რუსები უკრაინაში, უკრაინელებს, უკრაინულად საუბრისთვის სცემენ

  08:53:23     21-07-2012

ოდესაში, ოდესელები - უკრაინელები, რუსებმა იმის გამო სცემეს, რომ უკრაინულად ლაპარაკობდნენ. ამის შესახებ  პარტიათა ბლოკის - ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვა დეპუტატი და უკრაინული ენის დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი ოლეს დონიი Facebook-ში წერს.

მას შემდეგ, რაც უკრაინის მმართველი პარტიის ინიციატივით რადაში რუსული ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებისათვის კანონპროექტი შევიდა, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზად იქცა, რუსულენოვანი მოსახლეობა წახალისებულია და უკრაინის ზოგ რაიონებში უკრაინულად საუბარზე უკვე აგრესიით რეაგირებს.

დეპუტატი ასკვნის, რომ ოდესაში, რუსული ნაციონალიზმი, რომელსაც რეგიონების პარტია უწევს პროპაგანდას,  უკვე რუსულ ნეონაციზმში გადადის. „რუსული ნაციონალიზმი, ეს არის ყოველმხრივი მხარდაჭერა რუსული ენისა, რუსული კულტურისა და რუსეთისა, როგორც სახელმწიფოსი. უკრაინაში რუსული ნაციონალიზმის წინსვლა ხდება უკრაინული ენისა და კულტურის შეზღუდვის ხარჯზე. უკრაინული ენის შეზღუდვაზე კი სპეციალიზაციას გადიან ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“ - წერს დუნიი.

ინტერნეტში იწერება, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს, რომ ისინი რუსები არიან, რომ არ არსებობს არც უკრაინული ენა და ეს ცუდი რუსულია მხოლოდ.
„საბედნიეროდ, რუსული ნეონაციზმი, გერმანული ნაციზმის მსგავსად, ჯერ გაზის კამერებამდე არ მისულა, მაგრამ ფიზიკური ანგარიშსწორება სახეზეა და ამის ყველა მეტად გამოვლინება ოდესაში ხდება “ - ამბობს დეპუტატი.

მაგალითად, ადამიანს, რომელიც ტრადიციულად საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის ზღაპრების კითხვის საღამოებს მართავს ხოლმე, რასაკვირველია, უკრაინულ ენაზე, ოდესაში ამის საშუალება არ მისცეს. კლუბში, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, წინა დღეს სპორტული აღნაგობის მამაკაცები მივიდნენ და კლუბის ხელმძღვანელობა კატეგორიულად გააფრთხილეს - თუ საღამო ჩატარდებოდა, კლუბს დაწვავდნენ. ამის შესახებ განცხადება მილიციაშიც დაიწერა, მაგრამ განცხადება რეაგირების გარეშე დევს, რუსი ნაციონალისტები კი ახლა ქუჩა-ქუჩა დადიან და უკრაინელებს უკრაინაში უკრაინულად საუბარს უშლიან.

ამასთან, უკრაინული მედიით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთთან მიერთება ან სულაც, დამოუკიდებლობა სურს. ეს განცხადება სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე სოციოლოგ ევგენი კოპატკომ გააკეთა. რა კვლევებს ატარებენ ყირიმში არავინ იცის. მრგვალი მაგიდა, სადაც ამ გამოკითხვის მონაცემებზე მსჯელობდნენ, ჟურნალისტებისათვის დახურული იყო, თუმცაღა მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აღშფოთებულმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ კორნილოვმა გაავრცელა.

„კოპატკომ საინტერესო ციფრები მოიყვანა. პირველ რიგში იმაზე, რად წარმოუდგენიათ თავი ყირიმელებს? 48,4%-ს ყირიმელად, 22,5%-ს უკრაინის მოქალაქედ, 32,4 %-ს რუსეთთან შეერთება სურს, 19, 5%-ს რუსეთ-ბელორუსის კავშირში გაერთიანება, 11%-ს კი ყირიმის დამოუკიდებლობა. მხოლოდ 4 % ემხრობა ყირიმის უკრაინის ოლქად გარდაქმნას“ - წერს პოლიტოლოგი.

იმავდროულად, ცოტა ხნის წინ, რუსულ საიტებზე გავრცელებულ „ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე“ დონბასი, სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილი და ყირიმი რუსეთის საზღვრებშია მოქცეული.

ამას ემატება ისიც, რომ ყირიმის ავტონომიის პრემიერ-მინისტრის ანატოლი მოგილევის დავალებით შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა ორ თვეში საკონსტიტუციო ასამბლეას უნდა წარუდგინოს წინადადება, რომლის თანახმადაც ყირიმის კონსტიტუცია უკრაინის კონსტიტუციას უნდა გაუტოლდეს, რაც ოპოზიციის თქმით ყირიმის, ფაქტობრივად, უკრაინის შემადგენლობიდან გასვლას ნიშნავს.