მოსკოვი შიშმა მოიცვა: რადიკალი ისლამისტები ცენტრალურ რუსეთსაც დაღესტნად აქცევენ (ვიდეო)

  14:56:38     20-07-2012

ასეთ დასკვნას აკეთებენ ექსპერტები გუშინ თათრეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომლებიც რესპუბლიკის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

ყაზანში თათრეთის მუფთის ილდუს ხაზრატ ფაიზოვის განადგურების მცდელობა ჩაიშალა, თუმცა მოკლეს მისი მოადგილე - ვალიულუ იაკუპოვი. ფაიზოვის ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის ერთ-ერთ რადიოსადგურში მიდიოდა და საჭესთან თავად იჯდა. ის მხოლოდ დაშავდა. სწორედ იმ მომენტშივე, თუმცაღა სხვა ადგილზე, ესროლეს იაკუპოვსაც, რომელმაც ძლივს მიაღწია საკუთარ მანქანამდე და ადგილზევე გარდაიცვალა.

ორივე რელიგური მოღვაწე რესპუბლიკაში ცნობილები არიან, როგორც ექსტრემიზმთან და რადიკალიზმთან აქტიურად მებრძოლები. ტერაქტებმა და მკვლელობების მოტივმა რუსეთში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც ითქვა, უმაღლეს სასულიერო პირებზე რადიკალური ისლამის მიმდევრებმა იძიეს შური. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებენ ტრადიციული ისლამის კურსს გადაუხვიონ, თუმცა, ყველა ხვდება, რომ გუშინდელი ფაქტი აშკარად საშიში გამოწვევა იყო. ხელისუფლება მომხდარს ვაჰაბიტების მიერ ორგანიზებულად განიხილავს. რუსეთის მუფთების საბჭოს ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ როგორც წესი, მსგავსი მოვლენები, მუსულმანებში, აღიქმება, როგორც „ძალიან საშიში“.

სამართალდამცველებს უკვე ჰყავთ ოთხი დაკავებული. ისინი რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან. მათ შორისაა კომპანია „იდელ-ხაჯის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ გატაულინიც, რომელიც მექაში მომლოცველების საქმიანობას უწევს ორგანიზებას.

გამოძიებამ უკვე დაადასტურა, რომ ტერაქტების მოტივი იდეოლოგიური დაპირისპირება იყო, რადგან რესპუბლიკის სულიერ ლიდერად ფაიზოვის არჩევის შემდეგ მან მკაცრი პოზიცია დაიკავა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ისლამის რადიკალურ მიმდინარეობას ქადაგებდნენ. მანვე კონტროლზე აიყვანა „იდელ-ხაჯის“ ფულადი სახსრები, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ფაიზოვს დაემუქრა კიდეც.

რუსეთში დასკვნებს აკეთებენ: ტრადიციული ისლამის მიმდევრებთან ვაჰაბიტების ბრძოლის მეთოდი ფიზიკური ლიკვიდაციაა. ეს დაღესტნის მაგალითზე იციან და ასეთი შემთხვევები ჩრდილოეთ კავკასიაში არაერთი ყოფილა. „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ  თათრეთში ვაჰაბიტური გავლენა მას შემდეგ ძლიერდება, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“  ლიდერმა დოკუ უმაროვმა თანამებრძოლებს მოუწოდა გადასახლდნენ ვოლგისპირეთში, რათა ბრძოლაში ჩააბან ადგილობრივი მუსულმანებიც, რომ საბოლოოდ, ეს ტერიტორიები კავკასიის ემირატების პროვინცია „იდეულ-ურალად“ აქციონ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ყაზანის ძალიან ბევრ მეჩეთში ძლიერი პოზიციები აქვთ ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც შეიარაღებულ, ექსტრემისტულ იატაკქვეშეთთან არიან დაკავშირებულები. ვლადიმერ პუტინმა ყაზანში მომხდარის გამოსაძიებლად „ფსბ“-ს მობილიზება უკვე ბრძანა.

ვიდეო