ერნესტ ჰემინგუეის დაბადების დღისადმი

  12:50:29     21-07-2012

1899 წლის 21 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატში, ჩიკაგოს გარეუბნის პატარა დაბა ოუქ პარკში (Oak Park) დაიბადა დიდი ჰემინგუეი, საკაცობრიო მასშტაბისა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროზაიკოსი და ადამიანი. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1954).

ამაღელვებელი და ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია. მამა კლარენს ედმონდს ჰემინგუეი ექიმი იყო, ფსიქიატრი, დედა, გრეის-ჰოლ ჰემინგუეი მუსიკოსი გახლდათ, უაღრესად მორწმუნე ადამიანი, რომელმაც პატარაობიდანვე შეაჩვია ბიბლიის კითხვას. მისი მშობლები განათლებულნი და საკმაოდ პატივსაცემი პიროვნებები იყვნენ.

სკოლაში კარგად სწავლობდა. ის და მისი და უკრავდნენ სკოლის ორკესტრში. თავის ნაწერებს აქვეყნებდნენ სკოლის გაზეთში. მომავალი მწერალი გატაცებული იყო სპორტით. უყვარდა კრივი, ფეხბურთი, წყალბურთი, თხილამურებით სრიალი...

ერნესტ ჰემინგუეის თავის თავზე წერს: „თექვსმეტი წლისა იყო მწერალი, როცა საკუთარი შრომით დაიწყო ლუკმაპურის მოპოვება. იყო დღიური მუშა, მოჯამაგირე, ოფიციანტი, რესტორანში ჭურჭლის მრეცხავი, კრივის მწვრთნელ-ასისტენტი (როცა რომელიმე მოკრივე ცოცხალ სხეულზე მოიწადინებდა წვრთნას), იყო რეპორტიორიც, ხოლო 1926 წლიდან მწერლობით დაიწყო სახსრების მოპოვება. ბავშვობიდანვე ნადირობითა და თევზაობით იყო გატაცებული. უფრო ნაკლები დრო რომ დაეთმო ამ საქმეებისათვის, აგრეთვე თხილამურებისა, მდინარის სპორტისა და ხარების ბრძოლისათვის, მაშინ ალბათ მეტსაც დაწერდა. თუმცა, იქნებ ტყვიაც ეკრა მაშინ შუბლში. ყველა საქმიანობაზე უფრო (გარდა მწერლისა) კითხვა უყვარს და ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როცა კარგ რამეს დაწერს. ბედი მუდამ წყალობდა ცხოვრებაში, და იმედი აქვს, რომ არც მომავალში უმტყუნებს".

დიდი მწერალი საკუთარი სურვილით მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ერთი ყუმბარისაგან ორასზე მეტი ჭრილობა მიიღო...

როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ამერიკელი და საერთოდ, ნებისმიერი ნამდვილი ადამიანი, სწორედ ისეთი იყო ჰემინგუეი - მშვიდობის მოყვარე, სამართლიანობის მოყვარე, დიდი ჰუმანისტი, უტეხი და მამაცი ადამიანი, ადამიანებისა და იდეალებისათვის თავგანწირული...

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობები: “ბანალური ამბავი”, “ბერიკაცი ხიდთან”, “ძალიან მოკლე ამბავი”, “ინდიელების სოფელი”, „კატა წვიმაში“ (ნინო ქაჯაიას თარგმანი). დღეს მკითხველს ვთავაზობთ დიდი ამერიკელის ამავე ნაწარმოებს, თარგმნილს ლიკა თაბუკაშვილის მიერ. მომავალში სხვა თარგმანებსაც შემოგთავაზებთ.

კატა წვიმაში

(თარგმნა ლიკა თაბუკაშვილმა)

სასტუმროში მხოლოდ ორი ამერიკელი ცხოვრობდა. ისინი არავის იცნობდნენ, იმათაც კი ვინც ყოველ დღე ოთახში ასვლა-ჩამოსვლის დროს კიბეებზე ხვდებოდათ. მათი ოთახი მეორე სართულზე იყო, ფანჯარა კი პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა.

ფანჯრიდან კიდევ  ომში დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული  ბაღი მოჩანდა, რომელიც მაღალი პალმებითა და მწვანე სკამებით იყო სავსე.

კარგ ამინდში აქ ყოველთვის შეხვდებოდით მხატვარს მოლბერტით ხელში. მხატვრებს ყოველთვის ხიბლავთ ასეთი გარემო, ბაღები, პალმები და სასტუმროს ნათელი ფერის ფასადები, ფანჯრებიდან ხედი პირდაპირ ზღვაზე რომ იშლება. იტალიელები შორიდანაც კი ჩამოდიოდნენ ამ მემორიალის სანახავად, რომელიც ბრინჯაოსგან იყო დამზადებული და წვიმაში ისე ბრწყინავდა თვალს ვერ მოსწყვეტდით. წვიმდა. წვეთები პალმის ფოთლებიდან ძირს ვარდებოდნენ და ხრეშიან გზებზე გუბეებად გროვდებოდნენ. ტალღები განუწყვეტლივ ეჯახებოდნენ ნაპირს, მერე ისევ უკან ჩასრიალდებოდნენ რომ ხელახლა აზვირთებულიყვნენ და შეჯახებოდნენ თვალუწვდენელ ხაზად გაშლილ სანაპიროს. ომში დაღუპულთა მემორიალის მოედანზე წვიმის გამო არც ავტომობილები ჩანდა სადმე , არც ადამიანები, მხოლოდ საპირისპირო მხარეს, კაფეტერიის კართან მოჩანდა ოფიციანტი, რომელიც  დაცარიელებულ მოედანს თვალს არ აშორებდა.

