასოფლო–სამეურნეო ნათესები, მოსახლეობა საცხოვრებლების გარეშე დარჩა...
მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორ ოპერატიულად და ეფექტურად შეძლო რეაგირება ქვეყნის ხელისუფლებამ. პირველ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები წარმატებით შესრულდა და როგორც პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, კახეთის დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება ყველანაირად დაუდგება გვერდით და მდგომარეობას შეუმსუბუქებს...
თუმცა, ამ სიტუაციაში გუშინ „საინტერესო დეტალი“ გამოერია. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მასზე დაკისრებული ჯარიმის ნაწილს, 10 მილიონ ლარს გადაიხდის და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ამ თანხით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება სურს. მეტიც, ივანიშვილი, რამდენიმე განაცხადებს, რომ დაკისრებულ ჯარიმას სრულად გადაიხდის...
მილიარდერის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენის რეალურ სახეს, რომელიც ხალხის უბედურებას საკუთარი ინტერესებისათვის იყენებს.
ივანიშვილმა დღემდე კატეგორიულად არ აღიარა საკუთარი დანაშაული და კანონისადმი დამორჩილებაზე უარი განაცხადა. ბოლო დრომდე კი ჯიუტად უარს ამბობდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული კანონიერი ჯარიმის გადახდაზე.
თუმცა, ოლიგარქის გაჯიუტებამ დიდხანს არ გასტანა, მას წინასაარჩევნოდ ქართუ ბანკი ძალიან სჭირდება და აი, სტიქიამ მილიარდერს სწორედ რომ სულზე მოუსწრო...
გუშინდელი განცხადებით, მილიარდერს, როგორც ჩანს, ორი კურდღლის დაჭერის იმედი აქვს: ერთი, იმისა, რომ ისე გადაიხადოს ჯარიმა, საკუთარი უკანონობა და უკანდახევა რომ არ აღიაროს და მეორე, ამ კანონიერად გადასახდელი ჯარიმის მიზეზი იმგვარად შეფუთოს, რომ დაზარალებული მოსახლეობა მოიმადლიეროს...
თუმცა, ხალხი არც ისე ბნელია, როგორც ოლიგარქს და მის ფულზე დახარბებულ „მეოცნებეებს“ ეჩვენებათ და ყველაფერი ზედაპირზე სარკესავით ჩანს.
ივანიშვილი ჯარიმის ნაწილს არა ხალხისთვის, არამედ ბანკი ქართუს დასაბრუნებლად იხდის. მას არა ხალხის ბედი, არამედ საკუთარი, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაყადაღებული ბიზნესი ადარდებს, რის გამოც, იგი რამდენიმე დღეში "მზად იქნება" ჯარიმა სრულად გადაიხადოს და ეს "ხალხის დახმარების" მითით შეფუთოს.
ამ ნაბიჯით კი კიდევ ერთხელ დავინახეთ ივანიშვილის მორალურ–ზნეობრივი სახე და მისი დამოკიდებულება ქვეყნის, კანონისა და ხალხისადმი... ის ხალხის ბედით ურცხვად ვაჭრობს...