
სეპარატისტები, გალში შეიარაღებულ ფორმირებებს ჩააყენებენ
10:33:34     20-07-2012
გალის რაიონში უკვე შექმნილია სპეციალური შტაბი, რომელიც “საქართველოს მხრიდან დივერსიებზე” მოახდენს რეაგირებას. ამის შესახებ განცხადება მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შტაბის უფროსად უკვე დანიშნულია უშიშროების სამსახურის რეგიონალური განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს, მის შმადგენლობაში კი ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები შევლენ.
ბოლო პერიოდში სოხუმი ხშირად საუბრობს გალის რაიონში „თბილისის მიერ შექმნილ დაძაბულობაზე“. ამ საუბრებს დროში დაემთხვა რუსი გენერლების გახშირებული ვიზიტები აფხაზეთში. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, გენერალი რაშიდ ნურგალიევი, სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა გასული თვის მანძილზე აფხაზეთში და მისი დაინტერესების ობიექტი სწორედ გალის რაიონი იყო. ოფიციალურად ნურგალიევის ვიზიტების მიზნად „მეგობარი სახელმწიფოს“ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაცნობა დასახელდა, თუმცა როგორც აფხაზი ექსპერტი ინალ ხაშიგი ამბობს, რუსი გენერლის ვიზიტის არაოფიციალური მიზეზი, მისი გალში ჩასვლა და იქ განთავსებული რუსი მესაზღვრეების მონახულება უსაფრთხოების თემას უკავშირდებოდა. ხაშიგმა უსაფრთხოებაზე ასეთი ზრუნვა სოჭის ოლიმპიადას დაუკავშირა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ნურგალიევის ჩასვლის შემდეგ, რომელიც კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ძალოვნების უფროსად დანიშნა, „საზღვარზე“ მდგომი რუსი მესაზღვრეების მოქმედებებში ცვლილებები მოხდებოდა.
ცვლილებები უკვე სახეზეა. სოხუმი მოსკოვის მითითებით გალში მილიტარიზაციას აძლიერებს და იქ არათუ ერთ, არამედ ორ ახალ შეიარაღებულ ფორმირებას, უფრო კულტურული სახელწოდებით „შტაბსა“ და „ცენტრს“ ქმნის. ანქვაბის თქმით, ზემოაღნიშნული სპეციალური შტაბის გარდა გალის რაიონში მუდმივად იქნება დისლოცირებული სპცდანიშნულების ცენტრი, რომლის რიცხოვნობაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება. ამ სიახლის დაანონსების პარალელურად ანქვაბმა საუბარი დაიწყო თბილისისათვის გასაცემ „ადექვატურ“ პასუხზე, რომლისთვისაც ეს „ცენტრი“ იქნება მზად.
„ეს ბრძოლისუნარიანი, კარგად მომზადებული, მძლავრი ქვედანაყოფია, რომელიც მზად იქნება რეაგირება მოახდინოს ბევრ გამოწვევაზე ქართული მხარის მხრიდან. სიტუაცია გალის რაიონში ყოველთვის რთული იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი მეზობლები ენგურს გაღმიდან ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ იქ (გალში) კვლავ ცუდად იყოს საქმე. და ყველა აქცია, რომელიც სასაზღვრო რაიონში ხდება, ადრევე იყო დაგეგმილი და არაფერი შემთხვევითი იქ არ მომხდრა. ეს არის აქციები დასაშინებლად, რომ ეშინოდეს ხელისუფლებასაც და ხალხსაც. ჩვენი საპასუხო ზომები ადექვატურია. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა გალის რაიონში ვატარებთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და მათ სარგებელი მოაქვს“ - განაცხადა ანქვაბმა.
ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები იმაში გამოიხატება, რომ გალის რაიონში ცოტა ხნის წინ სეპარატსიტებმა მორიგი რეიდი დაიწყეს. გალის შს განყოფილების ხელმძღვანელის ლოურენს კოღონიაა თქმით, „ჩვენ შევუდექით პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით - ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შემთხვევების გახშირების გამო. ასევე მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან სავარაუდო ტერაქტების შესახებ. ვამოწმებთ მოქალაქეთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და იმას, ნამდვილად ცხოვრობენ თუ არა ისინი რაიონში“ - განაცხადა კოღონიამ.
ანქვაბმა „საქართველოსთან საზღვრის“ დაცვის ახალ ტექნიკურ სიახლეებზეც ისაუბრა და განაცხადა ეს უახლესი ტექნიკური და ელექტროაღჭურვილობით მოხდება, „საზღვრის“ მთელს პერიმეტრზე კი რამდენიმე ოფიციალური „გამშვები პუნქტი“ მოეწყობა, განსაკუთრებით, გალის რაიონის ქვედა ზონაში, სადაც სასაზღვრო შემადგენლობა და მებაჟეები განთავსდებიან, რომლებიც მგზავრთა გადაადგილებას დადგენილი წესის თანახმად უზრუნველყოფენ. ყველა სხვა გადასასვლელი, რომელსაც მოსახლეობა ადრე იყენებდა გალიდან ზუგდიდის რაიონში გადასასვლელად, კანონგარეშედ გამოცხადდება და იქ დაკავებულ ადამიანებზე ადმინისტრაციული სასჯელი გავრცელდება.