ამერიკელის ცოლი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა, როცა უცებ, ზუსტად მისი ფანჯრის ქვეშ, მწავნე მაგიდას კატამ შეაფარა თავი და  ისე მოკლათდა რომ არ დასველებულიყო.

- ქვევით ჩავალ და კატას ამოვიყვან - თქვა ქალმა.

- მე ამოგიყვან - შესთავაზა ქმარმა, რომელიც იქვე საწოლზე იწვა.

- არა, არა მეთვითონ.

საწყალი ფისო მაგიდის ქვეშ შეძვრა რომ არ დასველდეს.

ქმარს ორივე ბალიში თავქვეშ ამოედო და ნახევრად წამოწოლილი კითხვას განაგრძობდა.

- არ დასველდე - მიაძახა ცოლს.

ქალი კიბეებს ჩაუყვა და როდესაც მისაღები ოთახი გაიარა სასტუმროს მეპატრონე, მაღალი, მოხუცი კაცი, თავის დაკვრით მიესალმა. მისი მაგიდა მისაღები ოთახის შორეულ კუთხეში იდგა.
 
- Il piove (1) - თქვა ქალმა, მას მოსწონდა სასტუმროს მეპატრონე.

- Si, si, Signora, brutto tempo(2). დიახ, ქალბატონო, ძალიან ცუდი ამინდია.

სასტუმროს მეპატრონე თავის მაგიდასთან იდგა,  ბნელი ოთახის შორეულ კუთხეში.

ამერიკელის ცოლს მოსწონდს ის, მოსწონდა როგორი საშინელი და უჩვეულო სერიოზულობით ისმენდა ხოლმე სასტუმროს მეპატრონე საჩივრებს.

ქალს მოსწონდა მისი ღირსეული შესახედაობა, მოსწონდა როგორ ცდილობდა ესიამოვნებინა მისთვის. და საერთოდაც, მოსწონდა მისი, როგორც სასტუმროს მეპატრონის მდგომარეობა. მოსწონდა მისი ხნიერი, მაგრამ ფართო სახე და დიდრონი ხელები.

ქალი ამ ფიქრებში იყო გართული, როცა კარი გამოაღო და გარეთ გაიხედა.

უფრო მაგრად წვიმდა.დაცარიელებული მოედნიდან ვიღაც კაფეტერიისკენ მიდიოდა.

კატა სადღაც იქვე, მარჯვენა მხარეს უნდა ყოფილიყო. ქალი ზღურბლთან იდგა და ფარდულის ქვეშ აპირებდა გავლას როცა მოულოდნელად მის ზურგსუკან ვიღაცამ ქოლგა გაშალა. ეს სწორედ ის  მსახური ქალი იყო, ვინც ყოველდღე მათ ოთახს ალაგებდა.

- რომ არ დასველდეთ - უთხრა იტალიურად და თავაზიანად გაუღიმა ქალბატონს. რა თქმა უნდა, ის სასტუმროს მეპატრონემ გამოაგზავნა.

ქალმა ხრეშიანი ბილიკი გაიარა და მსახურთან ერთად, რომელიც უკან ქოლგით მოყვებოდა, ზუსტად თავისი ფანჯრის ქვეშ გაჩერდა. მაგიდაც იქვე იყო, ხასხასა მწვანე და სველი, მაგრამ კატა იქ აღარ დახვდა. მსახურმა ქალს შეხედა, მის სახეზე იმედგაცრუება ადვილი შესამჩნევი იყო.

- Ha perduto qualque cosa, Signora? (3)

-  აქ კატა იყო - უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.

- კატა?

- Si, il gatto (4).

- კატა - მსახურმა სიცილი ვერ შეიკავა - კატა წვიმაში?

- დიახ - უპასუხა ქალმა - აქ, ზუსტად ამ მაგიდის ქვეშ.

ოჰ, როგორ მინდოდა... მე ხომ ასე ძალიან მინდოდა კატა მყოლოდ.

როცა ქალი ინგლისურად დაიწყებდა ლაპარაკს მსახურის სახეზე მაშინვე შეამჩნევდით დაძაბულობას.

 

- წამობრძანდით, ქალბატონო. სჯობს უკან დავბრუნდეთ თორემ დასველდებით.

- რა გაეწყობა, დავბრუნდეთ.

