ანქვაბი გალელთა დასჯასა და მათ იძულებით გარუსება–გააფხაზებას გეგმავს

  17:02:55     20-07-2012

კრემლის მარიონეტ, ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებით, აფხაზეთში რუსული ენის განვითარებასთან დაკავშრებით არსანაირი პრობლემა არ დგას და არც იქნება, მაგრამ არსებობს პრობლემები აფხაზური ენის შესწავლასთან დაკავშირებით.

მთავარ სოხუმელ მარიონეტს მიაჩნია, რომ აფხაზურ ენასთან დაკავშირებით ნაკლები მსჯელობა და მეტი საქმის კეთებაა საჭირო. „ოჯახებში საჭიროა, აფხაზურ ენაზე საუბარი, ბავშვები პატარაობიდანვე უნდა ისმენდნენ მშობლიურ ენას“, – თქვა მან.

მარიონეტთა ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „აფსნიპრესის“ გადმოცემით, აფხაზური ენის შესწავლის საქმეში, ალექსანდრე ანქვაბი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ასევე ტელევიზიას, საბავშვო ბაღებს, ლამაზ და ინფორმაციულ საბავშვო ლიტერატურას.

როგორც ამავე სააგენტოდან ვიგებთ, ალექსანდრე ანქვაბს უღიარებია, რომ არც ჩინოვნიკებმა იციან აფხაზური ენა. სხვათა შორის, თავად ალექსანდრე ანქვაბსაც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს აფხაზური ენის არცოდნის გამო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, რადგან მან აფხაზურ ენაში კომისიის წინაშე გამოცდა ვერ ჩააბარა. არც მაგის მერე შემატებია ანქვაბის აფხაზურ მარაგს რამე, მაგრამ ამჯერად სახელმწიფო კომისია გააუქმეს და ისიც ჯერ კანდიდატად დარეგისტრირდა, ხოლო შემდეგ კრემლის ხელდასმით „გაპრეზიდენტდა“ კიდეც.

„პრობლემა არსებობს, მაგრამ არ შეიძლება იგი რეპრესიული ღონისძიებებით გადაიჭრას და ენის უცოდინარი სპეციალისტები  ამის გამო სამსახურში არ მივიღოთ. უნდა შეიქმნას პირობები, რომ მსურველებს შეეძლოთ აფხაზურის შესწავლა“, – თქვა მან.

მართალია, ალექსანდრ ზოლოტნისკოვიჩი ერთს ამბობს, მაგრამ მეორეს აკეთებს. როგორც საქმეში ჩახედულნი ირწმუნებიან, ანქვაბის აფხაზურ ენაზე „ზრუნვა“ გამოწვეულია ქართულენოვან გალის რაიონზე რეპრესიების მოწყობის მიზნით.

როგორც ცნობილია, გალის რაიონში აფხაზებს არასოდეს უცხოვრიათ და ცხადია აქ აფხაზური არავინ იცოდა და, მით უმეტეს, ოკუპაციის შემდეგ აფხაზური რაიონებიდან იქ ჩასულთა გარდა  არც ახლა იცის ვინმემ. მართალია, სკოლებშიც იძულების წესით აფხაზურის სწავლება პროგრამებში შეტანილია, მაგრამ გალელები აფხაზურის შესწავლით მაინც და მაინც თავს არ იკლავენ. თუმცა, სურვილის შემთხვეაშიც არაფერი გამოუვიდოდათ, რადგან ის ჩასულმა აფხაზებმა, ვინც აფხაზურის მასწავლებლებად გაამწესეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, თავად არ იციან აფხაზური და სწავლების მეთოდიკის ცოდნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ექსპერტთა მოსაზრებით, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, ანქვაბს გადაწყვეტილი აქვს გალის რაინის იძულებითი აფხაზიზაცია და რუსიფიკაცია, რადგანაც იქ ქართული სკოლები ოფიციალურად აკრძალულია. რაც შეეხება ქართულ ენაზე ურთიერთობას, აფხაზების თანდასწრებიც ესეც კარგა ხანია ადგილობრივ მოსახლეობას აკრძალული აქვს და ქართული სიტყვის წარმოთქმის გამო მათ სასტიკად სჯიან. მოსახლეობას უნერგავენ, თქვენ ქართველები კი არა მეგრელები ხართ და მეგრულად რამდენიც გნებავთ ისაუბრეთ, ოღონდ ქართული არ გაგვაგონოთ, თორემ დაგსჯითო. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ამას არ ეგუება და ქართველი მასწავლებლები ცდილობენ ბავშვებს მშობლიურ ენაზე მიაღებინონ განათლება.

ახლა იმავე ექსპერტთა ცნობით, ანქვაბის განკარგულებით კონკრეტული პროგრამა მზადდება აფხაზური ენის შესწავლის მიზნით.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი გალელ ქართველთა დასასჯელად რომ კეთდება, ამაზე მიანიშნებს თუნდაც ის, რომ ანქვაბმა ისაუბრა კონკრეტულად გალის რაიონში რუსული და აფხაზური ენების შემსწავლელი ცენტრის გახსნის შესახებ. ასე რომ, მალე გალის რაიონში ამ კუთხით, ალბათ დამსჯელი ორგანოებიც ამოქმედდებიან.