არგვიცი
07:45:42     20-07-2012
სოფელი არგვიცი მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, ცხინვალიდან 4 კილომეტრის მანძილზე.
ღვთისმშობლის ეკლესია ნაგებია მოწითალო ფერის, სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია რიყის ქვით, კუთხეებში გამოყენებულია თლილი ქვაც. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კამარა ცილინდრულია. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთის შესასვლელი თაღოვანია. ინტერიერი შელესილია, ხოლო იატაკი - მიწური. ეკლესიის კარნიზი მარტივპროფილიანია. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.