უკან იმავე ხრეშით მოფენილი ბილიკით დაბრუნდნენ. მსახური ქოლგის დასაკეცად კართან შეყოვნდა. როდესაც ამერიკელის ცოლმა მისაღები ოთახი გაიარა სასტუმროს მფლობელი ისევ მიესალმა თავისი მაგიდიდან. რაღაც ნათელი გრძნობა ჩაიღვარა ქალში. ამ კაცის თანდასწრებით ქალი თავს პატარა, უსუსურ, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვან პიროვნებად გრძნობდა.

წამიერად თავი ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანადაც კი იგრძნო. ქალი კიბეს აუყვა და თავისი ოთახის კარი შეაღო.

ჯორჯი ისევ ისე იწვა და კითხულობდა.

- ამოიყვანე კატა? - წიგნი გვერდით გადადო და ცოლს შეხედა.

- იქ აღარ იყო.

- ნეტავ სად უნდა წასულიყო? - თქვა მან, თან კითხვისგან დაღლილ თვალებს ასვენებდა.

ქალი იქვე საწოლზე ჩამოჯდა და ნაღვლიანად განაგრძო,

- არადა როგორ მინდოდა, არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ  ძალიან მინდოდა ეს საბრალო კატა. ცოდოა წვიმაში საწყალი ფისო.

ჯორჯმა ისევ წიგნის კითხვა განაგრძო.

ქალი წამოდგა, სარკეს მიუჯდა და თავისი თავი გულდასმით შეათვალიერა.

ჯერ ყურადღებით დააკვირდა თავის პროფილს, ჯერ ერთი,  შემდეგ მეორე მხრიდან. შემდეგ ანფასს და ბოლოს კისერს.

- ხომ არ ფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ თმებს გავიზრდიდი?  - კითხა ქალმა, ისე რომ სარკეში თავისი პროფილისთვის თვალი არ მოუშორებია

ჯორჯმა ქალის კისერს შეხედა და მოკლედ, ბიჭურად შეჭრილი თმები დაინახა.

- მე მომწონს ასე, როგრც ახლა გაქვს.

- მე უკვე მომბეზრდა, მომწყინდა ასე ბიჭივით რომ გამოვიყურები.

ჯორჯი გადაბრუნდა, რაც ქალს ესაუბრებოდა მისთვის თვალი არ მოუშორებია.

- დღეს ძალიან ლამაზი ხარ - უთხრა ცოლს.

ქალი სარკეს მოსწყდა, ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა.

უკვე ბინდდებოდა.

- მინდა რომ თმები ჩამოვისწორო, მაგრად შევიკრა უკან და დიდი ბანტი გავიკეთო - განაგრძო ქალმა - კიდევ მინდა რომ კნუტი მყავდეს, და როცა მუხლებზე დავიწვენ და მოვეფერები კრუტუნი დაიწყოს.

- ჰოო? - საწოლიდან გამოეხმაურა ჯორჯი.

- და მინდა ჩემს მაგიდასთან ვსაუზმობდე, ჩემივე ვერცხლის დანა-ჩანგლით და სანთლებიც მინდა რომ ენთოს. მინდა გაზაფხული იყოს და თმებს ვივარცხნიდე სარკის წინ, კიდევ კნუტი მინდა  და რამდენიმე ახალი კაბაც.

- გაჩუმდი და რამე წაიკითხე - უთხრა ჯორჯმა და კითხვა განაგრძო.

მისი  ცოლი კი ჩუმად იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა. უკვე ბნელოდა, პალმებთან ისევ ხმაურობდა წვიმა .

- და მაინც, მინდა კატა. კატა მინდა გესმის? ახლავე. თუ არ შეიძლება რომ გრძელი თმები მქონდეს, კატა ხომ შეიძლება რომ მყავდეს?

ჯორჯი არ უსმენდა, ის თავის წიგნს კითხულობდა. მისი ცოლი ისევ ფანჯარასთან იდგა, ბაღში ნელ-ნელა ერთი მეორის მიყოლებით ინთებოდა ლამპიონები.

ვიღაცამ კარზე დააკაკუნა.

- Avanti (5) - გასძახა ჯორჯმა და წამიერად მოსწყდა წიგნს.

კართან მსახური ქალი  იდგა. მჭიდროდ ყავდა ტანზე მიკრული დიდი კოპლებიანი კატა, რომელიც, როგორც ჩანს, მძიმე უნდა ყოფილიყო.

- უკაცრავად ბატონო - მოიბოდიშა მსახურმა - სასტუმროს მეპატრონემ მიბრძანა ეს კატა ქალბატონისთვის მომეყვანა.

 -------
1)     Il piove  -  წვიმს (იტალ.)

2)     si, si, Signora, brutto tempo - დიახ, ქალბატონო, ძალიან ცუდი ამინდია.(იტალ.)

3)     Ha perduto qualque cosa, Signora? - რამე დაკარგეთ ქალბატონო?(იტალ.)

4)     si, il gatto - დიახ, კატა.(იტალ.)

5)     Avanti - მობრძანდით.(იტალ.)